Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან ღლონტი - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი


11 აგვისტო, კვირა
დილით, შვიდ საათზე, ჯაბა ბერიძემ დამირეკა. გამახსენა, რომ შუამთობის დღესასწაულზე უნდა წავსულიყავით ბეშუმში. დილით გაღვიძება ყოველთვის დაუძლეველი სირთულე იყო ჩემთვის. სირთულე, რომელიც აღაშფოთებდა მთელს ოჯახს. ჩემები ფიქრობდნენ, რომ თუ დილით არ ადგება კაცი, იგი უდარდელია და, შესაბამისად, ოჯახი საფრთხეშია. ანასტასიას დაბადების შემდეგ დილით გაღვიძება უკვე ყოველდღიურობაა და მეც „სიამოვნებით“ ვდგები ადრე და, ოჯახის კოლექტიური ლოგიკით, აღარ ვარ „უდარდელი“. თურმე გაღვიძებასაც კი მოტივაცია ჭირდება და ზარიდან რამდენიმე წუთში ჯაბას ვხვდები.

გზად ბეშუმისკენ ვსაუბრობთ ჩვენი კუთხის ხალხისათვის დამახასიათებელ სტუმართმოყვარეობაზე, აჭარის მაღალმთიანეთის ტკივილიან წარსულზე... მოკლედ, ყველაფერზე. გაგვყავს დრო და ვავსებთ პაუზებს, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და ვინც ხშირად მგზავრობს, ეს კარგად იცის.

მომქანცველი გზის შემდეგ, როგორც იქნა, ავედით ბეშუმში. აქ სრული „ფოიერვერკი“ დაგვხვდა: ახალი და ძველი მთავრობა, ძველი და ახალი კოორდინატორები, ძველი კოორდინატორები ახალი, გამარჯვებული პარტიის მაისურებით... მოკლედ, კოჰაბიტაციას აქაც ამოუღწევია და ეს ყველაფერი უინტერესოა. საინტერესოა ხალხი და მისი ტრადიცია: სახალხო ზეიმი, დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი... ეს ყველაფერი იყო და, კოჰაბიტაციისაგან განსხვავებით, ეს იყო ძალიან ბუნებრივი.

შუამთობაზე ყველა ჩინოვნიკი ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო პრემიერ ივანიშვილთან. უფრო ახლო მდგომი მოშორებით მდგომს ნიშნისმოგებით გადახედავდა: სად შენ და სად მეო! ასე „უახლოვდებოდნენ“ პრემიერს და შორდებოდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტად ერთამენეთს ხომ ზუსტად მაშინ ვშორდებით, როცა გადიდკაცების სურვილი გვიპყრობს, განსაკუთრებით სხვათა ხარჯზე. მიუხედავად ჩემი სტატუსისა, მეგობრებთან ერთად შორიდან ვადევნებდი თვალყურს ჩინოვნიკთა ამ ფერხულს და მინდოდა, იქ რიგითი მოქალაქეების გარდა არავინ ყოფილიყო: მათ უფრო მეტი ჰქონდათ პრემიერისთვის სათქმელი და უფრო გულწრფელებიც იყვნენ, ვიდრე ჩინოვნიკთა მთელი ამალა.

12 აგვისტო, ორშაბათი
დილით მირეკავს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და, როგორც უმაღლესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრს, მთხოვს ინტერვიუს თემაზე: ახალგაზრდები პოლიტიკაში. გზად დიდი ხნის მეგობარს, კობა ჩხეიძეს შევუარე და, როგორც კი უმაღლესი საბჭოს შენობისკენ დავიძარით, მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ სერიოზულ ავარიაში მოვყევით. პირველი ემოცია ასეთი იყო: გადავხედეთ ერთმანეთს და „მომხვდურ“ ავტომობილს, ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ. შემდეგ ყველაფერი პროცედურის მიხედვით იყო, საპატრულო ეკიპაჟები, ბევრი მოხალისე, უფრო მეტი ცნობისმოყვარე და ჩემი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ბათუმის საპატრულო სამსახურის უფროსმა ზრდილობიანად გამაცნო.

ავარიის მიუხედავად, ჟურნალისტი მაინც ვნახე, ინტერვიუც მივეცი, თუმცა დავაყვედრე: თქვენ გამო ასეთი რამ მოგვივიდა-მეთქი. ყველაზე საინტერესო მისი შეკითხვა იყო: უმაღლესი საბჭოს კუთვნილი მანქანა რომ გემსახურებათ, ზარალს ვინ აანაზღაურებსო?! ასეთ დროს როცა მაინც ხარჯებზე ფიქრობ, ეს უკვე პროფესიული დოგმატიკაა, მაგრამ სადღაც მისიც მესმის: თითქმის ახალი თემა იშოვა! მაგრამ დღეს რაღაცაში მეც ხომ უნდა გამმართლებოდა და ხარჯებს დაზღვევა აანაზღაურებს - არ დამიზარალებია ჩვენი კუთხის ბიუჯეტი.

13 აგვისტო, სამშაბათი
ბათუმი პატარა ქალაქია და გუშინდელი ავარიის ამბავი ყველამ გაიგო. მირეკავენ და ვუხსნი, რომ კარგად ვართ. გუშინ ჩემს მეუღლეს და დედაჩემს ერთსაათიანი სატელეფონო გარჩევა ჰქონდათ ფიცის თანხლებით, რომ ნამდვილად კარგად ვიყავი. ჩემი მეუღლე, რუსა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია და თბილისში მუშაობს. შვებულება უკვე მიიღო და ბათუმში ვგეგმავდით უახლოეს დღეებში ანასტასიას ჩამოყვანას, მაგრამ ავარიის გამო გეგმებში მცირედი კორექტივები შევიტანეთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

სამეგობრო (ამ ხალხს შეიძლება თანამოაზრეებიც და თანამებრძოლებიც ვუწოდო) საღამოს პრესკაფეში ვიკრიბებით. თემა არის ჩემი ინიციატივა, აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია. ეს ინიციატივა დიდი ვნებათაღელვით, მაგრამ მაინც გავიტანე სხდომაზე და მას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მიხარია, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, ჩემი ინიცირებით გაკეთდა. ახლა ვიგებთ, რომ დედაქალაქის ჩარევით შეიძლება საკითხმა მცირედი კორექტირება განიცადოს. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მეგობრების ნაწილი მარწმუნებს, რომ შინაარსის უცვლელად ფორმისა და სტრუქტურის ცვლილებას არ მივუდგე კატეგორიულობით. საწყენია, რომ დეპუტატების ნაწილი, - მათ შორის საქართველოს პარლამენტში - საკითხს კოალიციის შოიგნით პოლიტიკური ბალანსის კუთხით უყურებენ და ნაკლებად აღიქვამენ მის შინაარსს, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთები ცოტანი არიან და იმედი მაქვს, კომისიას პირვანდელი სახით მივიღებთ. ორი თვე ვამზადებდი ამ საკითხს, ბევრი შრომა ჩავდეთ და სრულად შევცვალეთ უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა უკეთესობისკენ. არ ვარ მზად, უაპელაციოდ მივიღო შენიშვნები. ვაპირებ, პრინციპულად დავიცვა საკითხი ბოლომდე, თან ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც უკვე შევასრულე და მოქალაქეებსაც გავაცანი, ასე რომ, არგუმენტები მაქვს. ვნახოთ...

14 აგვისტო, ოთხშაბათი
დილას ვიწყებ სოციალური ქსელის თვალიერებით. ერთ-ერთი მეგობრის „კედელზე“ ვეცნობი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ გამართულ დისკუსიას, რომელსაც რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი ეხმიანება. ახლა რასაც დავწერ, ალბათ აქტიური პოლიტიკოსი, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები და პასუხიმგებლობა აქვს აღებული გუნდურ თამაშზე, არ უნდა წერდეს, მაგრამ დღიურების მთელი ხიბლი გულწრფელობა მგონია. ამის გარეშე გამოვა სტერილური ტექსტი და ამიტომ ვწერ ზუსტად იმას, რასაც ვფიქრობ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა უკიდურესად დაბალი კლასის პოლიტიკური სპექტრია. ჩვენი ლიდერების უმრავლესობა ვერ უწევს კონკურენციას მეზობელი ქვეყნების ლიდერებს და მათი ერთადერთი ასპარეზი ქვეყნის შიგნით თვითდამკვიდრების მიზნით გამართული, ხშირ შემთხვევაში, არაპატიოსანი კონკურენციით წარმოებული დაპირისპირებებია. პრემიერის ფიგურაში ისინი ხედავენ გარანტს, იყვნენ მმართველ ძალასთან ასოცირებულნი და დაცულნი. ეს პატერნალიზმის ერთგვარი გამოვლინებაა. ზრუნვას ავალდებულებენ ერთ კაცს - ყველაზე და ყველაფერზე. ითხოვენ, დარჩეს პოლიტიკაში. არგუმენტებს, რომ ჯერ ნაადრევია პოლიტიკიდან წასვლა, ალბათ მოჰყვება არგუმენტები, რომ ჯერ შენება არ დამთავრებულა და ასე დაუსრულებლად. პრობლემებს რა დალევს...

ჩემი აზრით, რეალობა სხვაგვარია. უმრავლესობას, უბრალოდ, ეშინია პასუხისმგებლობის აღებისა. შიში ყოველთვის რწმენის ნაკლებობით არის გამოწვეული და ამ შემთხვევაში შიშს ზუსტადაც რომ პოლიტიკური კლასის დაბალი დონე განაპირობებს.

არის სხვა გარემოებაც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მისივე მიზანმიმართული მუშაობით, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი სრულიად გაღარიბდა როგორც მატერიალურად, ისე ინტელექტუალურად. ეს იყო უდიდესი დანაშაული საზოგადოების წინაშე, რადგან გაღარიბებულ ოპოზიციურ სპექტრს, რომლის დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია, გაუჩნდა უამრავი კომპლექსი და შიში. ერთ-ერთი მთავარი შიში არის წარსულში დაბრუნების შიში, ანუ მდგომარეობაში, როცა შეიძლება ისევ გახდე ოპოზიციონერი და ისევ წარუმატებლობასთან იყო ასოცირებული. ბევრ მათგანს დღესაც არ აქვს ზუსტად გათავისებული, რომ პროგრესული მმართველი ძალის მთავარი ნიშანი არის რეფორმატორული სული და არა ის, რომ ეძებდე მუდმივად პატრონს და, როგორც „ატაჩმენტი“, მიეკრა ძლიერს და იფიქრო შენარჩუნებაზე. ეს რთულად დასაძლევი კომპლექსია და მასთან ბრძოლა ჩემს თაობას მოუწევს.

ვიცი, ახლა რასაც ვწერ, ბევრს არ მოეწონება, ბევრი საკუთარ თავს დაინახავს, მაგრამ ამას შეგნებულად ვწერ. იმასაც ვიტყვი, რომ ეს ყველას ნამდვილად არ ეხება. აი, თუ ვის არ ეხება, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, ისევე როგორც იმის თქმისგან, თუ კონკრეტულად ვის ეხება. ვისაც ეხება, ისინი იტყვიან, ძველი მთავრობის კრიტიკას მოვისმენდით დიდი სიამოვნებითო. ეს ათიათასჯერ მაქვს ალბათ გაკეთებული და ეს დაინტერესებულმა საზოგადოებამ იცის, თანაც წარსული აღარ მაინტერესებს, ის ჩემთვის მორჩა. გამარჯვებული გამოვედი იმ ბრძოლიდან და გამოვიტანე ცოდნა, ყველგან და ყოველთვის დავრჩე თავისუფალი.

15 აგვისტო, ხუთშაბათი
დღეს, დილაადრიან, ალექსანდრე სახელაშვილთან ერთად თბილისში წავედი, რუსას უნდა გავუაროთ, შემდეგ - ანასტასიას ბაკურიანში და ხვალ ბათუმში უნდა დავბრუნდეთ.

მოკლედ, სულ გზაში ვარ. არაფერი ისე არ გეხმარება დასკვნების გაკეთებაში, როგორც გზა. მოხეტიალე ბუნება სინამდვილეში სტაბილურობის მოთხოვნილებას აჩენს, სტაბილურობაზე ფიქრი გეხმარება, გაუფრთხილდე დროს და ურთიერთობებს და ა.შ. მოგზაურობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რომ საშუალება გეძლევა, მეგზურის ნააზრევს მოუსმინო, ანუ მიიღო ალტერნატიული პოზიცია, განსხვავებული არგუმენტები. განსაკუთრებით, თუ საქმე გამოცდილ „ოპონენტთან“ გაქვს. ალექსანდრე ჩემი დიდი ხნის მეგობარია, სასულიერო სემინარიაში ჯგუფელები ვიყავით. არ მახსოვს საკითხი, რომელზეც დისკუსიის გარეშე შევთანხმებულიყავით, მაგრამ ისე საინტერესოდ გეპაექრება, ამაზე უკეთესსა და პროდუქტიულ დისკუსიას ვერ ინატრებ კაცი. იმედი მაქვს, მომავალი ქართული პოლიტკური სპექტრის ღირსეული წარმომადგენელი იქნება. ჩვეული დისკუსიით გავიარეთ ეს გზაც თბილისამდე.

16 აგვისტო, პარასკევი
მე და რუსა დილით ანასტასიას წამოსაყვანად წავედით ბაკურიანში. ყველაზე მეტად მასთან შეხვედრას ველოდებით, გვაინტერესებს მისი რეაქციები. ანასტასია იბნევა, არ იცის, რომელს მოგვეფეროს, არც ის იცის, რომელი უფრო მონატრებული ვყავართ და ენით აუწერელ სიყვარულს გამოხატავს ორივეს მიმართ. ბევრი შემიძლია დავწერო ტასოზე, მაგრამ არ ღირს: ყველა მშობელი გამიგებს, რისი თქმაც მინდა და იმასაც ყველა გამიგებს, რომ ვერასოდეს იტყვი შვილზე ისეთ სიტყვებს, რომლებიც სრულად ასახავდეს შენს სიყვარულს მისდამი.
მოკლედ დავწერ. ტასო, მამა, თუ ოდესმე ამ დღიურებს წაიკითხავ, იცოდე, ძალიან მადლიერი ვარ უფლის, რომ მყავხარ და ძალიან მიყვარხარ!

ბათუმში ჩამოვედით, როგორც იქნა, და ტასიკომ უკვე ჩემი მშობლების გახარებაც მოახერხა: ასეთი ბედნიერები ისინი არასოდეს მინახავს. მოკლედ, ანასტასია არის ჩვენი ოჯახის მთავარი თემა და ზრუნვის ობიექტი.

დღე ძალიან საინტერესოდ დავასრულე: 16 აგვისტო რუსას დაბადების დღეა. გვიან, მისი სურვილისამებრ, მარტონი მივდივართ ბათუმის ქუჩებში სახეტიალოდ. თუმცა, მარტო სეირნობით არ შემოვიფარგლე. მიუხედავად დაღლილობისა, მეც მქონდა ჩემი სიურპრიზი მისთვის: ბათუმის ყველაზე მაღალი შენობიდან, საიდანაც საუცხოოდ იშლება ჩემი საყვარელი ქალაქის ხედი, წითელი ღვინით ხელში კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს ჩვენი სიყვარულის ისტორია და სამომავლო პერსპექტივებიც დავსახეთ. ღვინოსთან ერთად ამ ყველაფერს მაინც სხვა ხიბლი აქვს!..

17 აგვისტო, შაბათი
დღეს ჩემი დღიურის ბოლო დღეა. პირველ საათზე ჩაწერა მაქვს რადიო თავისუფლებისათვის.

ერთი-ორჯერ მაინც გადავიკითხე, შევეცადე უცხო თვალით შემეხედა დღეებისთვის, რომლებიც აღვწერე. არაჩვეულებრივი არაფერი წერია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და, რაც მთავარია, ზუსტად ის წერია, რაც მოხდა და როგორც მოხდა. თუ არაჩვეულებრივი ამბებიც შემემთხვა ოდესმე, ალბათ დავწერ სხვა ფორმატით და სხვა დროს.
XS
SM
MD
LG