Accessibility links

logo-print

რატომ უთხრეს უარი „მე-9 არხს“ დაშავებულის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე?


კახა ბექაური, თამარ რუხაძე

კახა ბექაური, თამარ რუხაძე

23 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ინგოროყვას სახელობის კლინიკის, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს, ადმინისტრაციამ მოულოდნელად უარი თქვა „მე-9 არხის“ შეთავაზებაზე, ტელეკომპანიას დაეფარა 21 მაისის ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მალხაზ ბიჩინაშვილის მკურნალობის ხარჯები. როგორც ცნობილია, ავტომობილს, რომელიც ”ლაგუნა ვერესთან” ფეხით მიმავალ მამაკაცს დაეჯახა, „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა.

რატომ გადაწყდა, რომ დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს და რატომ არის ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები უცნობი?

„მე-9 არხის“ ხელმძღვანელობა დღესაც მზადაა 21 მაისის ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 31 წლის მალხაზ ბიჩინაშვილის მკურნალობისათვის საჭირო ყველა ხარჯი დაფაროს. ავარიის ღამით საავადმყოფოს ადმინისტრაცია და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამის თაობაზე შეთანხმდნენ კიდეც. იმავე საღამოს საავადმყოფოს ანგარიშზე რეანიმაციაში მყოფი პაციენტისათვის ორი დღის საფასური 2000 ლარიც გადარიცხეს, თუმცა მეორე დღეს რატომღაც ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმებმა „მე-9 არხის“ წინადადებაზე უარი თქვეს:
გვითხრეს, რომ ეს ადამიანი ამ დრომდე არ არის ბოლომდე იდენტიფიცირებული, მისთვის არავის მოუკითხავს და კიდევ ის, რომ გამოძიების დასრულებამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, სახელმწიფო იღებს თავის თავზე ყველა საჭირო ხარჯსო...

”შეთანხმებულები ვიყავით, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციას ანგარიშფაქტურა უნდა გადმოეცა და მომდევნო დღეების განმავლობაში საჭირო თანხას ჩავრიცხავდით, თუმცა გუშინწინ გვითხრეს უარი.”

მოულოდნელ უარს ორი მიზეზი ჰქონდა, აცხადებს კახა ბექაური:
”გვითხრეს, რომ ეს ადამიანი ამ დრომდე არ არის ბოლომდე იდენტიფიცირებული, მისთვის არავის მოუკითხავს და კიდევ ის, რომ გამოძიების დასრულებამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, სახელმწიფო იღებს თავის თავზე ყველა საჭირო ხარჯსო.”

ეს არგუმენტი გაუგებარია ადვოკატ შალვა თადუმაძისათვის, რომელიც „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის ინტერესებს იცავს. თადუმაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია თავის თავზე აიღოს დაშავებულის მკურნალობის ხარჯების დაფარვა:

”როგორც წესი, არ არსებობს პრაქტიკა, რომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო აფინანსებდეს დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს. ეს პირი კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა და მას შეუძლია თავადაც გადაიხადოს საჭირო თანხები და შემდეგ მოსთხოვოს სასამართლოს გზით მას, ვინც გამოიწვია მისი დაშავება, ან სულაც ეს ვალდებულება თავად აიღოს მეორე მხარემ.”

დღეს საქმე აღძრულია ფაქტზე და, რუხაძის ადვოკატის განცხადებით, მას კვალიფიკაცია მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭება, რაც ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდება და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამოიკვეთება. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მალხაზ ბიჩინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია და ის რჩება რეანიმაციის განყოფილებაში. თავად თამარ რუხაძე, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსით დაიკითხა, აცხადებს, რომ მას არა აქვს არც მისი მონახულების და არც მის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ამავე დროს, არც მას და არც მის ადვოკატს არ მიეცა დაკითხვის ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნის ნახვის საშუალება. რუხაძემ 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა მთავარი დაშავებულის სიცოცხლეა.
ეს ფაქტი არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლის იარაღი ჟურნალისტზე, არ უნდა დააშანტაჟონ ჟურნალისტი იმის გამო, რომ ის ამ ავარიაში მონაწილეობდა, რადგან ეს იყო ჩვეულბერივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ყველას შეიძლება მოუვიდეს...

იმის გამო, რომ მომხდარი ფაქტის გარშემო არაერთი კითხვა გაჩნდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალური წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესის გამო საჯარო გახდეს დაშავებული ბიჩინაშვილის მდგომარეობა. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ რადგან მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანიის თანამშრომელს ეხება, ეს საქმე მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს:

”მაღალი საზოგადოებრვი ინტერესის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯარო უნდა გახადოს და ვიცოდეთ, რა მდგომარეობაში მიიყვანეს ის საავადმყოფში, რა სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, როგორ არის დღეს. ეს ფაქტი არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლის იარაღი ჟურნალისტზე, არ უნდა დააშანტაჟონ ჟურნალისტი იმის გამო, რომ ის ამ ავარიაში მონაწილეობდა, რადგან ეს იყო ჩვეულბერივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ყველას შეიძლება მოუვიდეს.“

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, გამოძიებამ გეზი შესაძლოა იცვალოს დაშავებულის გარდაცვალების შემთხვევაში. ინგოროყვას სახელობის კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით ის ამ ეტაპზე ვრცელი კომენტარისგან თავს შეიკავებს. მან დაგვიდასტურა მხოლოდ ის, რომ მალხაზ ბიჩინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.
XS
SM
MD
LG