Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი სომხებისათვის ალეპო აღარ არის უსაფრთხო ნავსაყუდელი


სირიიდან ერევანში დაბრუნებული ეთნიკური სომხები
სირიიდან ერევანში დაბრუნებული ეთნიკური სომხები
ეთნიკური სომხები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გაექცნენ, დაახლოებით ერთი საუკუნეა ცხოვრობენ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. სომეხ დევნილებს რამდენიმე ათწლეული დასჭირდათ, რათა ფეხზე დამდგარიყვნენ და ისეთ წარმატებულ უმცირესობად ქცეულიყვნენ, რომლის წარმომადგენლები ჩაბმულნი არიან ვაჭრობაში, განათლებაში, მედიცინასა და ხალიჩების წარმოებაში. მაგრამ მზარდი ძალადობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სომეხთა მომავალს ალეპოში, რომელიც ბევრმა ეთნიკურმა სომეხმა უკვე დატოვა.

ასატურ პაიასიანი 15 წლის იყო, როდესაც იძულებული გახდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი აინტაპი დაეტოვებინა და ფეხით ჩასულიყო სირიის ქალაქ ალეპოში. ასატურის თითქმის მთელი ოჯახი ამოხოცეს ოსმალეთის ჯარისკაცებმა 1915-1922 წლებში ანატოლიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციის დროს, რასაც ბევრი ისტორიკოსი სომეხთა გენოციდს უწოდებს. ასატურმა ალეპოში დაამთავრა სკოლა და არაფრისმქონე ლტოლვილი წარმატებულ ბიზნესმენად იქცა ცხენების მოშენების საქმეში. მიუხედავად სირიაში მიღწეული კეთილდღეობისა, ტრავმა, რომელიც ასატურმა ოსმალეთის იმპერიაში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის დროს მიიღო, მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა, - ამბობს ასატურის შვილი, ბიზნესმენი გევორგ პაიასიანი.

„მამას ყოველთვის ახსოვდა წინაპართა სახლი აინტაპში. იგი მიამბობდა ხოლმე როგორ გაექცა თურქ სამხედროებს და ჩამოვიდა სირიაში. თურქმა სამხედროებმა დახოცეს მისი ოჯახის წევრები, დედა და ნათესავები. მათი ოჯახიდან მხოლოდ მისი მამა და და გადარჩნენ.“

მაგრამ იმ დღეებიდან თითქმის საუკუნის შემდეგ, დევნილობაში ახლა უკვე ასატურის ვაჟიშვილი, გევორგი აღმოჩნდა, რომელიც 18 თვიანი დაპირისპირებისა და ძალადობის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა სირიის ქალაქი ალეპო, რომელმაც ოდესღაც მის მამას მშვიდობიანი თავშესაფარი შესთავაზა.
ბაშარ ალ ასადი მეგობრულად არის განწყობილი. მისი დამსახურება იყო, რომ ჩვენ თავისუფლად და კარგად ვცხოვრობდით სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ...
გევორგ პაიასიანი

სირიის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელსაც სამთავრობო ჯარების ავიაცია ხშირად ბომბავს ოპოზიციის განლაგებების გასანადგურებლად, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ათეულობით ქალაქის მცხოვრები დაიღუპა და დაიჭრა.

თავის გადასარჩენად ქალაქი ალეპო ათასობით ადამიანმა დატოვა. მათ შორის არიან ეთნიკური სომხები, რომლებმაც ლიბანსა და სომხეთს მიაშურეს და რომელთა მომავალი დღეს გაურკვეველია.

საკუთარი კომფორტული სახლი ალეპოში დატოვეს გევორგ პაიასიანმა და მისმა ცოლმა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად დროებით სომხეთში გადავიდნენ. გევორგი ამბობს, რომ კონფლიქტის ესკალაციამ და სუნიტი ექსტრემისტების გამარჯვების შემთხვევაში მათი მხრიდან შურისძიების შიშმა იგი აიძულა ალეპო დაეტოვებინა:

„ბაშარ ალ ასადი მეგობრულად არის განწყობილი. მისი დამსახურება იყო, რომ ჩვენ თავისუფლად და კარგად ვცხოვრობდით სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის. ასადი რომ არ ყოფილიყო, მუსლიმანი ისლამისტები საშინლად მოექცეოდნენ სომხებს. ამიტომაც დატოვა ბევრმა სომეხმა ალეპო.“

ალეპოში მცხოვრები ბევრი სომეხი მწარედ იხსენებს 1982 წლის ჰამას ტრაგედიას. მაშინ მუსლიმთა საძმოს წევრებმა, რომლებიც ბაშარ ალ ასადის მამის, ჰაფეზ ალ ასადის ბრძანებით, სუნიტი მუსლიმების დახოცვის ფაქტმა განარისხა, განურჩევლად დაიწყეს სომეხ სკოლის მოწაფეებზე თავდასხმები ქუჩებში.

მზარდმა ძალადობამ სირიაში საგონებელში ჩააგდო ძალიან ბევრი სომეხი, რომლებიც კარგავდნენ მხნეობას, როცა ხედავდნენ, თუ როგორ ტოვებდნენ სამოქალაქო ომში გახვეულ ქვეყანას ეგვიპტელი კოპტები და სხვა მოძმე ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლები.

გევორგ პაიასიანის ოჯახმა ალეპოდან მხოლოდ აუცილებლად საჭირო ნივთები წაიღო სომხეთში, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი უკან დაბრუნებას აპირებენ. მაგრამ მათი დევნილობის 4 თვის თავზე, როდესაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მწვავდება, პაიასიანები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, მათ სამუდამოდ მოუწევთ სომხეთში დარჩენა.
XS
SM
MD
LG