Accessibility links

რუსეთის საავიაციო ოპერაცია სირიაში და მოსკოვისათვის უსიამოვნო „საინფორმაციო თავდასხმები“


სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის წევრები ცეცხლს აქრობენ ტერიტორიაზე, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. აქტივისტების თანახმად, ტერიტორია რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაბომბა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის წევრები ცეცხლს აქრობენ ტერიტორიაზე, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. აქტივისტების თანახმად, ტერიტორია რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის რეაქტიულმა სამხედრო ავიაციამ 1 ოქტომბერსაც მიიტანა იერიში, როგორც მოსკოვი აცხადებს, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. საუდის არაბეთი კი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საავიაციო იერიშები, რომელსაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ წუხელ სუ 24-ის და სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავებისგან შემდგარმა ავიაჯგუფმა რვა საბრძოლო გაფრენა განახორციელა და დაბომბა, როგორც მოსკოვი უწოდებს, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები. რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მფრინავები მტკიცედ ასრულებდნენ ბრძანებას არ დაებომბათ დასახლებული ტერიტორიები, რაც მოგვიანებით ეჭვქვეშ დადგა. რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედებამ წარმოშვა საფრთხე შემთხვევითი საჰაერო დაპირისპირებისა აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებთან, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, გაამახვილეს ყურადღება:

„ერთი საქმეა, ცხადია, რუსეთის მიერ „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიშის განხორციელება, ჩვენთვის კი, ცხადია, შემაშფოთებელია, თუ ეს არ აღმოჩნდება ის, რაც უნდა იყოს. ამიტომ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გითხრათ, თვითმფრინავების შემთხვევითი შეჯახების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმპერატიული მნიშვნელობა მიენიჭება სამხედროებს შორის პირისპირ დისკუსიას, დიალოგს, კონფერენციასა თუ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრას, რაც საჭიროა სწრაფად - შესაძლოა, ხვალ -გაიმართოს. რადგან ვაცნობიერებთ ამის აუცილებლობას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შემთხვევითი საავიაციო შეტაკების თავიდან ასაცილებლად“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე საავიაციო სამხედრო ოპერაციების თაობაზე რუსეთი კონტაქტში იმყოფება პენტაგონთან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „საინფორმაციო თავდასხმები“ უწოდა ცნობებს რუსეთის ავიაციის მოქმედების შედეგად სირიაში უდანაშაულო ადამიანების სავარაუდო დახოცვის შესახებ. 1 ოქტომბერს მოსკოვში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველთან შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთი ცნობები გავრცელდა უფრო ადრე, ვიდრე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ოპერაციას წამოიწყებდნენ:

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიღოთ ყურად მსგავსი ინფორმაციები. სწორედ ამიტომ ვამყარებთ ჩვენ კონტაქტებს ჩვენს სპეციალურ უწყებებს - რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებსა და სამხედრო უწყებებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის. ეს მუშაობა მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ იგი გარკვეული მუდმივმოქმედი მექანიზმის შექმნით დასრულდება“.

სირიაზე საუბრის დროს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციური დაჯგუფება „თავისუფალი სირიის არმიის“ რეკრუტებზე და არა ისლამისტების პოზიციებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის რეაქტიულმა სამხედრო ავიაციამ 1 ოქტომბერსაც მიიტანა იერიში, როგორც მოსკოვი აცხადებს, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საავიაციო იერიშები, რომელსაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG