Accessibility links

logo-print

კანადელმა მევიოლინე კრის მაკჰულმა და გიტარისტმა კევინ ლალიბერტმა თანამშრომლობა 8 წლის წინ დაიწყეს. მუსიკოსების თქმით, ისინი ლეგენდარული დუეტის, ჯანგო რეინჰარდტისა და სტეფან გრაპელის, ერთობლივი შემოქმედების სიყვარულმა გააერთიანა - შესაბამისად, ბოშური მოტივებით გაჯერებული სვინგური ჯაზის დაკვრა დაიწყეს.

კანადელებმა ჯგუფს "Sultans of String" დაარქვეს და 2009 წელს გამოსცეს სადებიუტო დისკი "Yalla Yalla!", რომელიც "მსოფლიო მუსიკის" ჟანრში შესრულებული კლასიკური ალბომი გამოდგა. გარდა ბოშური აქცენტებისა, არტისტებმა ახლოაღმოსავლური ტრადიციული მოტივები გამოიყენეს. ამ მიმართულებით თავი მევიოლინემ გამოიჩინა, რომლის წინაპრები ლიბანიდან ბრძანდებოდნენ. ორიენტალურ თემებს ესპანური ფლამენკოც დაემატა, კუბური ცეცხლოვანი რიტმი და განწყობა კი დრამერმა ჩენდი ლეონმა და მოწვეულმა ლათინოამერიკელმა მესაყვირეებმა შემოიტანეს. საინტერესოა ისიც, რომ აკუსტიკური ჰარმონია კიდევ ორმა ინსტრუმენტმა - არაბულმა უდმა და ჩინურმა ერჰუმ - გაამდიდრა. დიახ, მუსიკოსებმა სხვადასხვა კულტურის ერთმანეთისთვის უცხო საკრავებს მოუყარეს თავი და მხატვრული თვალსაზრისით საუცხოო ხარისხი მიიღეს.

ალბომი "Yalla Yalla!" მეტწილად კრის მაკჰულისა და კევინ ლალიბერტის თხზულებებისგან შედგება - მაგალითად, "Sable Island", რომელიც არტისტების მშობლიურ მხარეში, კანადაში, "Gardens of Lebanon" - ლიბანში, ხოლო Travesia ლათინურ ამერიკაში გამოგზაურებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპოზიცია, სახელწოდებით "Gymnorumba", რომელიც არტისტებმა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორისა და პიანისტის, ერიკ სატის, ნაწარმოების მოტივებზე დაამუშავეს, ასევე პიტ ტაუნშენდის სიმღერის Pinball Wizard-ის არანჟირება.

კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ალბომი "Yalla Yalla!". მათი თქმით, თანამედროვე "მსოფლიო მუსიკის" ჟანრში ძალიან რთულია რამე ახალი თქვა, პროექტმა კი მსმენელის მოხიბლვა და ყურადღების მიქცევა მაინც მოახერხა.

2015 წელს გამოვიდა ჯგუფ "Sultans of String"-ის ახალი დისკი "Subcontinental Drift". თავად არტისტების აზრით, ალბომი საუკეთესო ნამუშევარია მათ შემოქმედებაში. პროექტმა მართლაც გაამართლა: "Subcontinental Drift"-ი "გრემის" პრემიის ნომინანტთა ნუსხაში მოხვდა.

თუ სადებიუტო ალბომი ფლამენკოსა და აღმოსავლური მუსიკის, ბოშური და ლათინოამერიკული მოტივების სინთეზი გახლდათ, "Subcontinental Drift"-მა მსმენელს ინდოეთში ამოაყოფინა თავი. ეს პაკისტანელი სიტარაზე დამკვრელის, ანვარ ხურშიდის, წყალობით მოხდა, რომლის საკრავის ბგერამაც განსაზღვრა კიდეც ალბომის აკუსტიკური კონცეფცია.

დისკიდან რამდენიმე საინტერესო კომპოზიციას გამოვყოფდი - მაგალითად, "Rakes of Mallow"-ს, რომელიც ძველი ირლანდიური ბალადა გახლავთ. ერთ დროს ბრიტანელი ჯარისკაცები ინდოეთში ღიღინებდნენ ხოლმე, ადგილობრივებმა კი მელოდია სიტარაზე გადაიტანეს. ასევე ყურადსაღებია თხზულება, სახელწოდებით "A Heart Does What It Does", სადაც პაკისტანელი ურდუზე მღერის. თუმცა დისკის ყველაზე გამორჩეული ტრეკია ბობ დილანის "Blowin’ In the Wind". მუსიკოსებმა ცნობილი სიმღერის ინტონაციები აღმოსავლურ ყაიდაზე მოაქციეს და თავდაყირა დააყენეს მისი რიტმული სტრუქტურაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG