Accessibility links

logo-print

დამაიმედებელი დონორთა კონფერენცია წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე


აშშ და საფრანგეთი რუსეთსა და სირიის რეჟიმს აკისრებენ პასუხისმგებლობას ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაზე. ოპოზიციამ მოლაპარაკება დატოვა, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით სირიის არმიის მიერ ქალაქ ალეპოზე წამოწყებული მასირებული იერიშების გამო. ამ ფონზე, 4 თებერვალს ლონდონში დონორთა კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები მსჯელობენ 9 მილიარდ დოლარამდე თანხის შეგროვებაზე, რაც სირიაში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად დაზარებულებს უნდა მოხმარდეს.

იმ დროს, როდესაც 1- 2 თებერვალს ჟენევაში სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სირიის სამთავრობო ჯარების ნაწილებმა, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, იერიშები წამოიწყეს ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე ოპოზიციური შეიარაღებული რაზმების პოზიციებზე. როგორც იუწყებიან, სირიის რეჟიმმა წარმატებას მიაღწია და 3 თებერვალს შეიარაღებული ოპოზიციის ციტადელს თურქეთთან დამაკავშირებელი მომარაგების გზები მოეჭრა.

ამ ინფორმაციის შემდეგ სირიის ოპოზიციამ, პროტესტის ნიშნად, ჟენევის მოლაპარაკებები დატოვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა დაადანაშაულა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რომლებიც, ფრანგი დიპლომატის თქმით, „არ არიან დაინტერესებულნი, კეთილი ნება გამოავლინონ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია ებრძვის არა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ან „ან ნუსრას“ მებრძოლებს, არამედ ქალაქ ალეპოს გარშემო გამორჩეულად სწორედ იმ ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებს ბომბავს, რომლებიც ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ. სირიის ოპოზიციისა და ბაშარ ალ ასადის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების შემდეგ თარიღად 25 თებერვალი დასახელდა.

4 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა „შემაშფოთებელი“ უწოდა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას და მხარეებს მოუწოდა 25 თებერვლამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისათვის და არა ბრძოლის ველზე წარმატებების განსამტკიცებლად:

„უაღრესად შემაშფოთებელია, რომ მოლაპარაკებების პირველივე ნაბიჯებს ძირი გამოუთხარა ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის პერმანენტულმა არარსებობამ და სირიის შიგნით საავიაციო იერიშებისა და სამხედრო ოპერაციების მკვეთრმა გააქტიურებამ. იმის ნაცვლად, რომ მთელი გულისყური სირიელი ხალხის ბედისკენ იყოს მიმართული, მთავარი ყურადღება ეთმობა სრულიად უმნიშვნელო პროცედურულ საკითხებს“.

ამ ფონზე, 4 თებერვალს ლონდონში დონორთა კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები მსჯელობენ 9 მილიარდ დოლარამდე თანხის შეგროვებაზე, რაც სირიაში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად დაზარებულებს უნდა მოხმარდეს. კონფერენციას ესწრებიან 70 ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც 4,6 მილიონამდე სირიელი ლტოლვილის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გეგმა უნდა შეიმუშაონ.

„თუკი ოდესმე ყოფილა მომენტი სირიის კონფლიქტისადმი ახლებური მიდგომისათვის, ეს მომენტი ახლა დადგა. აშკარაა მწვავე დეფიციტი ხალხის გადარჩენისკენ მიმართული დახმარების სფეროში, რის გამოც ფატალურად ფერხდება ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევა. მოწმენი ვართ მრავალწლიანი კონფლიქტით გატანჯული იმ ასეულათასობით სირიელის სასოწარკვეთისა, რომლებიც შიშობენ, რომ სხვა გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ საკუთარი მომავალი მიანდონ ადამიანთა კონტრაბანდისტებს“, - განაცხადა დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ გერმანია სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 2018 წლამდე 2.6 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ბრიტანეთი 2020 წლისათვის, ამავე მიზნით, 1,7 მილიარდ დოლარს გამოყოფს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილის გაღებას აპირებს აშშ.

1 თებერვალს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცი „ოქსფამმა“ დაადანაშაულა სირიის კონფლიქტში ჩაბმული ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, რომლებიც არ ეხმარებიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისა და ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ხუთწლიან სამოქალაქო ომს, სულ მცირე, 250 ათასი კაცი შეეწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG