Accessibility links

logo-print

ერთ ჩვეულებრივ დილას, როცა ყავის მოსადუღებლად ოთახიდან გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი, რომელსაც ჩემსავით დილით ადრე ადგომა უყვარს, სასტუმრო ოთახში დადუმებულ ტელევიზორს უყურებდა. ამ ამბის გახსენებისას ყოველთვის მეტირება, ამბავი კი იმდენად ხშირად მახსენდება, რომ, ალბათ, როცა მამაჩემი გარდაიცვლება, ცრემლები აღარ მექნება დარჩენილი. მამაჩემი ხმაგამორთულ ტელევიზორში უყურებდა ახალ ამბებს. არ ტიროდა, მაგრამ მის თვალებში „მოციმციმე ცრემლები“ მაინც დავინახე, როგორც ეს ჯონ აპდაიკის მოთხრობაშია.

დეკემბერში მამა 78 წლის გახდება და წელს პირველად აღმოვაჩინეთ, რომ ისე კარგად აღარ ესმის, როგორც ადრე. როცა ტელევიზორს უყურებს და მის ხმას საკუთარ ყურთასმენას არგებს, დანარჩენებისთვის იქ გაჩერება შეუძლებელი ხდება აუტანელი ხმაურის გამო. უნდა ვაღიარო, რომ შენიშვნები ზოგჯერ სულაც არ ყოფილა თავაზიანად გამოთქმული, ალბათ არც ექიმთან ვიზიტის შეთავაზებები ყოფილა ისეთი, რომ, ბოლოს და ბოლოს გადაეწყვიტა და წასულიყო. ხანდაზმულთა უმრავლესობა ყურის ექიმთან ვიზიტს თურმე სწორედ სოციალური სტიგმის და ასეთი დამოკიდებულებების გამო არიდებს თავს. სმენასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე ხანდაზმულებს ჩვენი მყუდროების დაცვა, დადუმებულ ტელევიზორებთან ჯდომა და თავის მოჩვენება ურჩევნიათ.

მახსოვს, ამ ზაფხულს, მუზეუმში ერთ-ერთი ოჯახური ვიზიტის დროს მამაჩემმა შეღავათით ისარგებლა, როგორც პენსიონერმა, რაც ყველასთვის სასიამოვნო იყო, თუმცა სტატუსი „პენსიონერი“ მისი შვილიშვილებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან პენსიონერის ცნების მთავარი განმსაზღვრელი ხომ პენსიაა, მეტი არაფერი; სახელმწიფომ ჩვენი მამა და ბაბუა იმ 160 ლარამდე დაიყვანა, რომელსაც ყოველთვიურად უხდის პენსიის სახით. თავის წიგნში „The Virtues of Aging“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჰყვება, პირველად როგორ მიიღო უფასო ყავა რესტორანში, რომელსაც „უფროსი მოქალაქეებისათვის“ დილის საათებში ეს შეღავათი ჰქონდა დაწესებული. სხვა საკითხია, ასეთ ასაკობრივ კლასიფიკაციაში შენგან დამოუკიდებლად და სრულიად მოუმზადებლად რომ მოხვდები, მაგრამ სულ მცირე, რაც ამ მხრივ შეიძლება გავაკეთოთ, სიტყვების სწორი შერჩევაა. ჩემი აზრით, ცნება „უფროსი მოქალაქე“ უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავს ასაკოვან პირთა მიმართ, თუმცა, რასაკვირველია, სახელმწიფო ვერც „პენსიონერის“ ცნებაზე იტყვის უარს. სამაგიეროდ, ჩვენს მუზეუმებსა და რესტორნებს არავინ აიძულებს ამ ბიუროკრატიული ტერმინების ხმარებას და, სხვათა შორის, არც ჩვენ გვაიძულებს ვინმე.

ამას წინათ ადამიანის უფლებათა ერთი აქტივისტი აკრიტიკებდა მტკიცებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მეც დავეთანხმე. იმდენად გაგვიტაცა ამ თემაზე ენის მოჩლექით საუბარმა, რომ ცხადის იგნორირება დავიწყეთ: შეზღუდული შესაძლებლობები დიახაც არსებობს და მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი შრომა და პირველ რიგში პრობლემის იდენტიფიცირებაა საჭირო. არ მინდა, მეც ენის მოჩლექა გამომივიდეს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჯიმი კარტერიც ამბობს, ადამიანი მაშინ არის ხანდაზმული, როცა ფიქრობს, რომ ხანდაზმულია - როცა ეგუება შინ ყოფნას, სხვებზე დამოკიდებულებას, ფიზიკური და მენტალური აქტივობის მნიშვნელოვან შეზღუდვას, იმ ხალხის რიცხვის შემცირებას, ვისთანაც ურთიერთობს. კარტერის აზრით, ხანდაზმულობა მჭიდროდ არც კი უკავშირდება იმას, თუ რამდენი წელი ვიცხოვრეთ. და თავის წიგნს ასეც ამთავრებს: „ხანდაზმულები მაშინ ვხდებით, როცა ოცნებების ადგილს სინანული იკავებს.“

ჯიმი კარტერი სიამაყის ცრუ გრძნობას უწოდებს მიზეზს, რატომაც მამაჩემი ყურის ექიმთან არ მიდის. ის ამბობს, რომ „ყურის აპარატი“ არაფრით განსხვავდება სათვალისგან და ხანდაზმულებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ, თუ სჭირდებათ. ეტლის, ჯოხის და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება, მაშინ როცა ბალანსს ვერ ვინარჩუნებთ ან ვერ ვმოძრაობთ, უკეთესია, ვიდრე სირცხვილი, უხერხულობა და გარიყულობა სიამაყის ცრუ გრძნობის თანხლებით. ის ამბობს, რომ დიდია ცდუნება, მიიღო გარშემო მყოფთა დახმარება და გადაიქცე ტელევიზორის მაყურებელ, პასიურ ადამიანად. ასეთ პასიურ ადამიანებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი „მცენარეს“ უწოდებს. მისი აზრით, ყველა ჩვენგანი კომპლექსური არსებაა, სხვადასხვა ინტერესი აქვს, და ამ ინტერესების მრავალფეროვნების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულებმა იცოდნენ, რომ სავარძლისა და ტელევიზორის მოციმციმე ეკრანს მიღმა უზარმაზარი სამყარო ელოდებათ.

თუმცა, არა მგონია, საქართველოში ხანდაზმულებს სავარძლისა და ტელევიზორის მოციმციმე ეკრანს მიღმა არსებული სამყარო ბევრ შესაძლებლობას სთავაზობდეს. დედაქალაქის ცენტრში ერთი გავლაც საკმარისია, რომ დავინახოთ: საპენსიო პოლიტიკა და სოციალური დაცვა ერთი და იგივე არ არის და სოციალური დაცვის არსებულ სისტემაშიც კი ხანდაზმულთა საჭიროებები დიდად არავის ესმის. საქართველოში დაბერებას ძლიერი სოციალური სტიგმა ახლავს თან, მიუხედავად ოჯახური ღირებულებებისა, რასაც მეც პატივს ვცემ ქართულ კულტურაში, ხანდაზმულთა „პატივისცემა“ მათ „ინფანტილიზაციაში“ გამოიხატება, როცა მოხუცს ისე ექცევი, როგორც ბავშვს და როგორც „ნაკლებ“ ადამიანს. ხანდაზმულის ინფანტილიზაცია მას აკარგვინებს დამოუკიდებლობას, ის კარგავს საკუთარი თავის რწმენას და ვეღარ ხედავს საკუთარი თავის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ამას გარდა, ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ ეიჯიზმზე, რომელიც, როგორც რასიზმი ან სექსიზმი, ცრურწმენებს ემყარება, ამ შემთხვევაში - ცრურწმენებს ხანდაზმულთა წინააღმდეგ. ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ ადამიანების დისკრიმინაციაზე მათი ასაკის მიხედვით, რადგან ამას, უბრალოდ, ვერც ვამჩნევთ. ხანდაზმულთა ინფანტილიზაცია, მართალია, ცუდია, მაგრამ ხანდაზმულებსა და ბავშვებს ერთი რამ მაინც აქვს საერთო: ძნელია საკუთარი უფლებების დაცვა, როცა დამოუკიდებლობა ჯერ არ მოგიპოვებია, ან უკვე დაკარგე.

წელს საქართველოში მოსახლეობის 19,25%, ანუ 717 900 ადამიანი, მსოფლიოში კი მოსახლეობის 12,3% (901 მილიონი) 60 წელს არის გადაცილებული. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაიზრდება. HelpAge International არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხანდაზმულთა საკითხებითაა დაკავებული და 2013 წელს შეიმუშავა Global AgeWatch Index, რომლითაც 96 ქვეყანაში ზომავს ხანდაზმულთა სოციალურსა და ეკონომიკურ მდგომარეობას. 2015 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო, ჩემდა გასაოცრად, 29-ე ადგილზეა 96 ქვეყანას შორის, მაშინ როდესაც მეზობელ თურქეთს 75-ე, ხოლო რუსეთს - 65-ე ადგილი უკავია. საქართველოს ევროპის ბევრი ქვეყანაც ჩამორჩება, მათ შორის საბერძნეთი საგრძნობლად - 50 ადგილით.

ხანდაზმულთა კეთილდღეობის გასაზომად ხსენებული ორგანიზაცია ოთხ ძირითად კრიტერიუმს იყენებს: 1. შემოსავლები (პენსია, სოციალური დაცვა, მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და სიღარიბის დონე); 2. ჯანმრთელობა (მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლის ასაკისთვის, მოსალოდნელი ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლის ასაკისთვის და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა); 3. გარემო (სოციალური კავშირები, ფიზიკური უსაფრთხოება, სამოქალაქო თავისუფლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა); 4. შესაძლებლობა (ხანდაზმულთა დასაქმება და მათი განათლების მდგომარეობა).

როგორც ვხედავთ, ამ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო არც ისეთი ჯოჯოხეთია ხანდაზმულთათვის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა, ერთი პრობლემა კი აშკარად გვაქვს: სად მიდიან პენსიონერები? საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია. მათ ხომ, სულ მცირე, 20 წელი მაინც აქვთ ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ჯიმი კარტერის აზრით, არსებობს სამი წინაპირობა, რომელიც წარმატებულ ხანდაზმულობას განსაზღვრავს. ესენია: 1. განათლება; 2. ფიზიკური აქტივობა; 3. კონტროლის დონე საკუთარ ბედ-იღბალზე. კარტერს მოჰყავს მაკარტურის ფონდის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, არსებობს წარმატებული ხანდაზმულობის სამი ინდიკატორი: 1. დაავადების და შესაძლებლობების შეზღუდვის თავიდან აცილება; 2. მენტალური და ფიზიკური ფუნქციის შენარჩუნება; 3. ცხოვრებაში ჩართულობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ნაყოფიერი საქმიანობის შესრულება, შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებით. სამწუხაროდ, 160 ლარის ფარგლებში ხანდაზმულს ძალიან გაუჭირდება, თავისი ბედ-იღბალი აკონტროლოს, ხოლო ნაყოფიერი საქმიანობის შესრულებას პირველ რიგში ის სჭირდება, რომ შემსრულებლისგან ამას ვიღაც ელოდეს.

სხვათა შორის, ჯიმი კარტერმა წიგნი მაშინ დაწერა, როცა არჩევნებში დამარცხების შემდეგ იძულებული შეიქნა, „პენსიაზე გასულიყო“. თავის წიგნში ის ახსენებს ორგანიზაციას „ჭაღარა პანტერები“, რომელიც აშშ-ში ხანდაზმულთა უფლებებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა.“ „ჭაღარა პანტერები“ 1970 წელს, სხვა პენსიონერებთან ერთად დააარსა მეგი კუნმა დააარსა - მას შემდეგ, რაც 65 წლის ასაკში იძულებით გაუშვეს პენსიაზე. „ჭაღარა პანტერები“ მუშაობდა ხანდაზმულ ამერიკელთა პრობლემებზე, მათ შორის სავალდებულო საპენსიო ასაკის გაუქმებაზე, ხანდაზმულთა სახლების რეფორმაზე, ახორციელებდა სხვადასხვა სახის პროექტებს ეიჯიზმის წინააღმდეგ, მეგი კუნი ეწინააღმდეგებოდა იმ დროისთვის პოპულარულ „განცალკევების“ თეორიას, რომლის თანახმადაც ხანდაზმული ასაკი აუცილებლად განაპირობებდა საზოგადოებისგან გამოცალკევებას. ამიტომაც ებრძოდა კუნი ხანდაზმულთა სახლებს და შეიმუშავა ალტერნატიული, საზიარო საცხოვრისის მოდელი, როცა ხანდაზმული ადამიანი ახალგაზრდებთან ერთად ცხოვრობს, რის სანაცვლოდაც ეს უკანასკნელნი ქირის გადახდისას, შეღავათებით სარგებლობენ. ფილადელფიაში მოწყობილ ერთ-ერთ ასეთ საცხოვრისში დასახლდა ის და იქვე გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.

მეგი კუნს ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „თავისუფლად გამოხატე შენი აზრი, მაშინაც კი, როცა ხმა გიკანკალებს.“ ამ სიტყვებით ბევრი ვინმე გამიმხნევებია, განურჩევლად ასაკისა. მაგრამ ახლა ხანდაზმულებს მინდა მივმართო, განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც ხანდაზმულობა კიდევ უფრო უმძიმებს ისედაც მძიმე ყოფას: მას შემდეგ, რაც საზოგადოება ხანდაზმულად მიგვიჩნევს, ჩვენ, სულ მცირე, 20 წელი მაინც გვაქვს, და ეს დრო სინანულს კი არა, ოცნებების განხორციელებასა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას უნდა მოვახმაროთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG