Accessibility links

თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის ბაზარს „მახეს“ უწოდებს


თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს რუსეთის ბაზარს. ბერუჩაშვილი ამ საკითხს შეეხო ვაშინგტონში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. მინისტრმა „ძალიან არაპროგნოზირებადი“ უწოდა რუსეთის ბაზარს. „ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“, განაცხადა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

ბერუჩაშვილის სიტყვებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც „განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რის უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან“.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც, ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მან აღნიშნა, რომ იქ ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გაძლიერება. „შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში იმყოფება ერთკვირიანი ვიზიტით, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG