Accessibility links

logo-print

სირიელი მეამბოხეები: ქიმიური იარაღი სასაზღვრო რეგიონებში გადაიტანეს


სირიელი მეამბოხეები სამთავრობო ძალებს ქიმიური იარაღის ქვეყნის იმ რეგიონებში გადატანაში ადანაშულებენ, რომლებიც საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.

ოპოზიციური „თავისუფალი სირიის“ არმიის ბრიგადირის კასემ საედინის განცხადებით, მეამბოხეებს აქვთ „დადასტურებული ინფორმაცია, რომ იარაღი სირიის საზღვრებთან მდებარე აეროპორტებში გადაიტანეს“.

ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ სხვა წყაროებს, საკუთრივ მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით.

მეამბოხეების მიერ ამ ცნობის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ჯიჰად მაკდისი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საგარეო აგრესიის შემთხვევაში მთავრობამ შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

მთავრობის პრესმდივანმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ქიმიური იარაღით მხოლოდ ქვეყნის გარედან წამოსული „აგრესიის“ პასუხად ისარგებლებს. მისი თქმით, ხელისუფლება ამ იარაღს არასოდეს გამოიყენებს სირიელი ხალხის წინააღმდეგ:

„მასობრივი განადგურების თუ არაკონვენციური იარაღის რეზერვი, რომელიც კი აქვს სირიის არაბულ რესპუბლიკას, არასოდეს, არასოდეს არ იქნება გამოყენებული სამოქალაქო პირების ან ამ კრიზისის დროს სირიელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება, იმის მიუხედავად, თუ რა განვითარებას პოვებს ეს კრიზისი.“
ჩვენ იმისთვისაც ვმუშაობთ, რომ სირიელ ხალხს უკეთესი, ასადის რეჟიმისგან თავისუფალი მომავალი ჰქონდეს. რაკი რეჟიმი ქიმიური იარაღის რეზერვებს ფლობს, ჩვენ გავაგრძელებთ ასადისა და მისი გარემოცვისთვის იმის მკაფიოდ ახსნას ...

მაკდისიმ დასძინა, რომ ქვეყნის ქიმიური იარაღის რეზერვს საიმედოდ იცავს არმია, იმის მიუხედავად, რომ სირიაში 2011 წლის მარტის შემდეგ სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს.

ამ განცხადების პასუხად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორშაბათს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუკი მაინც გამოიყენებენ ამ იარაღს, საერთაშორისო თამანეგობრობა პასუხს აგებინებს სირიის პრეზიდენტს და მის რეჟიმს:

„ჩვენ იმისთვისაც ვმუშაობთ, რომ სირიელ ხალხს უკეთესი, ასადის რეჟიმისგან თავისუფალი მომავალი ჰქონდეს. რაკი რეჟიმი ქიმიური იარაღის რეზერვებს ფლობს, ჩვენ გავაგრძელებთ ასადისა და მისი გარემოცვისთვის იმის მკაფიოდ ახსნას, რომ მათ მსოფლიო ადევნებს თვალს. თუ ისინი მაინც დაუშვებენ ტრაგიკულ შეცდომას და ამ იარაღს გამოიყენებენ, მათ საერთაშორისო თანამეგობრობა და შეერთებული შტატები ამისათვის პასუხს მოსთხოვს.“

სირიის მეზობელი და მასთან დაპირისპირებული ქვეყნის, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამოს გილადმა სამშაბათს რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ, ისრაელის მთავრობის აზრით, სირიის ხელისუფლება კვლავ სრულად აკონტროლებს თავის ქიმიურ იარაღს.

სირიას არც ხელი აქვს მოწერილი და არც თანხმობა აქვს ნათქვამი ქიმიური იარაღის კონვენციაზე, რომელიც ამგვარ შეიარაღებაზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

დამასკს ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ მხარს უჭერს მასობრივი განადგურების იარაღის აკრძალვას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მოქმედებს, თუმცა ცალმხრივად არ შეუძლია ქიმიური იარაღის დათმობა, სანამ ისრაელი მის უსაფრთხოებას ემუქრება.

ანალიტიკოსების შეფასებით, სირიამ 1973 წელს მიაღწია ქიმიური იარაღისთვის საჭირო მასალების გამომუშავების შესაძლებლობას.

ის, თუ კონკრეტულად რა სახის და მოცულობის ქიმიური იარაღი აქვს სირიას, უცნობია.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასებით, საქმე გვაქვს ასობით ლიტრის ოდენობის მასალასთან. ამასთან, სამმართველო თვლის, რომ სირია ყოველწლიურად ასობით ტონა სხვადასხვა ნივთიერებას აწარმოებს, რომელიც ამგვარი იარაღისთვის არის საჭირო.
XS
SM
MD
LG