Accessibility links

logo-print
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა აქციები გამართა პროგრამა summerjob-ის აღდგენის მოთხოვნით. თბილისში, განათლების სამინისტროს წინ, სტუდენტური გაერთიანება „ანტიპოდის“ წარმომადგენელი დაახლოებით 50 სტუდენტი განათლების სამინიტროსგან სტუდენტთა საზაფხულო პროგრამის გაგრძელებას მოითხოვდა. მათი სიტყვებით, პროგრამა პოლიტიკური პიარის ელემენტებისგან უნდა გათავისუფლდეს და მკაცრად გაკონტროლდეს სტუდენტთა მიერ შესრულებული სამუშაო. განათლების მინისტრი პროგრამის გაგრძელებას გამორიცხავს.

თორნიკე ჩიქოვანი, ილიას უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის გასამართად მხრებზე საქართველოს დროშაშემოხვეული მივიდა. თორნიკე ამბობს, რომ წინა წლებში ხელისუფლების მიერ კამპანიის სახით განხორციელებული სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამით ბევრმა სტუდენტმა ისარგებლა და ეს მათთვის, მატერიალური გასამრჯელოს ინტერესის გარდა, სამუშაო გამოცდილების მიღების რეალური საშუალებაც იყო. თორნიკე, სხვა სტუდენტების მსგავსად, ამბობს, რომ საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის მანამდე დამახასიათებელი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს და პროგრამა უნდა გაგრძელდეს:

„ვითხოვთ, რომ ეს ერთთვიანი სამუშაო, რომლითაც ვიღებთ სამუშაო გამოცდილებას, გაგრძელდეს. ბევრისთვის ეს პირველი სამუშაოც არის და სწავლობს მუშაობას, ეჩვევა და მომავალში ყველა სამსახურში მისაღებად, უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, საჭიროა რაღაც სამუშაო გამოცდილება და ხომ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება სტუდენტს“.

პირველკურსელი თორნიკე ჩიქოვანისგან განსხვავებით, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ირაკლი მაჩიტიძეს შარშან საზაფხული დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა. ირაკლის სიტყვებით, ერთი თვის განმავლობაში კომპანია „კოკა-კოლაში“ მუშაობდა, რითაც ძალიან კმაყოფილია, რადგან ანაზღაურებასთან ერთად სამუშაო გამოცდილებაც მიიღო. ამასთან, ირაკლის სიტყვებით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მსგავს კომპანიებში მუშაობის დაწყების საშუალება მას, როგორც სტუდენტს, არ მიეცემოდა, თუმცა ირაკლი იმ ხარვეზებსაც იხსენებს, რაც წინა წელს სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამას სდევდა თან:

მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ: ის ფორმა, ის გარყვნილი პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა წინა საარჩევნოდ, ამას ეს ხელისუფლება არ იკადრებს. ჩვენ შევეცდებით, რომ დავეხმაროთ უმაღლესებს, რომ დაასაქმონ სტუდენტები...
„შეიძლება კომპიუტერების სპეციალისტი მოხვედრილიყო ზეინკლის დამხმარის პოზიციაზე, ანუ ამ მხრივ არ გაკონტროლდა, რომელი სპეციალისტი სად მოხვდა. სხვა მხრივ, მე, მაგალითად, სადაც ვიყავი, იქ აღრიცხვა წარმოებდა, მივიდოდი თუ არა, მაგრამ, როგორც სხვებმა მითხრეს, მათ არ აღრიცხავდნენ, გამოცხადდებოდნენ თუ არა სამუშაოზე და ზოგი არც გამოცხადებულა და თანხა მაინც ჩაერიცხათ“.

გავიხსენოთ, რომ გასული წლის მარტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამა 25 ათას სტუდენტზე იყო გათვლილი და თითოეული სტუდენტისთის ერთთვიანი სამუშაოს გასამრჯელოდ 500 ლარს ითვალისწინებდა. მთლიანობაში, პროგრამის განხორციელება ბიუჯეტს დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაუჯდა. ამასთან, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პროექტის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბრობდა და მაშინდელ მმართველ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, წინასაარჩევნო შეფარულ კამპანიად უთვლიდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვლი საზაფხულო დასაქმების პროგრამის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს ერთხელ უკვე შეხვდა გასულ კვირას და განაცხადა, რომ მსგავსი პროგრამის განხორციელება შეუძლებელია, მისი არაეფექტიანობის გამო, და რომ ხელისუფლება თანხების სხვა მიმართულებით გადამისამართებას მიიჩნევს პრიორიტეტულად, მათ შორის, პედაგოგთა ხელფასების გასაზრდელად და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად.

განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას დღესაც უპასუხა და თქვა, რომ სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს სტუდენტებს:

„მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ: ის ფორმა, ის გარყვნილი პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა წინა საარჩევნოდ, ამას ეს ხელისუფლება არ იკადრებს. ჩვენ შევეცდებით, რომ დავეხმაროთ უმაღლესებს, რომ დაასაქმონ სტუდენტები; შევეცდებით, რომ დავეხმაროთ მათ შემოსავლის ძიებაში, მაგრამ არა იმ ფორმით, რომლითაც, ფაქტობრივად, ხდებოდა ამომრჩევლის მოსყდვა. ამას არ ვიკადრებთ“.

მათ ერთჯერადად მიიღეს რაღაც თანხა გარკვეული პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კი, ბატონო, ამ მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება...
წინა ხელისუფლების მიერ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც. ამასთან, მისი სიტყვებით, სახელმწიფოსა და ხელისუფლების საქმე არ არის სტუდენტთა დასაქმება. თუ კერძო ბიზნესს სჭირდება მუშახელი, ის თავად მიაგნებს მათ, ხელისუფლების კეთილი მიზნებით ჩარევისა და იძულების გარეშეც. პაატა შეშელიძის სიტყვებით, წინა წლებში განხორციელებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამისთვის ან თავად სახელმწიფო იხდიდა თანხას, ან ბიზნესს აიძულებდა გადაეხადა ისეთი მუშახელისთვის გასამრჯელო, რომელიც მას რეალურად არ სჭირდებოდა:

„ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ნონსენსი, თუ ადამიანს სჭირდება მუშახელის თავისით ქირაობა და ვიღაცის ხარჯზე აკეთებს ამას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს პროგრამა შეწყდება და საერთოდ მსგავს პროგრამებს წერტილი დაესმება“.

რეალურად გასულ წლებში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამით სარგებელი ნახა რამდენიმე ათასმა სტუდენტმა, ამბობს ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებში ციური ანთაძე. მისი სიტყვებით, პროგრამას სხვა პოზიტიური ეფექტი არ ჰქონია და, მით უფრო, არ მოგვარებულა დასაქმების, მათ შორის, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი:

„მათ ერთჯერადად მიიღეს რაღაც თანხა გარკვეული პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კი, ბატონო, ამ მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხისადმი“.

ციური ანთაძის სიტყვებით, თუ რეალურად არ განხორციელდა შრომის ბაზრის შესწავლა და ანალიზი იმისა, თუ რამდენად არსებობს მსგავსი ტიპის ძალაზე მოთხოვნა და საჭიროება, ერთჯერადად ხელოვნურად დასაქმების პროგრამას ეფექტი არ ექნება, მისი მიზანი იქნება მხოლოდ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის დაჯილდოება და არა ის, რომ სტუდენტმა ნამდვილი შრომითი გამოცდილება შეიძინოს და რეალური შრომის ანაზღაურება მიიღოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG