Accessibility links

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს


სირია

სირია

სირიის მთავრობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, ასადის რეჟიმმა დამასკის გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე იერიშის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენაო. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენების შედეგად ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. არაბთა ლიგამ გაეროს ინსპექტორებს მოუწოდა, კვირას დამასკში ჩავიდნენ და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები გამოიძიონ.

სირიის ოპოზიციური საბჭოს ლიდერის აჰმედ ალ ჯაბრის თქმით, გუთას კვარტალში მომწამვლელი გაზის გამოყენებით თავდასხმას 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა ტელეკომპანია „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, საგანგებო შეკრება მოიწვიოს სირიაში შექმნილ ვითარებაზე სამსჯელოდ. ამავე საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხალედ სალეჰმა, რომელიც სტამბოლში იმყოფება, „როიტერსთან“ საუბარში ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა ქიმიური იარაღის გამოყენებაში:

„ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს და ეს განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების საშუალებით. მხოლოდ სირიის რეჟიმს აქვს შესაძლებლობა და მზადყოფნა გამოიყენოს იარაღი უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ჩვენ გვსურს, რომ გაეროს ინსპექტორები ჩავიდნენ და ნახონ ის ხალხი, რომელიც დამასკის გარეუბანში დახოცეს. ჩვენ გვინდა, რომ მათ ნახონ მსხვერპლი...
არაბთა ლიგის ხელმძღვანელმა ნაბილ ალ-არაბიმ კი მოუწოდა სირიაში მყოფ გაეროს ინსპექტორებს, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ აღმოსავლეთ გუთაში, ადგილზე დააკვირდნენ ვითარებას და გამოიძიონ ამ დანაშაულის შედეგები. გამოძიების დაწყებას მხარს სირიის ოპოზიციური საბჭოც უჭერს.

„ეს არის კაცობრიობისათვის სილის გაწვნა, ესაა შეურაცხყოფა გაეროსი, სირიის მეგობართა ჯგუფისა და თუნდაც იმ რეჟიმების, რომლებიც მხარს უჭერენ ასადის რეჟიმის მიერ სირიელი ხალხის ხოცვას. ჩვენ გვსურს, რომ გაეროს ინსპექტორები ჩავიდნენ და ნახონ ის ხალხი, რომელიც დამასკის გარეუბანში დახოცეს. ჩვენ გვინდა, რომ მათ ნახონ მსხვერპლი, გვსურს გამოიძიონ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი“,-განაცხადა ხალედ სალეჰმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა „შემაშფოთებელი“ უწოდა ინფორმაციებს „სირიაში საავიაციო და ქიმიური იერიშების შედეგად ასობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვის შესახებ“. ჰეიგის თქმით, ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენებს საკითხს სირიის ხელისუფლების მხრიდან დამასკის გარეუბანში მყოფი მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ბრალდებების თაობაზე.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ „სრული სიყალბე“ უწოდა ცნობას, თითქოს სამთავრობო ჯარებს ოთხშაბათ დილით მომწამვლელი აირით დატენილი რაკეტები დაეშინოთ მეამბოხეებისთვის.

სირიის ოფიციოზის განცხადებით, მათ სურთ გაეროს ინსპექტორები მოსწყვიტონ იმ მისიას, რომელიც შესაძლოა, სულ მცირე, ორ კვირას გაგრძელდეს. სირიის სახელმწიფი სააგენტო „სანა“ კი აკრიტიკებს დასავლურ მედიასაც, რომელიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხელს უწყობს სირიაში სისხლის ღვრას და მხარს უჭერს ტერორიზმს. სირიის ხელისუფლება და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სამოქალაქო ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებას სირიაში, გაეროს მონაცემებით, უკვე 100 ათასზე მეტი კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG