Accessibility links

logo-print

დიდი ხნის წინ სადღაც წავიკითხე ჩვენნაირი ქვეყნების განვითარების პერსპექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ახსნა ე.წ. „სპაგეტის ტესტის“ მეშვეობით. სპაგეტის ტესტი პრიმიტიული ტესტია: იმის გასაგებად, სპაგეტი მოხარშულია თუ არა, მას კედელს ესვრი. თუ კედელს მიეკრა, მოხარშულია, თუ არა, ესე იგი ხარშვა აკლია. მოკლედ, ამ შედარების ავტორი ამბობდა, რომ „განვითარებადი ქვეყნების“ სახელმწიფოებრიობა ისეთი მყიფეა, ყველა რეფორმა და ინვესტიცია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის ჩამოყალიბებაში უბრალო ცდა და ექსპერიმენტია - ვთქვათ ისეთი, როგორიც, არც მეტი, არც ნაკლები, კედელზე სპაგეტის მიხლაა.

დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ბევრმა იფიქრა, რომ სახელმწიფო კი არა, მართლაც ექსპერიმენტია ის, რაშიც ვცხოვრობთ. ჩემთვის ეს სასოწარკვეთილება 2012 წლის სექტემბერში წამების ამსახველი „ციხის კადრების“ ნახვის შემდეგ დაიწყო და გაგრძელდა წამებისგან ცინიკური სანახაობის მოწყობით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ნაცვლად მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვით, დამნაშავეთა დასჯის მაგიერ, მათთან სრულიად გაუგონარი თანამშრომლობით. აქვე ვიტყვი, რომ ამაში ორივე პოლიტიკური პარტია დამნაშავედ მიმაჩნია: როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისე კოალიცია „ქართული ოცნება“. თუ ამ ბლოგის მკითხველებიდან ვინმე რომელიმე ამ პოლუსს მიაკუთვნებს თავს, შევახსენებდი ერთი აფრიკულ ანდაზას, რომელიც კარგად მიესადაგება ჩვენს მკაფიოდ პოლარიზებულ საზოგადოებას: „როცა ორი სპილო ერთმანეთს ებრძვის, ბალახი ითელება.“ ეს ბლოგი ამ „ბალახის“, ანუ წამების პირდაპირსა და არაპირდაპირ მსხვერპლზეა, რომელიც ამ დღეებში ორივე ამ პარტიამ დაივიწყა. ამიტომ ცალმხრივი და რადიკალური პოზიციის მოყვარულებს შეუძლიათ, აქვე შეწყვიტონ კითხვა.

როგორც ჩანს, ბოლო დროს, 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა იყო ერთადერთი, რაც ვცადეთ და გამოვიდა, დანარჩენი მცდელობები კი, დიდი მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, ფუჭი აღმოჩნდა. მაგალითად, დღემდე არ მესმის, რატომ არ ველოდით იმას, რომ 2012 წლის მერე ვინმე გაბედავდა და წამებას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებდა? რატომ დავიჯერეთ, რომ იმ სისასტიკის კვალი სადღაც გაქრებოდა? რატომ დავიჯერეთ, რომ აღარავინ მოგვისმენდა კანონის დარღვევით ან რომ ხელისუფლება აიტანდა მისთვის უხერხულობის შემქმნელ მედიას? რატომ დავიჯერეთ, რომ სასამართლოს ეყოფოდა პროფესიონალიზმი და ეთიკა და არ დატოვებდა სივრცეს „ბრბოს მართლმსაჯულებისთვის“?

2012 წელს, ჩვენ, როგორც საზოგადოება, წამების პრაქტიკას მაინც გავემიჯნეთ, როცა ვთქვით, რომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა და ის ყველაფერი ჩვენი სახელით და ჩვენი თანხმობით არ ხდებოდა. ხოლო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დანაშაულს სჩადიოდა (მოქმედებითა თუ უმოქმედობით) გადავირჩიეთ. თუმცა, ახლანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის შეფასებისას წარმოუდგენელ სიზანტეს და დაბნეულობას ვიჩენთ. ამის ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ წამების საქმეში ამ ხელისუფლებას მხოლოდ მეორადი როლი აქვს, შესაბამისად, იგი წარმატებით ახერხებს მთელი ჩვენი ბრაზის გადამისამართებას პირველადი სუბიექტის, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მოქმედი ხელისუფლება არაფერს გვიმალავს, არაფრისთვის გვიხდის ბოდიშს, არაფერს ნანობს, მას მხოლოდ ჩვენი ბრაზი და ემოცია სჭირდება და საშუალებას არ გვაძლევს, წამებას გამოძიებითა და მართლმსაჯულებით გავცეთ პასუხი. პირიქით, მან ყველა ჩაგვრთო წამებაში თანამონაწილის სახით, რათა თავად მართოს ჩვენი ბრაზი და სასოწარკვეთილება და ის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. რატომ ჩაანაცვლა წამების სანახაობამ წამების გამოძიება და მართლმსაჯულება? იმიტომ, რომ მართლმსაჯულება, თუ არ გააქრობდა, კალაპოტში მაინც მოაქცევდა ბრაზს და, შესაბამისად, ის დაკარგავდა პოლიტიკური რესურსის ძალასა და სტატუსს.

წიგნში The Wound and the Witness, The Rhetoric of Torture ჯენიფერ ბალენგი ამბობს, რომ წამების ჩვენება არის ის, რაც წამებას რიტორიკულ ინსტრუმენტად აქცევს და პოლიტიკურ სიბრტყეზე წამების „წარმატებული“ გამოყენებისათვის ძირითადი ელემენტი აუდიტორიაა, ანუ მოწმე. წამების ვიდეოებს მნიშვნელობას აუდიტორია ანიჭებს. მეტიც, ამ მნიშვნელობას აუდიტორიის მონაწილეობა ქმნის. სამწუხაროდ, რაც უნდა სასტიკად ჟღერდეს, ჩვენ ყველა ჩართულები ვართ წამებაში გულგრილი მოწმეების სახით და წინა თუ მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გარდა, მგონი, დროა, ჩვენი, როგორც აუდიტორიის როლზეც ვისაუბროთ. ყველა, ვინც წამების კადრების საჯარო თუ კერძო ჩვენებას საზოგადოებრივი ინტერესით ამართლებს, ხელისუფლების მსგავსად, წამების მსხვერპლის ღირსებაზე მაღლა საკუთარ ვულგარულ ცნობისმოყვარეობას აყენებს. წამების მსხვერპლის ადგილას რომ წარმოვიდგინოთ თავი, მივხვდებით, რომ საერთოდ არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური საინფორმაციო ინტერესი, რომელიც უფრო მაღლა დადგება, ვიდრე მსხვერპლის ადამიანობა, რაც მას ამ ძალადობით წაართვეს. ამ ყველაფრის სანახაობად ქცევით კი ჩვენ ამ დანაშაულს ვაღრმავებთ.

ამ თემაზე დისკუსიის კულმინაცია პრემიერ-მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, ირიბი მოწოდება იყო შურისძიებისკენ, თუმცა უფრო ცინიკური იყო მეორე მხრიდან წამების პრაქტიკის სრული უარყოფის მცდელობა. ამ დროს ისინი, ვინც ციხეში არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი იყო, ჩვენ გვერდით არიან. ვისაც განსაკუთრებით მოკლე მეხსიერება აქვს, ვურჩევ, გაეცნოს ორ გამოკვლევას. პირველი, სახელად „ისტორიები საქართველოს ციხეებიდან“, 2013 წელს გამოსცა საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა. ეს ცენტრი წამების მსხვერპლებს ეხმარებოდა და წიგნში მათი უშუალო მონათხრობია შეტანილი. აი, მცირე პასაჟი ერთ-ერთი მსხვერპლის ნაამბობიდან:

„ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში იყო ციხის ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე. მე კი ასეთი სამჯერ სამას სამოცდახუთი დღე მაქვს გავლილი. ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდი, როგორ აუპატიურებდნენ, როგორ სცემდნენ, და მე ხმის ამოღება არ შემეძლო. ე.წ. „ფუქსში“ რამდენჯერ ვყავარ ჩაყვანილი... „ფუქსი“, ეს არის დაახლოებით ერთი კვადრატული მეტრის გალია, „აბეზიანკას“ ეძახიან, სადაც არც დაწოლა შეგიძლია, ვერც დაჯდები, იმიტომ, რომ სკამი არ არის, ბეტონის იატაკი და რკინის გისოსებია. ნატრობ, ისეთი ძილი მოგერიოს, რომ გაითიშო და ორგანიზმმა ცოტა ხანი დაისვენოს. ხუთი წუთი ამ ბეტონის იატაკზე თვალებს მილულავ, ცოტა ხანი ორგანიზმი აღიდგენს ძალებს, მერე ისევ ფეხზე დგახარ. მე პირადად, სამი დღე და ღამე ვარ ნამყოფი ასე − არა საჭმელი, წყალზე ხვეწნა გიწევდა. ვერ გადიოდი ტუალეტში. იქვე უნდა მოგესაქმებინა და იმ სიბინძურესთან ერთად უნდა ყოფილიყავი ორი-სამი დღე. პატიმრებს ვიცნობდი, რომლებიც ორი კვირა და ერთი თვეც კი ყოფილან ესე. სადღაც მაქვს წაკითხული „ესეც გაივლის“, ხშირად ვიმეორებდი ხოლმე ამ სიტყვებს: „ესეც გაივლის, ესეც გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება.“

მეორე ანგარიში არის 2014 წელს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ გამოცემული 2003-2012 წლებში პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის გამოკვლევა, რომელიც ეყრდნობა 1200 პატიმრის ჩვენებასაც. ამ გამოკვლევაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, რომელიც პატიმართა ჩვენებებით არის გამყარებული, ვკითხულობთ დასკვნებს იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულა სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის არსებობაში არაეფექტიანმა გამოძიებამ და მართლმსაჯულებამ, ზედამხედველობის არარსებობამ.

ანგარიშში ვკითხულობთ: „2008 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹ მუხლით (წამება) მხოლოდ ხუთი საქმე განიხილებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და ცხრა საქმე 144³ მუხლით (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა). 2009 წელს ეროვნულ სასამართლოებს 144¹ მუხლით არც ერთი საქმე არ განუხილავთ და მხოლოდ ერთი საქმე იქნა განხილული 144³ მუხლით.“ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „2011 წელს გამოძიება დაიწყო დაახლოებით 10 საქმეზე გლდანის #8, ქსნის ციხის და გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევებთან დაკავშირებით.“ იმავე წელს „დაიწყო 23 საქმის განხილვა 144¹ მუხლით (წამება), საიდანაც 6 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა და 3 შემთხვევაში დასრულდა სასამართლო განხილვით. იმავე ხანებში, 144¹ მუხლით (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა) აღძრული 5 საქმიდან 2 საქმის გამოძიება შეწყდა და ერთმა საქმემ მიაღწია სასამართლო განხილვის ეტაპს.“ ამას ემატება ისიც, რომ მიუხედავად სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თაობაზე პატიმართა საჩივრებისა, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება იწყება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და არა 144¹ (წამება) ან 144³ მუხლით (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა).

ეს პასაჟი კარგად ასახავს იმ მდგომარეობის მიზეზებს, რაც წამების ამსახველ ვიდეოკადრებში გამოჩნდა. 2012 წლამდე გამოძიება და სასამართლო, უბრალოდ, არ არსებობდა. ტრაგედია ის არის, რომ გამოძიება და სასამართლო არც ახლა არსებობს, რადგან ჩვენ ამას ისე ხმამაღლა არ ვითხოვთ, როგორც საჭიროა და პროცესებში ისე არ ვმონაწილეობთ, როგორც საჭიროა. არადა, აუცილებელია მსჯელობის განახლება ასეთი სუსტი გამოძიებისა და სასამართლოს ალტერნატივის, სიმართლის დამდგენი დამოუკიდებელი კომისიის თუ სხვა მოდელების შესახებ და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა, რათა, ბოლოს და ბოლოს, აღვასრულოთ სამართალი და აღარ განმეორდეს ან დაუსჯელი აღარ დარჩეს წამება, წამების ვიდეოზე ასახვა, წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელება, წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების არაღკვეთა და სიძულვილის გაღვივება... წამება, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის საზომი ასეთ ფაქტებზე რეაგირება და მათი პრევენციაა. თუ ქვეყანას არ მოეპოვება გამოძიების ეფექტიანი ინსტრუმენტები და დამოუკიდებელი სასამართლო, თუ შეგნებული არ აქვს, რომ ადამიანის ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას, მაშინ ის იმის ღირსიც არ არის, რომ სახელმწიფოს იწოდებოდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG