Accessibility links

რუსეთმა და სირიის სამთავრობო ძალებმა შეაჩერეს ალეპოს დაბომბვა


ალეპო დაბომბვის შემდეგ

ალეპო დაბომბვის შემდეგ

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა და სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დღეს დილიდან, ვადაზე ადრე შეაჩერეს ქალაქ ალეპოს დაბომბვა - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. მისი თქმით, ავიაიერიშების ვადამდე შეწყვეტა აუცილებელია ე.წ. ჰუმანიტარული პაუზისთვის, რომელიც ოც ოქტომბერს გამოცხადდება და მიზნად ისახავს ორი სპეციალური დერეფნის შექმნას, რათა ალეპოს აღმოსავლეთში მყოფმა მეამბოხეებმა ქალაქი დატოვონ. შოიგუს მტკიცებით, ეს შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კიდევ 6 დერეფნისთვის, რომლითაც ქალაქს დატოვებს მშვიდობიანი მოსახლეობა და მოხდება დაჭრილთა ევაკუაცია. „მივმართავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ალეპოს აღმოსავლეთში მყოფ ფორმირებებზე, მათი ლიდერები დაარწმუნონ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და ქალაქის დატოვების აუცილებლობაში“ - განაცხადა სერგეი შოიგუმ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სირიის ქალაქ ალეპოში 20 ოქტომბერს დაწესდება 8 საათიანი ჰუმანიტარული პაუზა. გაერომ განაცხადა, რომ მიესალმება ალეპოში ნებისმიერ ზავს, თუმცა, ქალაქში ჰუმანიტარული ოპერაციის განხორციელებას სჭირდება სულ მცირე 48 საათი. რუსეთის გეგმას დაგვიანებული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG