Accessibility links

რუსეთი: აშშ-ის მიერ სირიის ოპოზიციის აღიარება შეთანხმებას ეწინააღმდეგება


სირია

სირია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ სირიის ოპოზიციის აღიარება წინაააღმდეგობაში მოდის აქამდე მიღწეულ შეთანხმებასთან, რომელიც სირიაში პოლიტიკური ცვლილებების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „გაკვირვებულია“ ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, სირიის ახლად შექმნილი ოპოზიციური კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მიიჩნიოს.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ გათვლას მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობაზე კოალიციის შეიარაღებულ გამარჯვებაზე აკეთებსო.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს გამოაცხადა, ABC News-თან ინტერვიუს დროს: „შევთანხმდით, რომ სირიის ოპოზიციური კოალიცია ახლა საკმარისად წარმომადგენლობითია და საკმარისად გამოხატავს სირიის მოსახლეობის ინტერესებს საიმისოდ, რომ ის სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მივიჩნიოთ“.

ობამას თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ ოპოზიციური კოალიცია პასუხისმგებლობით იმოქმედებს და უერთგულებს სირიელ ქალთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის პრინციპებს.

ოთხშაბათს მოსკოვში ლავროვმა განაცხადა, ოპოზიციური კოალიციის აღიარება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომელიც ივნისში ჟენევაში იქნა მიღწეული და დროებით მთავრობას მოუწოდებდა 20 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის განმუხტვისკენო.

რუსეთი უკვე დიდი ხანია სირიის მოკავშირეა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს ასადის რეჟიმის მფარველობაში სდებენ ბრალს.

სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიცია გასულ თვეში შეიქმნა. ის წარმოადგენს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედ ფართომასშტაბიან ძალას.

კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად უკვე აღიარეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება 2011 წლის მარტში დაიწყო და მას შემდეგ 40 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

გაეროს შეფასებით, ნახევარ მილიონზე მეტი სირიელი მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილად არის დარეგისტრირებული. ამასთან, ქვეყანა კიდევ სულ მცირე 250 000-მა მოქალაქემ დატოვა, თუმცა ლტოლვილის სტატუსი ან დახმარება ჯერჯერობით არ მოუთხოვია.
XS
SM
MD
LG