Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს რუსეთის სამხედრო კამპანიას


ბაშარ ალ-ასადი
ბაშარ ალ-ასადი

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის აზრით, რუსეთის, სირიისა და მათი მოკავშირეების სამხედრო კამპანიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განადგურებისაგან მთელი ახლო აღმოსავლეთის გადასარჩენად. პრეზიდენტმა ასადმა ეს აზრი გამოთქვა ინტერვიუში, რომლითაც პირველად გამოეხმაურა სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშების დაწყებას. განსხვავებულ შეფასებას აძლევენ რუსეთის ოპერაციებს დასავლეთი და თურქეთი.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი „სასიცოცხლო მნიშვნელობას“ ანიჭებს სირიის, რუსეთის, ერაყისა და ირანის კოალიციის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ მან 4 ოქტომბერს განაცხადა ირანის ტელევიზიასთან ინტერვიუში:

„წარმატება აუცილებელია რუსეთ-სირიის ალიანსისათვის, რადგან სხვა შემთხვევაში განადგურება ემუქრება მთელ რეგიონს - არა მარტო ერთ ან ორ ქვეყანას. ამაში დარწმუნებული ვართ. მაგრამ ზოგი ქვეყნის მხარდაჭერა ზოგი ტერორისტული ორგანიზაციისათვის უთუოდ კიდევ უფრო გაზრდის გამარჯვების ფასს იმ ბრძოლებში, რომლებიც ამ ქვეყნებს შესაძლოა მომავალში მოელოდეს ტერორის წინააღმდეგ. თუ ეს ქვეყნები ალიანსს შეუერთდებიან მართლაც გულწრფელად, სულ ცოტა, ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტით, ეს დააჩქარებს შედეგებს, რომელთა ნახვის იმედიც ჩვენ ყველას გვაქვს“.

ამავე ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც სირიასა და ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. ასადი ფიქრობს, რომ აშშ და მის გარშემო შემოკრებილი ძალები მხოლოდ გააღრმავებენ დესტაბილიზაციას სირიაში და მთელ რეგიონში. სირიის პრეზიდენტი ირანის ტელევიზიასთან ამ ინტერვიუთი პირველად გამოეხმაურა რუსეთის მიერ 30 სექტემბერს დაწყებულ საავიაციო იერიშებს, რომლებიც მიმართულია სირიაში მეამბოხეების წინააღმდეგ.

განსხვავებულია სირიის მეზობელი თურქეთის რეაქცია.

„რუსეთის ბოლო ნაბიჯები და საჰაერო დარტყმები სირიაში სრულიად მიუღებელია თურქეთისათვის. მე ჩვენი პოზიცია გავაცანი პრეზიდენტ პუტინს მაშინაც, როცა (23 სექტემბერს) მოსკოვში ვიმყოფებოდი, და მაშინაც, როცა ამ რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ვისაუბრეთ. მოსკოვი მძიმე შეცდომას უშვებს და ეს შეცდომა შესაძლოა იყოს ნაბიჯი, რომელიც რუსეთს რეგიონში იზოლაციაში მოაქცევს“, - ასე ფიქრობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც თავისი აზრი 4 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა, ხოლო, მომდევნო დღეს გავრცელებული ცნობით, თურქეთის საგარეო უწყებამ თურქეთში რუსეთის ელჩი დაიბარა და გააპროტესტა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის შეჭრა თურქეთის საჰაერო სივრცეში.

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას სახიფათოდ მიიჩნევენ პარიზშიც. საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ილაპარაკა იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სირიის პრეზიდენტთან, ირანსა და ერაყის ხელმძღვანელობასთან, ანუ, უმეტესწილად, შიიტებთან, რუსეთის ალიანსს.

„შესაძლოა, ყველაზე საშინელი საფრთხე იყოს ის, რომ კონფლიქტი ნამდვილ რელიგიურ ომში გადაიზარდოს. ამიტომ ვაფრთხილებთ რუსეთს! თუ საქმე იქით მიდის, რომ სირიაში არიან, ერთი მხრივ, შიიტები, თავიანთ შიიტ მოკავშირეებთან, და, მეორე მხრივ, სუნიტები, თავიანთ სუნიტ მოკავშირეებთან ერთად, ეს გადაიზრდება მართლაც უკიდურესად სახიფათო ფართომასშტაბიან კონფლიქტში“, - შიშობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთმა კვირას გაავრცელა ცნობა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ობიექტი. თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, იერიშის სამიზნეებს შორის იყო ტერორისტების საწვრთნელი ცენტრი. ამავე განცხადებით, 30 სექტემბერს, იერიშების დაწყების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ შეძლო „ისლამური სახელმწიფოს“ მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტა და „მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა, რომელსაც იყენებენ ტერაქტების მოსაწყობად“.

დასავლეთი და სირიელი ოპოზიციონერები კი აცხადებენ, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებით ეხმარება თავის მოკავშირეს, სირიის პრეზიდენტს - იერიშებს ახორციელებს იმ მეამბოხეების წინააღმდეგაც, ვინც არ მიეკუთვნება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს. სირიელი აქტივისტები იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG