Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, ქალაქ ჰომსს უტევს


სირიის დაბომბვის კადრი
სირიის დაბომბვის კადრი

სირიის არმიამ, რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ქალაქ ჰომსზე, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, რუსეთის ავიაციამ 15 ოქტომბრის დილით იერიშები განახორციელა ქალაქიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტ ტალიბეშსა და ტეირ მალაში მდებარე ობიექტებზე. ბრიტანეთში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, სირიის არმიის სახმელეთო ოპერაციაში ლიბანის „ჰეზბოლაც“ მონაწილეობს. რუსეთმა განაცხადა, რომ იგი აფართოებს საავიაციო იერიშებს და მისმა სამხედრო ავიაციამ, 13 ოქტომბრის მონაცემებით, 88 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო ავიაციის მიზანს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები წარმომადგენს, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ოპოზიციის სამხედრო დაჯგუფებებს ბომბავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, მრავალი მტკიცებულება მოგვეპოვება, რომელიც ადასტურებს, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, რუსეთის ავიაციას იერიში მიაქვს არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებზეო:

„ჩვენ გვსურს, რომ სირიის შიგნით დავინახოთ ოპერაცია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და არა სამხედრო მოქმედება იმისათვის, რომ გაგრძელდეს ბაშარ ალ- ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გაგრძელდეს სამოქალაქო ომი, რაც უფრო მეტად აპირისპირებს ერმანეთთან რელიგიურ ჯგუფებს, იწვევს ექსტრემიზმისა და დაძაბულობის ზრდას სირიის შიგნით“.

თეთრმა სახლმა უარი განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის, შესაძლო ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წინადადებით ვლადიმირ პუტინი 13 ოქტომბერს გამოვიდა, რაც 14 ოქტომბერსვე სასწრაფოდ უარყო თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ირნესტმა: ვაშინგტონი და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ გაუთვალისწინებელი შეჯახებები სირიის საჰაერო სივრცეში, უფრო ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები კი ვაშინგტონს არ სურს, ვინაიდან რუსეთი მათი მოწინააღმდეგის, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარსო.

14 სექტემბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ მაჰმადიანებს მოუხმო წმინდა ომისკენ რუსებისა და ამერიკელების წინააღმდეგ. 13 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიომიმართვაში შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელი ალ-ადნანი მოუწოდებს „მუსლიმ ახალგაზრდებს ყველგან, გააჩაღონ წმინდა ომი რუსებსა და ამერიკელებთან, რომლებიც ჯვაროსნულ ომს აწარმოებენ მუსლიმებთან“. აშშ და რუსეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ებრძვიან სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG