Accessibility links

logo-print

აშშ ცვლის დამოკიდებულებას სირიაში მეამბოხეების შეიარაღების მიმართ


სირია

სირია

აშშ-მა შესაძლოა შეცვალოს თავისი პოზიცია სირიელი მეამბოხეების შეიარაღების საკითხში. როგორც ქვეყნის ლიდერთა განცხადებები მიანიშნებს, არ არის გამორიცხული საჭიროდ მიიჩნიონ სირიაში მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, მიმდინარეობს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების საკითხში ვაშინგტონის უარყოფითი დამოკიდებულების გადასინჯვა. განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის, იარაღით მეამბოხეების მომარაგებას. თუმცა, თვით ჰეიგელი, როგორც ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას ითქვა, დარწმუნებული არ არის, რომ მართლაც გონივრული იქნებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

„უყურებ და ხელახლა განიხილავ ყველა ვარიანტს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმეს აკეთებ ან გააკეთებ... ეს არის ვარიანტები, რომლებიც განხილული უნდა იქნეს პარტნიორებთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად - რა არის შესაძლებელი, რა შეიძლება დაგეხმაროს ამ მიზნების მიღწევაში. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩაკ ჰეიგელმა.

აშშ ამჟამად ჰუმანიტარულ დახმარებას და არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად მებრძოლ ოპოზიციურ ძალებს. ზოგი ამერიკელი სამხედრო ლიდერი შიშობს, რომ ოპოზიციისათვის მიწოდებული იარაღი შესაძლოა ანტიამერიკელი ისლამისტი ექსტრემისტების ხელში ჩავარდეს.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ ასადის რეჟიმი იღებს არა მარტო ლეტალურ ტექნიკას, არამედ წვრთნას და მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან, და გვსურს შევაფასოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ყოველმა ნაბიჯმა, რომელსაც გადავდგამთ, დააჩქაროს ასადის წასვლის დღე...
მაგრამ იარაღის მიწოდებაზე დისკუსია გააქტიურდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ სირიის კონფლიქტში შესაძლოა ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ოპოზიცია და მმართველი რეჟიმი ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღით თავდასხმაში.

შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ სირიელ სუნიტ მეამბოხეებს იარაღს აწვდიან კატარი და საუდის არაბეთი, ხოლო მმართველი რეჟიმი დახმარებას იღებს ტრადიციული მოკავშირეების, ირანისა და რუსეთისაგან.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2 მაისს, მექსიკაში ვიზიტისას, აღნიშნა, რომ აუცილებლად მიაჩნია სიფრთხილე სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.

„ჩვენ ისიც ვიცით, რომ ასადის რეჟიმი იღებს არა მარტო ლეტალურ ტექნიკას, არამედ წვრთნას და მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან, და გვსურს შევაფასოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ყოველმა ნაბიჯმა, რომელსაც გადავდგამთ, დააჩქაროს ასადის წასვლის დღე. სირიაში იქნება ხალხი, ვინც საკუთარ ბედს განსაზღვრავს, ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში დაპირისპირების ნაცვლად“, განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამასობაში სირიაში სისხლისმღვრელი დაპირისპირება გრძელდება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტმა, რომელიც ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო, უკვე 70 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG