Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამხედრო პოლიციის უფროსი თურქეთში გაიქცა


სირია
სირია
სირიის სამხედრო პოლიციის უფროსმა გენერალმა აბდულ აზიზ იასემ ალ შალალმა უღალატა სირიის პრეზიდენტს და, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში გაიქცა. სირიაში სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ არმიისა და უსაფრთხოების ძალების რიგები ათეულობით მაღალი რანგის ოფიცერმა დატოვა. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ სირიის არმია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელში მასობრივი მკვლელობის იარაღად იქცა.

სირიის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, სავარაუდოდ, თურქეთში გაქცეული, დუბაიში მდებარე ტელეკომპანია ალ-არაბიის ეთერში სამშაბათს გამოჩნდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გენერალმა საკუთარი ვინაობა და გაქცევის მიზეზი გაამხილა:

„ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთის სახელით ვაცხადებ, რომ მე ვარ გენერალი აბდულ აზიზი იასემ ალ შალალი, სამხედრო პოლიციის უფროსი. გავიქეცი იმიტომ, რომ არმიამ უღალატა ქვეყნის დაცვის მოვალეობას და გადაიქცა მკვლელობისა და განადგურების, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის იარაღად. ის მასობრივ მკვლელობას სჩადის, იბრძვის თავისუფლების სახელით მოქმედი უიარაღო ადამიანების წინააღმდეგ. გაუმარჯოს თავისუფალ და ძლიერ სირიას!“

გაქცეულმა გენერალმა აბდულ აზიზ შალალიმ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი „სახალხო რევოლუციის“ მხარეზე გადადის. შალალი, რომელიც სუნიტი მუსლიმია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერია იმ ათობით სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომლებმაც სირიაში მიმდინარე 22-თვიანი სახალხო მღელვარებისა და შეიარაღებული დაპირისპირების განმავლობაში, ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების ძალების რიგები დატოვეს. ივლისში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს უღალატა და საფრანგეთში გაიქცა ერთ-ერთი ყველაზე ელიტური სამხედრო შენაერთის, სირიის რესპუბლიკური გვარდიის გენერალი, წარმოშობით სუნიტი მუსლიმი, მუნაფ ტლაში.

დეზერტირი ოფიცრების უმრავლესობა სწორედ სუნიტი მუსლიმები არიან, სირიის რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ როცა ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ოფიცრებისა და სამხედრო პირების უმრავლესობას ალავიტები შეადგენენ. რელიგიური უმცირესობის სექტას თავად ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადიც მიეკუთვნება.

ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა სამშაბათს სირიის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ალ-ზაბადანის, დარიასა და ალ-ტადამინის მიდამოებში. სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ალ-ზაბადანთან მიმდინარე ბრძოლების დროს სირიის არმიის რიგები დატოვა და მეამბოხეთა მხარეზე გადავიდა 17 ოფიცერი და 50 ჯარისკაცი.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიისვე ინფორმაციით, გასულ კვირაში სირიის ტერიტორიაზე მომხდარ შეტაკებაში 1000 კაცი დაიღუპა. კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 45 ათასს აღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG