Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთი კვლავ საპროტესტო გამოსვლების იმედად


სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს საზოგადოების კრიტიკულ აზრს, გაურბის პროექტის საჯარო განხილვას და კანონის დარღვევით ლობირებს მშენებლობის დაწყებას. ვინ, როგორ და რატომ აპირებს ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერებას?

24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, კვლავ არ მივიდნენ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც 50-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის რესურსი ბოლომდე ამოიწურა. საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიკოსი ევგენი უშვერიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობასთან ხუდონჰესის პროექტის ავ-კარგზე მსჯელობას აზრი აღარ აქვს:

„აღარ უნდა ვილაპარაკოთ, ხუდონჰესი აშენდეს თუ არა. უნდა ვთქვათ, რომ ხუდონჰესი არ აშენდება! მორჩა და დამთავრდა! არავითარი ლაპარაკი ამაზე აღარ შეიძლება!“

ამ განცხადების ტონსა და შინაარსს სავსებით იზიარებენ გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ”გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ტერიტორიის დატბორვა ელექტროენერგიის ექსპორტის მიზნით:

„დავიჯერო ნორმალური იქნებოდა, ვინმეს რომ აღექვა ჩვეულებრივ ამბად მცხეთის კაშხლად გადაქცევა, რაც რეალურია ტექნიკური თვალსაზრისით? განმასხვავებელი მცხეთასა და ზემო სვანეთის ძეგლებს შორის არაფერია, თუ არა ის, რომ მცხეთას ოდესღაც ჰქონდა დედაქალაქის სტატუსი“.

ჭარბი ნალექი, ზვავები, ღვარცოფები, მეწყერი და ასე შემდეგ - ყოველივე ამას საკუთარ თავზე გრძნობს თითოეული მოსახლე. ამით რისი თქმა მინდა, თუკი ხაიშის თემი დათანხმდება, დანარჩენი მესტიის მოსახლეობა მაინც იქნება ამის კატეგორიული წინააღმდეგი...
კობა ჩოფლიანი
ზემო სვანეთს კი საფრთხეს უქმნის ენგურჰესის აშენების შედეგად ისედაც მომატებული ტენიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რასაც, როგორც სვანეთის მკვიდრი კობა ჩოფლიანი ამბობს, „საკუთარ თავზე გრძნობს“ ადგილზე მცხოვრები ხალხი.

„ჭარბი ნალექი, ზვავები, ღვარცოფები, მეწყერი და ასე შემდეგ - ყოველივე ამას საკუთარ თავზე გრძნობს თითოეული მოსახლე. ამით რისი თქმა მინდა, თუკი ხაიშის თემი დათანხმდება, დანარჩენი მესტიის მოსახლეობა მაინც იქნება ამის კატეგორიული წინააღმდეგი“, უთხრა კობა ჩოფლიანმა რადიო თავისუფლებას.

სვანეთის მოსახლეობისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის იმ განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, არსებობს ეჭვი, რომ ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უკან უცხო ქვეყნის ინტერესები დგას, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იღებს. 24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი წარმოადგენდა:

„ვერ გავიზიარებ იმ პათოსს, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს საპროტესტო გამოსვლები. მე მომხრე ვარ იმის, რომ მაგიდასთან შეკრებილებმა არგუმენტირებულად გავარჩიოთ. რაც შეეხება აშენებას, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის“.

თუმცა მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მთავრობას ხუდონჰესის აშენება გადაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, როგორც ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი ია თიკანაძე ამბობს, საჭიროა როგორც მთელი საზოგადოების, ასევე ზემო სვანეთის თემის მობილიზება:

„ჩვენ არაფერი დაგვრჩენია მეტი გარდა საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა. აშინებენ ხალხს, ცდილობენ მათ მოსყიდვას, შემიძლია თანხების დასახელებაც. მე პირადად არ მიღირს არც ერთი ამერიკული დოლარი, თუნდაც მილიარდი, თუ ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, სადაც სვანეთს დაემუქრება საშიშროება და საშიშროება ნამდვილად ემუქრება“.

ჩვენ ვაპირებთ აქციების გამართვას, სვანეთში ჩასვლას, სადაც მთელი მოსახლეობა გველოდება. მათთან ერთად გავმართავთ დიდ აქციებს. ხელი უნდა შევუშალოთ კატასტროფულად მოქმედი ე.წ. მაღლივი კაშხლების მშენებლობას, რომელიც იწვევს მოსახლეობის, ფლორისა და ეკოლოგიის განადგურებას...
მირონ ფირცხელანი
ემუქრება თუ არა სვანეთს ხუდონჰესის აშენებით საფრთხე? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ თბილისელებს მიმართა.

ქალის ხმა: „მთელი მსოფლიო გადასულია ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებაზე. ქარი, ეს დალოცვილი მზე და ასე შემდეგ. რაღა დროს ხუდონჰესია!“

კაცის ხმა: „გააჩნია როგორ გაკეთდება. თუ კომისიამ დაასკვნა, რომ ეკოლოგიას საფრთხე არ ემუქრება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება“.

ქალის ხმა: „შეიძლება ეკონომიკის თვალსაზრისით საჭირო იყოს, მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ეს ყველაფერი? ეს არის გასათვალისწინებელი, რათა შთამომავლობას არ დარჩეს მათი სახელი საწყევლად“.

სწორედ იმისათვის, რომ შთამომავლების საწყევლად არ გაუხდეს საქმე, 50 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს მთავრობას აქტიური დიალოგი აწარმოოს როგორც ზემო სვანეთის მოსახლეობასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ეკოლოგებთან და პროფესიონალ ენერგეტიკოსებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მირონ ფირცხელანი ამბობს, გარდაუვალი იქნება დაპირისპირება მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

„ჩვენ ვაპირებთ აქციების გამართვას, სვანეთში ჩასვლას, სადაც მთელი მოსახლეობა გველოდება. მათთან ერთად გავმართავთ დიდ აქციებს. ხელი უნდა შევუშალოთ კატასტროფულად მოქმედი ე.წ. მაღლივი კაშხლების მშენებლობას, რომელიც იწვევს მოსახლეობის, ფლორისა და ეკოლოგიის განადგურებას“, უთხრა მირონ ფირცხელანმა რადიო თავისუფლებას.

მირონ ფირცხელანის თქმით, საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო კანონმდებლობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG