Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი სირიაში შექმნილ ვითარებას „სამწუხაროს“ უწოდებს


სირია, ჰომსი
სირია, ჰომსი
კოფი ანანმა, საერთაშორისო საზოგადოების საგანგებო წარგზავნილმა სირიაში, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „სამწუხარო“ უწოდა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა. ანანის თქმით, იგი შეშფოთებულია მიღებული ცნობებით, რომ სამთავრობო ძალებმა ავტომატური იარაღით რამდენიმე ადამიანი მოკლეს ცენტრალურ ქალაქ ჰამაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსულმა კოფი ანანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დამასკსა და სირიის ოპოზიციას, დაიცვან 12 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დახურულ კარს მიღმა გამართული თათბირის შემდეგ გაეროს რამდენიმე მაღალჩინოსანმა - მათ შორის, სამშვიდობო საქმიანობის დარგში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ერვე ლადსუსმა და აშშ-ის ელჩმა ამ ორგანიზაციაში სუზან რაისმა - განაცხადა, რომ სირია ცდილობს შეზღუდოს ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობა.

„ბატონმა ლადსუსმა მოგვახსენა, რომ სირიის ხელისუფლებამ უარი უთხრა, სულ მცირე, ერთ დამკვირვებელს მისი წარმომავლობის გამო და განაცხადა, რომ არ დაუშვებს, UNSMIS -ის (სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის) შემადგენლობაში იყვნენ იმ ქვეყენების წარმომადგენლები, რომლებიც „დემოკრატიული სირიის მეგობართა ჯგუფში“ შედიან, რაც, გაეროს თვალსაზრისით, სრულიად დაუშვებელია.“
ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ დაბალანსებული სამხედრო მისიის გაგზავნას სირიაში და რომ მთავრობას ეკისრება ძალადობის შეწყვეტის ტვირთი; ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა...
სუზან რაისი

„სირიის მეგობართა ჯგუფში“ გაერთიანებულია 14 სახელმწიფო, მათ შორის - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და კატარი. ყველა ეს სახელმწიფო აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაკარგა ლეგიტიმურობა დემოკრატიულ ოპოზიციაზე 13 თვიანი სამხედრო იერიშების გამო, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაითრია. აშშ-ის ელჩმა გაეროში სუზან რაისმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ცეცხლის შეწყვეტაზე, განზრახ აჭიანურებს სირიაში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას.

„შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი გარემოებების კვალობაზეც მითქვამს, რომ ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ის ფაქტი, რომ ძალმომრეობა გრძელდება, 12 აპრილის ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, არა მხოლოდ დაუშვებელი, არამედ დასაგმობია და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ დაბალანსებული სამხედრო მისიის გაგზავნას სირიაში და რომ მთავრობას ეკისრება ძალადობის შეწყვეტის ტვირთი; ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მისცეს შესაძლებლობა დამკვირვებლებს თავისუფლად იმოძრაონ და შეუფერხებლად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.“

უკანასკნელი ძალადობის თაობაზე როგორც სახელმწიფო მედიის, ისე ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, დამასკში სამი სირიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და, სულ მცირე, სამი კაცი დაიჭრა დედაქალაქში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG