Accessibility links

რამდენად ხელმისაწვდომია საკვები საქართველოში? ერთი შეხედვით, ქვეყანაში სურსათის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ შიმშილობის შემთხვევები დროდადრო მაინც გვხვდება. ექსპერტების თქმით, საქართველო ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც აისახება ფასებზე და მნიშვნელოვნად ამცირებს საკვებისადმი ხელმისაწვდომობას.

დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდის, ოქსფამის მონაცემებით, მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფა სულ უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწას შეუძლია მთელი კაცობრიობა გამოკვებოს, ყოველი მეშვიდე ადამიანი მაინც შიმშილობს. განუხრელად იზრდება საკვების ფასები - ექსპერტთა მტკიცებით, მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასები არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი. დედამიწის მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტს სწორედ საკვების შესაძენად ხარჯავს. 2050 წლისთვის მსოფლიოს გამოსაკვებად 70 პროცენტით უფრო მეტი საკვები დაგვჭირდება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლის, ელენე რუსეცკის თქმით, მისი ორგანიზაცია ძირითადად დევნილ მოსახლეობასთან მუშაობს: „არის ისეთი დასახლებები, სადაც სხვადასხვა პროგრამები ნაკლებად ხელმისაწვდომია. ასეთ ადგილებში ვაწყდებით არასაკმარისი კვების ფაქტებს, რაც ბავშვების დაინვალიდებას იწვევს, მაგალითად სოფელ დოღლაურაში ბავშვები წყალზე, მარილზე და პურზე ჰყავდათ.“

როგორც ბიოლოგიურ მეცნიერებეთა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელი ელენე შატბერაშვილი ამბობს, სასურსათო უსაფრთხოება დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი წარმოების მოცულობაზე, ისე იმპორტზე და ამ პროცესების (ანუ წარმოებისა და იმპორტის) მდგრად მართვაზე, რის გარეშეც შესაძლებელია გაჩნდეს დეფიციტი.
აგრარულ სექტორში ჩვენ გვაქვს მინუსებიც და პლიუსებიც. ყოველ შემთხვევაში, ის ტენდენციები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეინიშნება, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ამ პრობლემას მოვერევით ...

„2010 წელს ხორბლის ცუდი მოსავალი იყო, ხორბლის იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში არის რუსეთი“, - გვეუბნება ელენე შატბერაშვილი. – „იმის გამო, რომ რუსეთს თავად სჭირდებოდა ხორბალი, იმპორტი შეაჩერა, ან შეიძლება ეს პოლიტიკური მომენტიც იყო. სანამ სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანდით, პურზე ფასები გაიზარდა, შესაბამისად, მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამ პროდუქტზე შემცირდა. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქტის 70 პროცენტი იმპორტია. ყველა სასურსათო პროდუქტს საქართველო ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ ყველაზე მთავარი პროდუქტების ადგილობრივი წარმოება მაინც გაზარდოს.“

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ომარ კაჭარავა ადასტურებს, რომ მარცვლოვანი კულტურების სფეროში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, თუმცა წინსვლა მაინც შეინიშნება:

„აგრარულ სექტორში ჩვენ გვაქვს მინუსებიც და პლიუსებიც. ყოველ შემთხვევაში, ის ტენდენციები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეინიშნება, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ამ პრობლემას მოვერევით. მარცვლოვანებიდან, პირველ რიგში, პურ-პროდუქტებს მინდა შევეხო, რადგან პურს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამბობენ, რომ საქართველოს შეუძლია ხორბლით მოსახლეობა დააკმაყოფილოს. არსებობენ ოპონენტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მცირემიწიან საქართველოში ჯობს სხვა კულტურები მოვიყვანოთ, ხორბალი კი იმპორტს დავუთმოთ. მაგრამ, სწორედ ის ფაქტი, რომ პურს აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, გვკარნახობს, რომ ჩვენ ხორბლის საკმარისი მარაგი უნდა გვქონდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად შევძელით მარაგის რაოდენობა გაგვეზარდა და ამჯერად საქართველოს ხორბლის რამდენიმეთვიანი მარაგი აქვს“, ამბობს კაჭარავა.

მთავარი პრობლემა, რის გამოც ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული, არის ის, რომ გლეხისთვის მცირე მეურნეობა მოგებიანი არ არის, ძვირია სასუქი, ტექნიკა... გარდა ამისა, ხშირად ჭირს მოწეული პროდუქციის რეალიზება. საქართველოში მოქმედებს 690 ათასზე მეტი მცირე მეურნეობა, რომელთა საშუალო ზომა 1-1,5 ჰექტარია.

გლეხისთვის მთავარი პრობლემა არის ტექნიკის არარსებობა, მე-15 საუკუნის პირობებში ვმუშაობთ, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. ძვირია საწვავი, თესლი, სასუქი. ბაზარში რომ ჩაიტან მოსავალს, იქ გადამყიდველს უნდა ჩააბარო ...

აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ივერი ახალბედაშვილს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს. „სურსათის უსაფრთხოებას უკავშირდება წვრილი გლეხური მეურნეობების გაერთიანების საკითხიც“, - გვითხრა მან. - „წვრილ მეურნეობებს აქვთ თესლის, მოსავლის რეალიზებისა და სხვა პრობლემები. გამოსავალი მათი გაერთიანებაა. ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამჯერად მუშაობს კანონპროექტზე ფერმერთა ჯგუფებისა და გაერთიანებების შეახებ. მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.“

გარდა მარცვლოვანი კულტურებისა, საქართველოში იმპორტის გზით შემოდის ბოსტნეულიც. ივერი ახალბედაშვილის თქმით, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ გლეხს მოსავლის შენახვის საშუალება არა აქვს, შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს, ხილი და ბოსტნეული შემოდგომაზევე გაყიდოს და თავიდან მოიშოროს. უკვე ზამთრისთვის იგივე პროდუქტი უკვე სხვა ქვეყნებიდან შემოდის. მისივე თქმით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი ცდილობს, ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის საცავები შექმნას.

„მე ერთ ჰექტარზე ბოსტნეული მომყავს, ერთზე - სიმინდი“, გვეუბნება ოთარ ლორთქიფანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოელი გლეხი. „გლეხისთვის მთავარი პრობლემა არის ტექნიკის არარსებობა, მე-15 საუკუნის პირობებში ვმუშაობთ, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. ძვირია საწვავი, თესლი, სასუქი. ბაზარში რომ ჩაიტან მოსავალს, იქ გადამყიდველს უნდა ჩააბარო. ფერმერისთვის დახმარება აუცილებელია, ტრაქტორი და სხვა ტექნიკა ძალიან ძვირი ღირს, რამდენიმე ფერმერი რომც გაერთიანდეს, მაინც ვერ იყიდის. მაგრამ გაერთიანება იმით არის კარგი, რომ საწვავის თუ სასუქის ფული ნაკლები დაიხარჯება. მაგალითად, ადრე ერთ გლეხს თუ მიჰქონდა ბაზარში თავისი მოსავალი, რამდენიმე წაიღებს ერთ ჯერზე. საცავების მოწყობაც ძალიან კარგია, საცავი რომ იყოს, თურქეთიდან კი არ შემოვიტანთ კიტრს და პომიდორს, ჩვენ თვითონ მოვიყვანთ საკმარისს.“

სურსათის უსაფრთხოებასთან ასევე დაკავშირებულია გლეხების ურთიერთკავშირის საკითხიც. ოქსფამის წარმომადგენელი ვახტანგ მშვიდობაძე ამბობს, რომ დღეს არსებული ინტერნეტტექნოლოგიები უწინდელთან შედარებით გაცილებით მეტ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ გლეხმა მისთვის სასურველი ინფორმაცია მოიძიოს ან გაავრცელოს. გლეხს შეუძლია რომელიმე პორტალზე დაწეროს, რა პროდუქტს აწარმოებს და რა ფასად, რაც მას კლიენტის მოძებნაში დაეხმარება. მისთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ინფორმაციის განთავსება მობილური ტელეფონის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG