Accessibility links

მერკელი „შეძრწუნებულია“ სირიელების ბედით


ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მწვავე შეფასება მისცა სირიაში შექმნილ ვითარებას საუბრისას, როცა 8 თებერვალს სირიის მეზობელ თურქეთში იმყოფებოდა ამ ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად. მერკელის სიტყვებით, ის შეძრწუნებულია, როგორ იტანჯებიან ადამიანები სირიის მთავრობისა და რუსეთის იერიშების შედეგად. გერმანიის კანცლერის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვიდან: კრემლის პრესმდივნის თქმით, „არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები“, რომ სირიაში სამოქალაქო პირები რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგად იღუპებოდნენ.

რუსეთი, რომელმაც შარშან სექტემბერში წამოიწყო საჰაერო იერიშები სირიაში, დასავლეთის ქვეყნებმა უკვე რამდენჯერმე დაადანაშაულეს, ისლამისტი ექსტრემისტების ნაცვლად, ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებაში, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო პირი იღუპება დასავლეთ და ჩრდილოეთ სირიაში.

ბრალდება, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმებით სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, 8 თებერვალს თურქეთში ვიზიტისას გაიმეორა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა: „ბოლო დღეებში არა მარტო შეშინებული, არამედ შეძრწუნებულნი ვართ იმით, თუ როგორ იტანჯება ათიათასობით ადამიანი დაბომბვის შედეგად. ეს ეხება რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებსაც. და ასეთ პირობებში ძნელად წარმოსადგენია სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა. და ამიტომ, ამ ვითარებას მალე უნდა მოეღოს ბოლო“.

მერკელის თქმით, გერმანია და თურქეთი მტკიცედ მოითხოვენ, დაცულ იქნეს გაეროს დეკემბრის რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ბოლო უნდა მოეღოს სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვას. რუსეთის სამხედრო დახმარების შედეგად, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, ჯარებმა შეძლეს კონტროლის აღდგენა იმ ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც ისლამისტმა ექსტრემისტებმა, აგრეთვე ზომიერი ოპოზიციონერების ჯგუფებმა დაიპყრეს ცენტრალურ და დასავლეთ სირიაში.

ბოლო დღეებში სირიის ჯარებმა წინ წაიწიეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქ ალეპოს მიმდებარე რაიონებისაკენ. ალეპოს, რომელიც სირიის უდიდესი ქალაქია, ნაწილობრივ მთავრობა, ნაწილობრივ ოპოზიცია აკონტროლებს და მისი მიმართულებით მთავრობის ჯარების წინსვლის გამო ათიათასობით სამოქალაქო პირი გარბის - გარბის თურქეთის საზღვრისაკენ, რომელიც 40-მდე კილომეტრში მდებარეობს. ამ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ, ანკარაში მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„თითქმის 30 ათასი ადამიანია მოგროვილი სირიაში, ჩვენი საზღვრის მახლობლად. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიზრუნებთ ჩვენს სირიელ ძმებზე - მივიღებთ მათ, თუ საჭირო იქნება. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხში. მაგრამ არავინ უნდა გაამართლოს ან შეურიგდეს რუსეთის საჰაერო დარტყმებს, რომლებიც აშკარად არის ეთნიკური ხოცვა-ჟლეტა - იმ მოსაზრებით, რომ თურქეთი ნებისმიერ შემთხვევაში შეიფარებს სირიელ ლტოლვილებს. არავინ უნდა მოელოდეს თურქეთისაგან მთელი ამ ტვირთის აღებას იმ მოსაზრებით, რომ თურქეთი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ლტოლვილებს“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

იმავე დღეს, 8 თებერვალს, ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს უოჩმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და სირიის ძალებმა ბოლო ორ კვირაში, სულ ცოტა, 14 ოპერაციის დროს გამოიყენეს კასეტური ბომბები და ამის შედეგად დაიღუპა 37 ადამიანი, მათ შორის - ცხრა ბავშვი. კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს 118 ქვეყანაში, თუმცა მათ არ მიეკუთვნებიან რუსეთი და თურქეთი.

ამასობაში, მოსკოვის მიერ გაკეთებული განცხადებით, არ არსებობს „სარწმუნო მტკიცებულებები“, რომ სამოქალაქო პირები რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგად იღუპებიან. ამ საკითხზე ისაუბრა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ანკარაში ანგელა მერკელის ვიზიტის მომდევნო დღეს. იქვე პესკოვმა „არასწორი დაა აბსურდული“ უწოდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებას, რომ რუსეთი ახორციელებს სირიაში ინტერვენციას. მოსკოვი, თავის მხრივ, ანკარას ადანაშაულებს სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაგეგმვაში.

სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250 ათასს აღემატება. მილიონობით ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG