Accessibility links

სირიის ოპოზიციური სამხედრო ძალები და სიდიდით მეორე ქალაქის, ალეპოს მცხოვრებნი მასირებული შტურმის მოსაგერიებლად ემზადებიან, რომელსაც, მათი თქმით, სირიის სამთავრობო ძალები გეგმავენ. „თავისუფალი სირიის“ არმიის მებრძოლებმა ბოლო დღეებში მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწიეს ალეპოში, რომლის ნახევარი მეამბოხეთა ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

სირიიდან მიღებული ინფორმაციებით, სამთავრობო ძალები შვეულმფრენებიდან და მძიმე საბრძოლო ტექნიკიდან ცეცხლს უშენენ სამიზნეებს ალეპოს შემოგარენში და შეტევით პოტენციალს აძლიერებენ იმ ქვედანაყოფების კონცენტრაციის ხარჯზე, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ რეგიონში იბრძვიან. სამთავრობო ძალების კონცენტრაციას ადასტურებენ მეამბოხეთა არმიის წარმომადგენლებიც, რომლებიც იქვე იმასაც ამბობენ, რომ „თავისუფალი სირიის“ არმიასაც ემატებიან მოხალისეები - მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ იმ ბრძოლაში, რომელსაც ოპოზიცია „გადამწყვეტ ბრძოლას“ უწოდებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნავი პილაიმ ორივე მხარეს მოუწოდა ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ხუთშაბათს ალეპოში 30 ადამიანი ემსხვერპლა საჰაერო დარტყმებს.

როგორც წერილობით განცხადებაში მიუთითებს ნავი პილაი, განზრახ მკვლელობა - სამთავრობო ჯარები ჩაიდენენ ამას თუ მეამბოხეები -შესაძლებელია შეფასდეს როგორც კაცობრიობის მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაული.

სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორია დატოვა და თურქეთს შეაფარა თავი სირიის პარლამენტის წარმომადგენელმა ალეპოში. დევნილმა პარლამენტარმა იხლას ალ ბადავიმ ასადის რეჟიმი სისასტიკეში დაადანაშაულა და „სკაი ნიუს არაბიას“ უთხრა, „სირიის მთავრობა რეპრესიებს მიმართავს და აწამებს იმ ადამიანებს, რომლებიც მინიმალურ უფლებებს ითხოვენო“.

ალეპოსა და, საერთოდ, სირიაში შექმნილი არასტაბილური ვითარება მეზობელი სახელმწიფოების მზარდ შეშფოთებას იწვევს. ძალადობა ლიბანსა და იორდანიაშიც ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, იორდანიისა და სირიის ძალებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი სასაზღვრო მონაკვეთზე იმ დროს, როდესაც სამასამდე სირიელი დევნილი იორდანიაში გაქცევას ცდილობდა.

შეტაკებისას ორი იორდანელი ჯარისკაცი დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია „ალ-არაბია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს სირიის საზღვართან შექმნილ ვითარებას. დავუთოღლუს თქმით, თურქეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ისეთმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა, როგორიც ქურთისტანის „მუშათა პარტია“ და ალ ყაიდაა, შესაძლოა ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და უპირატესობის მიაღწიონ სირია-თურქეთის საზღვარზე.
XS
SM
MD
LG