Accessibility links

logo-print

აშშ მიესალმება სირიის ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნას


სირია

სირია

საფრანგეთი აღმოჩნდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სირიის ახალი ოპოზიციური კოალიცია ცნო. სირიის ოპოზიციის ჯგუფები კატარში შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ფართო კოალიციას პრეზიდენტ ბასარ ალ ასადის წინააღმდეგ. ოპოზიციური კოალიციის შექმნას მიესალმა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა ოპოზიციის საბოლო ცნობისა და შეიარაღების მიწოდებისაგან ვაშინგტონი თავს იკავებს. ავსტრალიაში მყოფმა ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „აშშ დამატებით კიდევ 30 მილიონ აშშ-ის დოლარს გამოყოფს სირიაში ჰუმანიტარული პროგრამების დასაფინანსებლად, რითაც სამოქალაქო ომში მყოფი სირიელი ხალხისათვის გაწეული დახმარება, ჯამში, 200 მილიონ დოლარამდე იზრდება“.

პირველი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც დადებითად შეაფასა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ახალი კოალიციის შექმნა, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი იყო. ეშტონმა 13 ნოემბერს კაიროში, ევროკავშირისა და არაბთა ლიგის შეხვედრაზე, პირობა დადო, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს ახალ ჯგუფს. „სირიის ტრაგედია არის ტრაგედია, რომელიც ეხება არა მარტო ამ ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს. აქ წარმოდგენილი ქვეყნებისთვის ცნობილია, რა გამოწვევებს ქმნიან ლტოლვილები, რომლებიც გარბიან სიკვდილის შიშით, ცნობილია ძალადობის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხე, ცნობილია გამოწვევა, რომელიც ექმნება სტაბილურობას რეგიონში და ამასთან დაკავშირებული შეშფოთება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და განვამტკიცოთ ჩვენი ძალისხმევა მთელი სირიელი ხალხის მხარდასაჭერად“, განაცხადა კაიროში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა.

სირიაში 20 თვის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, იზრდება დევნილთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვიც. სირიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე ემუქრება. ამ ფონზე დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება მნიშვნელოვან ახალ ამბად იქცა. 14 ნოემბერს დაოჰაში მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა,რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრანგეთი აღიარებს სირიის ნაციონალურ კოალიციას, როგორც სირიელი ხალხის წარმომადგენელს,
თუმცა საფრანგეთის ლიდერმა ნაჩქარევი უწოდა სირიაში სამხედრო ჩარევის შესახებ საუბარს:

„სირიაში ინტერვენცია განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას გაეროს უშიშროების საბჭო გადაწყვეტს. ამ დროისათვის ამ მიმართულებით მზადყოფნა არ არის, რუსეთის წინააღმდეგობის გამო. ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განსხვავებულად ვიმოქმედებთ. ყველგან, სადაც შექმნილია თავისუფალი ზონა, იმ ხელისუფლების მმართველობას დაექვემდებარება, რომელმაც ის უნდა დაიცვას“.

ოპოზიციური კოალიციის შექმნას მიესალმა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა ოპოზიციის საბოლო ცნობისა და შეიარაღების მიწოდებისაგან ვაშინგტონი თავს იკავებს. ავსტრალიაში მყოფმა ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „აშშ დამატებით კიდევ 30 მილიონ აშშ-ის დოლარს გამოყოფს სირიაში ჰუმანიტარული პროგრამების დასაფინანსებლად, რითაც სამოქალაქო ომში მყოფი სირიელი ხალხისათვის გაწეული დახმარება, ჯამში, 200 მილიონ დოლარამდე იზრდება“.

თუმცა ირანი, სირიის ხელისუფლების ყველაზე უახლოესი მოკავშირე, აცხადებს, რომ იგი მომავალ კვირაში სირიის ეროვნული დიალოგის შეხვედრას უმასპინძლებს. ირანის ოფიციალურ ახალი ამბების სააგენტო „ირნას“ მოჰყავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სიტყვები, რომლის თანახმადაც, ერთდღიანი შეხვედრის დევიზი იქნება „არა - ძალადობას, დიახ - დემოკრატიას.“
XS
SM
MD
LG