Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუშილა რამანი


სუშილა რამანის ალბომის ყდა
სუშილა რამანის ალბომის ყდა

აღმოსავლური და დასავლური მუსიკალური ფორმების შერწყმაზე არაერთხელ მისაუბრია. დღესაც ამგვარ სინთეზზე მოგახსენებთ. ამჯერად - ინდური და ევროპული კულტურის დიალოგზე, სადაც სოულის, ბლუზის, იამაიკური რეგეის და, ასევე, არაბული და ლათინოამერიკული აქცენტებიც ისმის.

სუშილა რამანი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00
გადმოწერა

ამ მულტიკულტურული ფიუჟენის ავტორი წარმოშობით ინდოელი, ბრიტანეთში მცხოვრები არტისტი სუშილა რამანია.

სუშილა რამანი ლონდონში დაიბადა. საბაზისო განათლება პროფესიონალი მომღერალი დედისგან მიიღო, რომელიც ბავშვობიდანვე წვრთნიდა ინდურ ვოკალურ მეტყველებაში. მან ინდოეთშიც ისწავლა, სადაც სახელოვან ვოკალისტ შრიტი სადოლიკარის სკოლაში გაიღრმავა უნარ-ჩვევები. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ კი ჯერ პროექტ "Joi"-ს შეუერთდა, ხოლო მოგვიანებით აფრო-ბიტ ჯგუფის, "Tama"-ს, წევრი გახდა. ბენდის შემადგენლობაში შედიოდნენ გიტარისტი სემ მილსი, რომელიც, ამავე დროს, პიტერ გებრიელის ლეიბლის RealWorld-ის პროდიუსერიც იყო, და, ასევე, სტინგის პერკუსიონისტი არეფ დარვიში. "Tama" დასავლურ და აღმოსავლურ მუსიკალურ სივრცეებში ექსპერიმენტებით გახლდათ დაკავებული.

სუშილა რამანის სადებიუტო სოლო ალბომი 2001 წელს გამოიცა. "Salt Rain" არტისტის თამამი და წარმატებული პირველი ნაბიჯი გამოდგა "მსოფლიო მუსიკის" ჟანრში. ინდური, დასავლური, არაბული და ლათინოამერიკული მუსიკალური მოტივების სინთეზით შექმნილმა სიმღერებმა, მსმენელების გარდა, კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. დისკი პრესტიჟულ ჯილდოზე - Mercury Prize-ზე -წარადგინეს. მისი შემდეგი პროექტებიც ექსპერიმენტული ხასიათის გახლდათ - მაგალითად, 2006 წლის ალბომი "Music For Crocodiles", რომელიც "ბიბისის" პრემიაზე ეპაექრებოდა მალელი ალი ფარკა ტურეს, ალჟირელი სოუად მასისა და ტუნისელი დაფერ იუსეფის ნამუშევრებს.

ბრიტანელი არტისტის დისკოგრაფია სულ 6 სტუდიურ ალბომს მოიცავს. მათგან გამოვყოფდი ბოლო დისკს, სახელწოდებით "Queen Between. ალბომი 2014 წელს, პარალელურად ორ ლეიბლზე - ფრანგულ World Village-ისა და ინდური Time Music-ის სტუდიებში - ჩაიწერა. კრიტიკოსების თქმით, ამ ნამუშევრით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო სუშილა რამანის შემოქმედებაში. დიახ, "Queen Between" ძალიან განსხვავდება არტისტის წინა პროექტებისგან, პირველ რიგში, დიდებული ჟღერადობითა და უმაღლესი დონის ინსტრუმენტული შესრულებით. აკუსტიკურ მხარეზე ცნობილმა მუსიკოსებმა იზრუნეს - მაგალითად, ლეგენდარულმა დრამერმა ტონი ალენმა, ფრანგმა კომპოზიტორმა და ვიოლონჩელისტმა ვენსან სიგალმა და მულტიინსტრუმენტალისტმა კუტლე ჰანმა. ბუნებრივია, ამ ბატონების სახელებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ალბომისადმი ინტერესი და, შესაბამისად, მისი წარმატებაც, თუმცა თავად ვოკალისტის არცთუ მცირე წვლილიც საყურადღებოა. სუშილამ პირველად საკუთარ კარიერაში რამდენიმე ენაზე - ინგლისურად, ბენგალიურად, ურდუსა და ინდოეთის სამხრეთ შტატებში გავრცელებულ დრავიდულ ენაზე, ტამილურზე - იმღერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG