Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ისაკაძე - ფსიქოლოგი


29 მარტი, კვირა

„დედი, დედიკო, დე... ავდგეთ!“

ავდექით, ჩავიცვით. წინდების ჩაცმაზე გაწევ-გამოწევა გვაქვს: „არ მინდა წინდები!“ − „რა გახდა ეს წინდები, ჩაიცვი დედი რა, აი, მე მაცვია.“ − „გაიხადე შენც!“... ელაპარაკე ახლა ამას...

„მე ჩავრთავ კომპიუტერს, მე, მეეეეე... მე დავწერ პინგუს, არა პეპას, პეპა უნდა ჩავრთო... P... e...“ − „ახლა enter-ს დააჭირე, საჩვენებელი თითით უნდა მივუთითო კლავიატურაზე შესაბამისი ასოები თანამიმდევრობით, და ისიც აჭერს, დრო სამმაგად მეტი იხარჯება, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი ეგო რეალიზებულია.

დღეს კვირაა. დღეს ნიტასი ვარ მთელი დღე, როგორც ჩემს შვილს უნდა, ისე უნდა მოვიქცე. დღეს ძიძა არ მოვა, დღეს მთელი დღე აღმოჩენების დღე გვექნება, მთელი დღის ურთიერთობის პროცესში ერთმანეთში უამრავ რამეს აღმოვაჩენთ, დავაფასებთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მშვენიერია, მე რომ მისი დედა ვარ და ის − ჩემი შვილი.

20 წუთი მინდა, რომ დავიბანო, ჩავიცვა... გვერდიდან არ მშორდება, ხან რას მთხოვს, ხან − რას. „ის მომაწოდე, წყალი მინდა, ეს გამხადე!“ ამიტომ პარალელურ რეჟიმში ვმოქმედებ, როგორც ყოველ დილას: აბაზანა, ჩაცმა, ყავა, ნიტას ინსტრუქციების შესრულება.

როგორმე თმა უნდა შევიღებო, ნიტას დედაჩემი არ იტოვებს, არ შემიძლია ბავშვებიო. სალონში მივდივართ. ბედად მულტფილმები გადის ტელევიზორში, თუ არადა, ჩანთაში ორი სათამაშო და სახატავი მაქვს.

„დედი, ხინკალი მინდა!“

ათი ხინკალი და ორი ჩაი, ნიტა ცომს ჭამს, მე − ხორცს.

„დედი, საბაგიროზე მინდა! მინდა, მინდა!..“

მივდივართ რიყეზე. ცივა, ცოტა წვიმს კიდეც, სიცივისგან ხელები მეყინება, მილურჯდება. ნიტას კიდევ როგორი თბილი ხელები აქვს, ხელს რომ ჩავკიდებ, თითქოს ხელთათმანს ვიცვამ. საბაგიროს წვიმიანი, დაბურული შუშებიდან ნისლში გახვეულ სველ ქალაქს გადმოვხედეთ. ახლა შუშის ხიდზე გადავალთ. ნიტა სივრცეში საუცხოოდ ორიენტირებს.

„როგორ წვიმს, დედი! ტაქსით წავიდეთ!“ - გადაწყვიტა ნიტამ.

ჩემს დასთან მივდივართ, სანდროს ნახვასაც მოვასწრებთ. სანდრო, ჩემი დისშვილი, ხუთი თვისაა.

„სანდრო უფრო პატარაა თუ მე? მე როდის დავპატარავდები? რატომ არის სანდრო პატარა? მე რომ დავპატარავდები, პამპერსი და ბოთლი მექნება? მე სამი წლის ვარ? მერე ოთხის გავხდები?“

„ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, რამდენი წლისაც ხარ, იმდენი წლის გვიყვარხარ.“

სანდროზე ეჭვიანობს ხოლმე ნიტა, იქიდან დაბრუნებული მერე სპექტაკლებს დგამს: „ამიყვანეთ, ვტირი, აი ვტირიიიიი, ააააა, მომაქციეთ ყურადღება, საწოვარა მინდა, არ ვიცი ლაპარაკიიი!..“ მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ნიტას გარდასახვის უნარით, თუმცა ეს ჩვეულებრივი თავდაცვითი მექანიზმია, ასაკობრივია. საშიში არაფერია, მთავარია, უფროსებმა აღვიქვათ სწორად. ამ დროს დედაჩემი ბრაზდება ხოლმე ფუ, რეებს შვრება ეს ბავშვიო, ამბობს.

თბილისში ბავშვებისთვის გასართობი ადგილის მოძებნა შეუძლებელია. 5 საათი ხდება, „მაკდონალდსში“ მივდივართ „ჰეპი მილში“ ნაპოვნი სათამაშოთი გამოწვეული სიხარულის შეგრძნების მიზნით. ვსხდებით მეორე სართულზე, საიდანაც გრძელი მაღალი ფანჯრიდან ჩანს ბებერი ჭადარი, ველოსიპედი, მელიქ აზარიანცის სახლის ერთი კედელი. წვიმს ისევ.

საღამოს გიორგიც მოდის. ორსულად რომ ვიყავი, სულ მეშინოდა, ნიტა რაიმე პრობლემით არ დაბადებულიყო, ანუ სულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან რომ ვმუშაობ და ვკონტაქტობ, მაინც მეშინოდა, ადამიანური შიშით მეშინოდა... გიორგის რომ ვუთხარი, მიპასუხა, მერე რა მოხდა, გინდ პრობლემური დაიბადოს, ხომ ჩვენი შვილი იქნება და ისევე გვეყვარება, როგორც სხვა შემთხვევაშიო. დაუნის სინდრომით რომ იყოს-მეთქი? მაინც შევიყვარებთ, ჩვენი შვილი იქნება, სახლში წამოვიყვანთ და გავათამამებთო. ამის შემდეგ აღარ მეშინოდა. ეს არის სიტყვები, რომლებიც მაძლიერებს.

11 საათი ხდება.

„დამაძინე დე, მიმღერე!“

თავისუფლების დღიურები - თამარ ისაკაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:27 0:00
გადმოწერა

30 მარტი, ორშაბათი

მარჯვენა ხელით კბილებს ვიხეხავ, მარცხენა ხელით ჩაის ვუკეთებ ნიტას, თან შარვლის ჩაცმას ვლამობ, მარცხენა თვალით გვერდულად საათს გავხედავ, მარჯვენათი − ნიტას, რომ სადმე არ აძვრეს, უცებ არ გადმოვარდეს. ჯერ 8:30-ია, ცოტაც, ცოტაც და ნინო მოვა. ნინო ძიძაა, ნინო რომ არ მოდიოდეს, სამსახურში ვერ ვივლიდი, შესაბამისად ვერც ჩემი თავის პროფესიულ რეალიზებას მოვახდენდი, ვერც გემრიელი ოლადების სურნელს დავატრიალებდი რძიან ყავაზე მისაყოლებლად. ეს ბინა სულ ერთი ოთახია, მაგრამ ნიტა ხუთი სანტიმეტრითაც არ მშორდება. ახალ თამაშს ვიგონებ: „მოდი, ვითომ ჩუქუ-მატარებელი ვართ, აბა, მომკიდე ჟაკეტზე, ჩუქუ ჩუქუ...“ მივდივართ, ჩუქუ... აბა, დედამ ყავა გაიკეთოს, ახლა სარკესთან მივდივართ მატარებელი ვართ, ახლა დედამ სახეზე კრემი წაისვას... „მე წითელი ვაგონი ვარ, შენ რა ფერის ვაგონი ხარ?“ – „შენ ლურჯი, იმიტომ რომ ლურჯი მაისური გაცვია...“

ნინო მოვიდა!

ამოვისუნთქე, ახლა 15 წუთი მაქვს, რომ ჩავიცვა და გავვარდე.

„ჰიალურონის მჟავა სახის კანს ჭიმავს მაგრად“ − ორი თვეა, მგონი, დედაჩემი ყოველდღე მიყვება ამ მჟავას სასწაულმოქმედების შესახებ. ცალი ყურით ვუსმენ, პარალელურად ხელფასს ორად ვყოფ: ბინის და ძიძის, დღეს კომუნალურებიც უნდა გადავიხადო, თორემ გათიშავენ. სახლი საშინლად დასალაგებელია. სახლს ვინ ჩივის − ჩანთა, კომპიუტერის დესკტოპი და კარადა დამალაგებინა ნეტა.

„ჰიალურონის მჟავა...“

„წავედი, ნინო!“

მორჩა, ლიფტში ვარ, სულ რომ დიდი საცობი იყოს, მაქსიმუმ 20 წუთში მივალ ტაქსით საბურთალოდან პლეხანოვამდე. ცივა გარეთ, თოვლნარევი წვიმა მოდის, ქოლგა არ მაქვს, თავი ვერ მოვაბი ქოლგის ყიდვას, ამიტომ დიდი შარფი მაქვს შემოხვეული.

„თავშლის გამო ვინმე არაბი და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეგონეთ რა, გოგონი, მაპატიეთ“ − მიბოდიშებს ტაქსის მძღოლი.

„და მერე რა, სხვა ქვეყნიდან რომ ვიყო?“

„აღარ იტევს ეს თბილისი ამდენ ინდოელს და ირანელს და რა ვიცი მე... ზანგებს.“

„გამიჩერეთ რა, არ მინდა ამის მოსმენა!“ − გადმოვდივარ ეგრევე.

რა გავაკეთე ვითომ ამ საქციელით? სამსახურში ვაგვიანებ ისედაც, მაგრამ იქნებ შეცვალოს ამ კონკრეტულმა მძღოლმა დამოკიდებულება? თუნდაც იმის გამო, რომ მგზავრი დაკარგა. ბიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ უარყოფითი განმტკიცება ამ დროს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

სამსახურში ფეხით მივდივარ. როცა სამსახურის საქმეები და შენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ეს სულიერი ჰარმონიაა და სტრესი ნაკლებად გემუქრება. ინკლუზიური განათლება რა არის ჩემთვის? ეს მარტო სამსახური არ არის, უფრო სწორად, ეს ჩემთვის საერთოდ არ არის სამსახური, ეს ჩემი ცხოვრების წესია, ჩემი დამოკიდებულებაა ადამიანებისა და მათი თანაცხოვრებისადმი; პოზიციაა, რომელიც ყველა სფეროში უნდა აისახოს; ადამიანური ჰარმონიის ამოხსნის გასაღებია, ჩვენ, ადამიანებმა რომ უნდა ვაღიაროთ, რომ განსხვავებულები, მაგრამ თანასწორები ვართ. ეს თავიდან ბოლომდე მჯერა და მინდა, ყველას გავაგებინო. ამის კეთებაში სამსახური მეხმარება.

31 მარტი, სამშაბათი

თავის აუტანელი ტკივილი მაღვიძებს. გეგმები შემეცვალა, დილიდან სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი საქმეები. სამშაბათის to do list-ი აირია, ზოგი საქმე ამოვარდა, ზოგი − ხვალისთვის გადავიდა. ვერ ვიტან, გეგმები რომ მეცვლება. ძალიან რიგიდული ვარ აშკარად. თუმცა, მთავარია განწყობა, და მეც უცებ გადავერთვები ახალ რუტინაზე.

სამსახურში რუტინულ წვრილმანებში ჩავერთე, მობილურზე რამდენიმე ზარს ვუპასუხე, ელფოსტაზე ხუთ, ექვს თუ შვიდ წერილზე გავეცი პასუხი. ახლა მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ანგარიშები უნდა დავამუშაო. არა, ჯერ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დასკვნებს წავიკითხავ, დავაკომენტარებ... ანგარიშებს ხვალ გავაკეთებ. ტელეფონი არ ჩერდება:

„გამარჯობათ, ქალბატონო თამუნა (ეს „ქალბატონო“ ძალიან მეუცხოება). თქვენი ნომერი მომცეს, ჩემს შვილს აქვს სწავლაში პრობლემები, კი არის შეფასებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რეკომენდაციებიც დაუწერეს, როგორ უნდა იმუშაოს მასთან მასწავლებელმა, მაგრამ ვერ რთავს ჩემს შვილს, ლუკას, კლასში, სულ რესურსოთახშია ბავშვი. მე ვამეცადინებ, ამის გამო სამსახურსაც თავი დავანებე...

დეტალურად გამოვკითხე მშობელი, მოვუსმინე, ემოციურად დავამშვიდე, შევპირდი, რომ გავარკვევდი. ახლა სკოლაში ვრეკავ, სკოლა მეუბნება, ყველაფერი კარგად გვაქვსო. იდეალურად მუშაობს მასწავლებელიო. გადავწყვიტე, მულტიდისციპლინური გუნდის წევრი გავუშვა კეისის სუპერვიზიაზე.

რამდენიმე კეისია კიდევ მოსაკითხი. რუსკა მეხმარება, რუსკა ნამდვილი ოქროა, თითოეული ბავშვის საქმე ბოლომდე მიჰყავს, მშობლებს აკვალიანებს, ბევრ რამეს აკეთებს, სანდო ადამიანია. სანდო და პოზიტიური.

1 აპრილი, ოთხშაბათი

დღეს, რაც დაგეგმილი მაქვს, როგორმე ყველაფერი უნდა მოვასწრო. მიმდინარე კვირა მთლიანად აუტიზმს ეთმობა, მთელ მსოფლიოში უამრავი ღონისძიება იმართება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. საქართველოშიც მიმდინარეობს რაღაც კარგი ცვლილებები ამ კუთხით. 11 საათზე პრეზენტაციაა, ეკამ თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს კიდევ ერთხელ შეახსენა ინკლუზიური განათლების წესები. ეკას ბევრი კარგი თვისება აქვს, მოტივაცია აქვს ამ საქმეში, ძალიან ვაფასებ. დარბაზი დიდია, ხალხიც ბევრია, მგონი ყველა დირექტორი აქ არის. ისმენენ და აქტიურად სვამენ კითხვებს. ეს კარგია, მაგრამ მაინც იგრძნობა ბარიერები, მუდმივად იგრძნობა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულება − „ჩვენ“ და „ისინი“.

ჯერ კიდევ დღის პირველი ნახევარია, „რუსთავი 2“-ზე „შუა დღეში“ მივდივარ, აუტიზმის მქონე ბავშვების თემაზე სალაპარაკოდ. წინა ბლოკში ქალბატონი თამარ გაგოშიძეა მიწვეული, ისიც ბავშვების თემაზე. ერთი სიამოვნებაა მისი მოსმენა. ეთერში შესვლამდე ვუთხარი კიდეც, მეუხერხულება, თქვენ შემდეგ მე რომ უნდა ვისაუბრო აუტიზმზე-მეთქი. გაეცინა და ძალიან უშუალოდ რაღაც გაიხუმრა კიდეც.

საღამოს საჯარო ლექციას ვკითხულობ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს, სამართლის, ჟურნალისტიკის, სტომატოლოგიისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისგან შედგება აუდიტორია. ძირითადი, ჩემი მიზანი და მესიჯი ის არის, სტუდენტებს და მომავალ პროფესიონალებს ვუთხრა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები არ არიან განწირულნი იმისთვის, რომ მიიღონ მხოლოდ ექიმის მომსახურება ან ქველმოქმედება; რომ საზოგადოება მრავალფეროვანია და, როგორც პაზლის (რომელიც აუტიზმის სიმბოლოა) სხვადასხვა ფერი, ისე საზოგადოებაც მრავალფეროვანია და სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ხასიათის ადამიანებისგან შედგება. შესაბამისად, თავსატეხი რომ აიწყოს, საზოგადოების ყველა განსხვავებულმა წევრმა ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს.

სახლში 9-ზე შემოვდივარ, ძალიან დაღლილი. ნიტას ვაძინებ, სრულიად უსმენო სიმღერით, მარტო მას მოსწონს და ითხოვს, რომ ვუმღერო. ვფიქრობ, ნიტას დავაძინებ და სიგარეტს მშვიდად მოვწევ-მეთქი. მაგრამ ნიტაზე ადრე მე ჩამეძინა.

2 აპრილი, ხუთშაბათი

2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ გამოაცხადა.

დილით ჟურნალისტი მირეკავს, თქვენი თანამდებობა ზუსტად მითხარითო, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი“ − ბოლომდე მაცალა სიტყვის დამთავრება და, ცოტა მოკლედ არ შეიძლებაო?

რა თქმა უნდა, 2 აპრილი აუტიზმს ეძღვნება. აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებს ბევრი საჭიროება აქვთ, საქართველოში სერვისების სიმცირე და სიძვირეა. საღამოს ფილარმონიაში იმართება კონცერტი, რომელიც აუტიზმს ეძღვნება, ამ ყველაფერს მშობლებმა გაუკეთეს ორგანიზება, ძალიან მაგრები არიან!

ახლობელი მირეკავს, როგორც ფსიქოლოგი, იქნებ დამეხმარო, ჩემს შვილს ბაღში სიარული არ უნდა, პრობლემები აქვსო.

ბავშვები დაბადებიდან იკვლევენ გარემოს, ეს მუდმივი ურთიერთქმედების საფუძველზე მიღწეული ადაპტაციის პროცესია, ძალიან რთული პროცესი! გარემოში ყველაფერი იგულისხმება, დაწყებული ოთახში მდგარი ავეჯით, დამთავრებული მშობლების მიერ ნათქვამი სიტყვებითა და მოპყრობით. ზოგჯერ ბავშვები, როცა ჯიუტობენ და ცელქობენ, სინამდვილეში ვითარდებიან, ამიტომ არ უნდა გავბრაზდეთ, მაგრამ მათთან მოპყრობის უკეთესი ხერხები მუდმივად უნდა ვისწავლოთ; პირველ რიგში ჩვენ, დიდებმა უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვექცეთ შვილებს. უმეტესობას ჰგონია, რომ რადგან მშობელია, მშობლის როლთან ერთად მზა ცოდნა აქვს ბავშვის აღზრდის საკითხებში. ზოგს ისიც ჰგონია, მშობლობა აუცილებლად იმას ნიშნავს, რომ სიმართლე მუდამ უფროსის მხარეს იყოს. ზოგ მასწავლებელსაც ასე ჰგონია. მოკლედ, წამყვანი პოზიციის დათმობა, ჩემი დაკვირვებით, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან ეძნელებათ. იქნებ ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში იშვიათად ნახავთ ბაღის ან დაწყებითი კლასების მასწავლებელს, რომელიც, სპორტულად ჩაცმული, ბავშვებთან ერთად იატაკზე ზის და მათთან ერთად თამაშობს.

3 აპრილი, პარასკევი

აბაზანაში შევდივარ, შემორბის ნიტაც:

„დე, მეც დამბანე, მეც, მეც... მაბანავეეეეეეეეეე!“ − „კი გაბანავებ, როცა მოვრჩები.“

ტრენინგებზე მშობლებს და მასწავლებლებს „ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის მოდულში“ ვეუბნები ხოლმე: „წინადადება დაიწყეთ დადებითი სიტყვით, ბავშვთან უფრო მეტად გახვალთ შედეგზე, თუკი დაეთანხმებით მას წინადადების პირველ ნაწილში და მეორეში შესთავაზებთ განხორციელების გზას.“ ნიტას შემთხვევაში ამ რეკომენდაციამ აშკარად გაამართლა, ამიერიდან ტრენინგებზე უფრო დამაჯერებლად გავაჟღერებ ამ რეკომენდაციას, როგორც შედეგზე ორიენტირებულს. ფსიქოლოგ-ტრენერის როლზე მიჯაჭვულობა მაქვს. მოდულების დამუშავება, თეორიისა და პრაქტიკის შეჯამება, აუდიტორიისთვის ინფორმაციის გაზიარება და გაზიარების მეთოდების მუდმივი ძიება. ტრენერობა 2007 წლიდან დავიწყე. რეგიონებში, სოფელ-სოფელ დავდიოდი და ვუზიარებდი ინფორმაციას მასწავლებლებს, როგორ ასწავლონ ისე, რომ არ ავნონ; ისე, რომ ტრავმა არ გაუჩინონ; ისე, რომ შედეგზე გავიდნენ. ბავშვზე ორიენტირებული სწავლების მიმართ ჯერ კიდევ არ არის სრული მიმღებლობა, ამიტომ ინკლუზიური განათლების პრობლემა ზოგადი პრობლემის ნაწილია. თუმცა, არიან გამორჩეული ნოვატორი და კრეატიული მასწავლებლები, ოღონდ ცოტანი არიან, და თუ არ მომრავლდნენ, სკოლა ფსიქოტრავმების წყარო იქნება მუდამ.

საღამოს მე და ეკა ილიას უნივერსიტეტში, „ლიგამუსში“ მივდივართ. დისკუსიაა აუტიზმის შესახებ. ბევრი ხალხია, ძალიან ბევრი ნაცნობი. ნინცოს და ნატას ვხედავ გამომსვლელებში. თავის დროზე ამ ადამიანებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჟანას სიტყვა მომეწონა ყველაზე მეტად, აუტიზმზე კი არა, ბავშვზე უნდა ვისაუბროთო. ცენტრში უნდა იდგეს მსჯელობა ბავშვზე, რომელიც ამ საზოგადოების წევრია. ვერ ვისწავლეთ ადამიანებზე ორიენტირება. რა გვჭირს?!

დისკუსიის შემდეგ მე და ლია ტაბატაძე ვერანდაზე ვსხდებით. სიგარეტს მოვწევ მშვიდად. რომ ზიხარ და აუჩქარებლად ეწევი სიგარეტს, ამაზე მეტი დასვენება რა გინდა! ლიასთან ლაპარაკი მიყვარს. არაჩვეულებრივი ადამიანია! ზოგჯერ მგონია, რომ მეჩვენება, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი კარგი იყოს? ლია ის ადამიანია, რომელმაც 21 მარტს მთელი ქვეყნის მობილიზება შეძლო დაუნის სინდრომის შესახებ სოციალური კამპანიის ფარგლებში.

4 აპრილი, შაბათი

გუშინ, ნიტა რომ დავაძინე, 11 საათი ხდებოდა. მეც, სანამ ძილი მომერეოდა, მოვასწარი და მაღვიძარა ღამის 3 საათზე დავაყენე. ასე ვიქცევი ხოლმე, როდესაც სამუშაო მაქვს, ცოტა უნდა დავიძინო და მერე, გათენებამდე ჯერ რომ კიდევ ადრეა, მაშინ ავდგე.

ტრენინგი დამიკვეთეს, როგორც კერძო პირს. კარგია, ჩემთვის ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა, ოღონდ მოდულის ღამე წერის და შაბათ-კვირას მუშაობის ხარჯზე. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს რესურსებს კარგად არ ვიყენებ, თორემ ფინანსურად ცოტა მეტი მექნებოდა, ან, უბრალოდ, დრო არ არის ფიზიკურად, რომ სხვა საქმეც ვაკეთო... ამას წინათ, 21 მარტისთვის ჭრელი წინდებით ფოტოების გადასაღებად რომ წავედით, იქ ცირა ვნახე და ხუმრობით ვკითხე, ფსიქოლოგ-ტრენერები ხომ არ გინდათ ღამის ცვლაში-მეთქი?

დღეს, 2 საათზე, მსვლელობაა ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით. ამას წინათ გავიგე, რომ ძაღლების ქუჩაში მოკვდინება ისევ დაიწყეს. გადავირიე, ვინ გასცა ასეთი განკარგულება? მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილზე უფრო გავბრაზდი, ვისაც პროტესტი არ გაუჩნდა.

ხვალ ბზობაა, მომავალ კვირაში − აღდგომა. რაღაც უცნაურ კულინარულ-გასტრონომიული რელიგიაა ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული. მესმის, როგორ დადის მრევლი მოძღვართან იმ მიზნით, რომ სამარხვო კარაქზე, ტორტზე თუ რძის პროდუქტებზე აიღოს კურთხევა, ვხედავ ძვირადღირებულ მანქანებს, კურთხევის ნიშნად ჯვრები რომ აქვთ მიკრული; ვხედავ, ხალხი ფეისბუკზე როგორ აზიარებს ხატებს და ლოცვებს... ზოგიერთმა ასეთმა ადამიანმა სოციალური ქსელიდან წამშალა, იმის გამო, რომ ქსენოფობია და ჰომოფობია მიუღებელია ჩემთვის. არ მინდა, რომ მოზვერი და ცხვრები მოკლან ამ აღდგომას. რაღაც უცნაური ფენომენია ეს ყველაფერი. მარტო უცნაური რომ იყოს, რა უშავს, აგრესიული ფენომენია! ისე, ზოგი მღვდელი ისე ჩხუბობს ხოლმე, მრევლიც მათ ბაძავს, ალბათ. მარტივი სოციალური დასწავლის თეორიაა, მოიქცე ისე, როგორც შენთვის მისაღები ავტორიტეტი. არადა, ჰუმანიზმი და სიყვარული, რაც ქრისტემ იქადაგა, იმდენად ამოუხსნელია, იქამდე ვერ მივა კაცობრიობა; თითოეულ ადამიანს მხოლოდ იქამდე მისვლის მცდელობების განხორციელების უნარი თუ აქვს თავის სიცოცხლის მანძილზე.

როგორი წვიმიანი გაზაფხულია, მაგრამ იმედიანი. წვიმიანი იმედებიც არსებობს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG