Accessibility links

საერთაშორისო თანამეგობრობა სირიაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად გააქტიურდა. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, პარიზში კი შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ იმაზე მოსალაპარაკებლად, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, რათა ბოლო მოეღოს სისხლისმღვრელ დაპირისპირებას ამ ქვეყანაში.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნევი პილაიმ ორშაბათს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გააკრიტიკა უუნარობის გამო, შეაჩეროს სირიაში ადამიანის უფლებათა „საზარელი დარღვევები“.

„ჩვენს მეთვალყურეთა ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ შეიარაღებული ჯგუფები, როგორც ჩანს, სამოქალაქო პირებს იყენებენ ცოცხალ ფარად და იზრდება ადამიანების მოტაცების შემთხვევები. მოპოვებულ ინფორმაციას შორის არის ბრალდებები, რომ ოპოზიციონერთა გარკვეული ჯგუფები ახალგაზრდა ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებს მებრძოლებზე დაქორწინებას აიძულებენ. და კვლავაც გვაწვდიან ცნობებს მთავრობის მოწინაააღმდეგეთა ჯგუფებზე, რომლებიც სჩადიან საზარელ დანაშაულებს, როგორიც არის წამება და გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა“ - ნევი პილაიმ სირიაში ადამიანის უფლებების ამ და სხვა დარღვევებზე ისაუბრა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საზაფხულო სესიის გახსნაზე. მანვე მსოფლიოს შეახსენა პასუხისმგებლობა, დაიცვას სირიელი სამოქალაქო პირები. სხვათა შორის, ამ ფრაზას - „სამოქალაქო პირთა დაცვაზე პასუხისმგებლობა“ - იყენებდნენ ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის საჭიროების დასაბუთებისას.

ევროპელი პოლიტიკოსები, მართალია, გამორიცხავენ სირიის შემთხვევაში კონფლიქტში სამხედრო ინტერვენციის პერსპექტივას, მაგრამ ევროკავშირის ზოგი წევრი ცდილობს მეტი დახმარებით უზრუნველყოს ზომიერი ოპოზიციონერები სირიაში - შეამსუბუქოს ევროკავშირის ემბარგო, რომელიც დაწესებულია სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა ემართება ხალხს სირიაში - რამდენი ხანი ვუყუროთ ხალხს, რომელსაც, რაც კი ოდესმე მსოფლიოში შექმნილა, ყველანაირი იარაღით ებრძვიან...
ემბარგოს შემსუბუქების ყველაზე აქტიური მომხრე ქვეყნის, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე ამ საკითხზეც ისაუბრებენ.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა ემართება ხალხს სირიაში - რამდენი ხანი ვუყუროთ ხალხს, რომელსაც, რაც კი ოდესმე მსოფლიოში შექმნილა, ყველანაირი იარაღით ებრძვიან, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა უარს ეუბნება საკუთარი თავის დასაცავად საჭირო მასალაზე. ეს ქმნის ექსტრემიზმს, ეს იწვევს ხალხში რადიკალიზაციას და ჩვენ ახლა ვუახლოვდებით ზღვარს, როცა ასეთი ვითარების ატანა აღარ შეიძლება“, - განაცხადა უილიამ ჰეიგმა ბრიუსელში.

სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო 2011 წლის მაისში დაწესდა, რათა ხელი არ შესწყობოდა ძალადობის გაგრძელებას. მაგრამ ძალადობა არ შეწყვეტილა... გაეროს ბოლო მონაცემებით, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულების რიცხვი 80 000-ს აჭარბებს. როგორც ცნობილია, სირიის მმართველი რეჟიმი იარაღს ირანისა და რუსეთისაგან იღებს.

ბრიტანეთთან ერთად, საფრანგეთიც მიზანშეწონილად მიიჩნევს ოპოზიციონერებისათვის იარაღის მიწოდებას. ასეთივე პოზიცია აქვს თურქეთს, მაშინ როცა ევროკავშირის რამდენიმე წევრი - უწინარეს ყოვლისა, ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი - ემბარგოს შემსუბუქებას ეწინააღმდეგება.

სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორისაც. ვაშინგტონი ოპოზიციას ემხრობა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის აუცილებლობას ხედავს, მაშინ როცა რუსეთი დამასკის მტკიცე მოკავშირედ რჩება. მიუხედავად აზრთა ამ სხვადასხვაობისა, ვაშინგტონი და მოსკოვი ერთად გამოდიან სირიის საკითხზე საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის გამართვის ინიციატივით.

თუმცა ჯერ არ განსაზღვრულა კონფერენციის არც თარიღი და არც ის, თუ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას. კონფერენციის პერსპექტივაზე სასაუბროდ პარიზში ერთმანეთს ხვდებიან აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ჯონ კერი და სერგეი ლავროვი.
XS
SM
MD
LG