Accessibility links

logo-print

ბრაჰიმი სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოვიდა


გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი.

გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი.

გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. ბრაჰიმის თანახმად, ყველა აღმასრულებელი ძალაუფლებით აღჭურვილმა სირიის გარდამავალმა მთავრობამ ქვეყანას არჩევნებამდე უნდა უხელმძღვანელოს.

ზემოხსენებული მოწოდება გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილმა ხუთშაბათს დამასკში გააკეთა, სადაც ბრაჰიმიმ ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან გამართა მოლაპარაკებები. ამასთან, ლახდარ ბრაჰიმის არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული სირიის გარდამავალი მთავრობით ბაშარ ასადის ჩასანაცვლებლად.
თუმცა ბრაჰიმიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცე და არა კოსმეტიკური და ზედაპირული ცვლილებები სირიის მოქალაქეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სირიის მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. ხოლო თუკი სირიელებს თავად არ ძალუძთ ამის გაკეთება, მაშინ ამაში მათ საერთაშორისო საზოგადოება, მეზობლები და ყველა ხალხი უნდა დაეხმაროს. მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, 2012 წლის ივნისში გამართულ ჟენევის კონფერენციას საკმარისი მექანიზმები აქვს იმ სამშვიდობო გეგმის განხორციელებისათვის ხელის შესაწყობად, რომელიც შესაძლებელს გახდის კრიზისი მომდევნო რამდენიმე თვეში დასრულდეს“.
ვაპირებთ განვიხილოთ მთელი წყება საკითხებისა, რომლებიც სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოწესრიგებას უკავშირდება ...

თუმცა მოსკოვი კვლავ არ ეთანხმება სირიის ხელისუფლების ძალისმიერ შეცვლას. ასადის მთავრობის დამხობისკენ ნებისმიერი მოწოდება წინააღმდეგობაშია ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის დროს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებასთან, - განაცხადა ხუთშაბათს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და სირიის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფაიზალ მაკდადის შეხვედრის შემდეგ. სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ამავე მიზანს ემსახურება გაეროსა და არაბთა ლიგის სპეციალურ წარმომადგენელ ლახდარ ბრაჰიმისთან ლავროვის შეხვედრაც, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოსო, დასძინა ლუკაშევიჩმა.

„ვაპირებთ განვიხილოთ მთელი წყება საკითხებისა, რომლებიც სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოწესრიგებას უკავშირდება, მათ შორის, ბატონი რაჰიმის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, მიმართულს ამ ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყოვლისმომცველი ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუკაშევიჩმა პრესკონფერენციაზე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რუსეთ-აშშ-ის ერთობლივი გეგმა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების თაობაზე. მოსკოვი კვლავინდებურად მხარს უჭერს ჟენევის კონფერენციის სამშვიდობო მოწესრიგების გეგმას, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. გაეროსა და არაბთა ლიგის სამშვიდობო შუამავალმა ლახდარ ბრაჰიმიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მალე მესამე ერთობლივ შეხვედრას გამართავს აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დეკემბერში ბრაჰიმიმ უკვე გამართა ორი ასეთი შეხვედრა.
XS
SM
MD
LG