Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება სირიაზე შეტევის განხორციელების შესახებ


აშშ-ის სარაკეტო კრეისერი "გეტისბურგი" (მარცხნივ) და ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი" ხმელთაშუა ზღვაში შედიან

აშშ-ის სარაკეტო კრეისერი "გეტისბურგი" (მარცხნივ) და ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი" ხმელთაშუა ზღვაში შედიან

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათს განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს სირიაზე შეტევა. მოსალოდნელი სამხედრო აქცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა განსაზღვრა, როგორც დროში შეზღუდული ოპერაცია.

„ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-მა უნდა განხორციელოს სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ იქნება უვადო ინტერვენცია. ჩვენ არ დავდგამთ ფეხს სირიის მიწაზე. ნაცვლად ამისა, განზრახულია, რომ ჩვენი ოპერაცია იყოს შეზღუდული დროისა და მასშტაბის მხრივ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასადის რეჟიმს პასუხს ვაგებინებთ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის, შევაკავებთ ასეთ საქციელს და გავანადგურებთ მათ შესაძლებლობას, განახორციელონ ასეთი შეტევები,“ განაცხადა ობამამ 31 აგვისტოს თეთრ სახლში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის არმია რეგიონში შესაბამის შესაძლებლობებს უყრის თავს. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ინფორმირებულია მისგან, რომ "განახორციელოს სამხედრო დარტყმა ნებისმიერ შემთხვევაში". მეტიც, ობამას თანახმად, შტაბის უფროსმა განუმარტა, რომ ასეთი აქცია დროის მოკლე მონაკვეთში უნდა განხორციელდეს. ის ეფექტიანი იქნება ხვალ, მომდევნო კვირაში ანდა დღეიდან ერთი თვის განმავლობაში და მე მზად ვარ გავცე შესაბამისი ბრძანება,“ - განაცხადა ობამამ, რომლის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელებული იერიშით სირიის ხელისუფლებამ ხელი აღმართა „ადამიანურ ღირსებაზე“.

„კაცობრიობა შეძრწუნებული ადევნებდა თვალს, თუ როგორ მასობრივად იხოცებოდნენ ქალები, მამაკაცები და ბავშვები სირიაში, 21-ე საუკუნეში ყველაზე უსაშინლესი ქიმიური იარაღით განხორციელებული იერიშის შედეგად. 30 აგვისტოს აშშ-მა მძლავრი ფაქტები წარმოადგინა იმის თაობაზე, რომ სირიის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საკუთარ ხალხზე განხორციელებულ თავდასხმაზე. ჩვენმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ასადის რეჟიმი და მისი სამხედრო ძალები ემზადებოდნენ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, უშენდნენ რაკეტებს დამასკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ქიმიური იარაღის გამოყენებას. ყოველივე ამას ემატება ის, რაც მსოფლიოს ტკივილით შეუძლია იხილოს მსხვერპლით გადატვირთული საავადმყოფოებისა და სიკვდილის შემზარავი სურათების სახით. საყოველთაო აზრით, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეული მათგანი ბავშვები იყვნენ - ბიჭები და გოგოები, რომლებიც მათმა მთავრობამ სასიკვდილო გაზით მოწამლა.“

ქიმიური იარაღის გამოყენაბაში სირიის მთავრობის დადანაშაულებას ბარაკ ობამას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „სრული სისულელე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სირიის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია:

„რაც შეეხება ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მეგობრების პოზიციას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ამბობენ, რომ აქვთ მტკიცებულებები: მაშინ წარუდგინონ ის გაეროს ინსპექტორებს და უშიშროების საბჭოს.“

შაბათს ვლადივოსტოკში ყოფნისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამამ, როგორც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, უნდა იფიქროს შესაძლო მსხვერპლზე, რაც სამხედრო თავდასხმას მოჰყვება. პუტინის თქმით, „უკიდურესად სამწუხარო“ იქნება, თუკი აშშ ერთპიროვნულად დაიწყებს სამხედრო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ.

ობამამ განმარტა, რომ სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე ის ჯერ შეეცდება კონგრესის თანხმობის მოპოვებას. კონგრესმენები საზაფხულო არდადეგების შემდეგ 9 სექტემბერს შეიკრიბებიან. ობამას თქმით, აშშ შესაძლო შეტევას განახორციელებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ძალის გამოყენებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სანქცია.
XS
SM
MD
LG