Accessibility links

logo-print
„თვალსაწიერი“ - ასე ჰქვია თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილი წერილების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც ორიოდე დღის წინ გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში. წიგნში თავმოყრილია მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლების, ანთროპოლოგების, ფიზიკოსებისა და თეოლოგების წერილები, რომლებსაც თამაზ ჩხენკელი 45 წლის განმავლობაში თარგმნიდა. პრეზენტაცია თამაზ ჩხენკელის დაბადების დღეს გაიმართა. 26 ნოემბერს ცნობილ ქართველ მწერალსა და მთარგმნელს 86 წელი შეუსრულდებოდა.

26 ნოემბერს თამაზ ჩხენკელის მეგობრებმა, კოლეგებმა და თაყვანისმცემლებმა პოეტის, მთარგმნელისა და მკვლევრის მრავალწლიანი შრომის მორიგი ნაყოფი იხილეს. უილიამ ჯეიმსის, ალბერტ აინშტაინის, ხორხე ლუის ბორხესის, ერვინ შროდინგერის, კარლ ჲასპერსის, მაქს ვებერის, ვერნერ ჰაიზენბერგის, ოსიპ მანდელშტამის, იუჯინ ნაიდას, ალექსეი ლოსევის, მორის ბოურას, მაქს იაკობსონის, პერ ლაგერკვისტისა და სხვა ცნობილ მოაზროვნეთა ქართულად თარგმნილ სტატიებს თამაზ ჩხენკელი პერიოდულ გამოცემებში ოთხი ათეული წლის განმავლობაში აქვეყნებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჰქონდა მათი შეკრებისა და ერთ წიგნად გამოცემის მცდელობაც, თუმცა, როგორც მწერლის ქალიშვილი ნათია ჩხენკელი ამბობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ დასცალდა:

ნათია ჩხენკელი

ნათია ჩხენკელი

„ხვდებოდა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი და მე მთხოვა ამ წიგნზე მუშაობა. ნამდვილად ვერ გავბედავდი, მამაჩემის თხოვნა რომ არა! ეს წიგნი არის ადამიანზე და იმ აქტუალურ, პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ადამიანსა და მთელ კაცობრიობას აწუხებს და აინტერესებს და მათი გათვალისწინების გარეშე, ალბათ, ჩვენი ცივილიზაცია დაიღუპება..."

ნათია ჩხენკელის თქმით, ფაქტობრივად, ამ ტექსტებშია ჩამოყალიბებული თამაზ ჩხენკელის კრედო - მრწამსი, კრებულის მრავალფეროვნება კი, როგორც პროფესორი ზურაბ კიკნაძე შენიშნავს, თამაზ ჩხენკელის ინტერესებმა განაპირობა.

„ის ხომ მოწოდებით პოეტი იყო, ლიტერატორი, მთარგმნელი, რომელმაც კონგენიალური თარგმანები შექმნა - მარტო ჩინური პოეზიის თარგმანი რად ღირს. ამ კრებულში შესული ტექსტების თარგმნა კი მისი ერთგვარი ჰობი იყო, მოცალეობის ჟამს გაკეთებული. თითქმის ყველა ტექსტი ჩემი თანდასწრებით იქნა გაკეთებული. მახსოვს მისი აღფრთოვანება ამ პუბლიკაციებით, როცა ქვეყნდებოდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. ქართველ მკითხველს აკლდა ამ სახის ლიტერატურა. აქ არიან ფიზიკოსებიც, მაგრამ ფიზიკის საგანზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლიტერატურაზე მსჯელობა, ჰუმანიტარულ საგანზე, ფართო გაგებით - რა არის ადამიანი. მახსოვს, რომ წაიკითხა აისლის „შეუპოვარი არსება“, როგორ აღფრთოვანდა... მგონი, ეს ტერმინი მისი მოგონილია, მანდ შეიძლება სულ სხვა რამე ეწერა სათაურად, მაგრამ ეს შეუპოვრობა მასაც ახასიათებდა და ბევრს ხედავდა საკუთარს. ჩათვალა საჭიროდ, რომ ქართულად ეთარგმნა. თითქოს თვითონ წერდა, ისეთი ჰარმონია ჰქონდა იმ აზრებთან, რომელსაც ცნობილი მეცნიერები გამოთქვამდნენ“, - უთხრა ზურაბ კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

სწორედ ამერიკელი მწერლისა და ანთროპოლოგის ლორენ აისლის ტექსტში გაისმის ყველაზე მკაფიოდ პასუხი კითხვაზე - ვინ არის ადამიანი? ფრაგმენტი თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილი „შეუპოვარი არსებიდან“:

„არც ერთ ცხოველს არ ესაჭირება სიყვარული ისე ძალუმად, როგორც ადამიანს. უსიყვარულოდ სიცოცხლე მისთვის წარმოუდგენელია. ადამიანი წინააღმდეგობებისაგან არის შეძერწილი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მილიტარისტების მტკიცებით, ადამიანებს მეომრული ინსტინქტები აქვთ, კაცობრიობის უმრავლესობას სძულს და ეშინია ომის. ხალხი რომ აომო, საჭიროა მოუწოდო, პროპაგანდით გააბრუო, დაარწმუნო საკუთარი საქმის სიმართლეში. დიქტატორებიც კი იძულებული არიან ჰუმანური პრინციპები მოიშველიონ“.
თამაზ ჩხენკელმა შეძლო ჩინური პოეზიისათვის დამახასიათებელი განწყობილებებისა და ნიუანსების იუველიურ დონეზე მოტანა, რასაც აღწევდნენ ლი ბო, დუ ფუ, ბო ძიუი, ვან ვეი და სხვები...

კრებულში, რომლის ავტორი თამაზ ჩხენკელია, ბუნებრივია, ასახვა პოვა მწერლის ორმა დიდმა ვნებამ - თარგმანმა და პოეზიამ. აქ ნახავთ ცნობილი მეცნიერის, იუჯინ ნაიდას ესეის „თარგმანის ხელოვნებისათვის“, რომელშიც დინამიკური ეკვივალენტურობის თეორიის საფუძვლებია ახსნილი. აქვეა ოსიპ მანდელშტამის ორი ესეი („სიტყვა და კულტურა“, „გამოხდომა“), რომლებშიც დიდი პოეტი პოეზიის ზუსტ მეცნიერებად დაფუძნების შესაძლებლობასა თუ აუცილებლობას განიხილავს. „ერი არ ირჩევს თავის პოეტებს, ზუსტად ისევე, როგორც არავინ ირჩევს მშობლებს. ერი, რომელიც პატივს არ სცემს თავის პოეტებს, არაფერსაც არ იმსახურებს“, - ამბობს მანდელშტამი და იქვე უპასუხებს შეკითხვას - „ხუმრობაა ლექსის წაკითხვა?“

„პოეტური წიგნიერება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვეულებრივ წიგნიერებას, ე.ი. ასოების კითხვის ცოდნას, არც ლიტერატურულ ნაკითხობას. თუ ლიტერატურული უწიგნურობა ჩვენში თვალუწვდენელია, პოეტური უწიგნურობა შემზარავია, და მით უარესი, რომ მას საერთო უწიგნურობაში რევენ და რომ ყველა, ვინც კი წერა-კითხვა იცის, პოეტურად წიგნიერ კაცად ითვლება. თქმული ორმაგად ეხება სნობიზმით დაავადებულ, ნახევრად განათლებულ ინტელიგენტურ მასას“.

თამაზ ჩხენკელის ამ და სხვა თარგმანებმა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნიეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ კულტურას. პოეტ გივი ალხაზიშვილის თქმით, ლიტერატურული პროცესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბო ძიუის ლექსთა კრებულისა და თაგორის „გიტანჯალის“ თარგმანები.

„თამაზ ჩხენკელმა შეძლო ჩინური პოეზიისათვის დამახასიათებელი განწყობილებებისა და ნიუანსების იუველიურ დონეზე მოტანა, რასაც აღწევდნენ ლი ბო, დუ ფუ, ბო ძიუი, ვან ვეი და სხვები“, ამბობს გივი ალხაზიშვილი:

„...უცბად იქცა დინებად, მიმდინარეობად ქართულ პოეზიაში - ჩემს თაობაში, ჩემს წინა და მომდევნო თაობებში, მაგრამ რაც შეეხება თაგორის თარგმანებს, აქ ჩნდება ერთი პროსოდიული ელემენტი, ანუ ის, რაც მაჩაბელთან დამკვიდრდა შექსპირის თარგმანში - პროსოდიული ელემენტი (ურითმო თარგმანებია), ბესიკურის ნაირსახეობა, ანუ 14 მარცვლოვანი ლექსი, რომელმაც თავი იჩინა ძალიან ნოვატორულ ვარიანტში და სრულიად ახლებურად „ბენგალიაში“ და „გიტანჯალში“ თაგორის თარგმანისას. ეს იმდენად საყურადღებო რამ იყო მაშინ, რომ ამან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია“.
ერთხელ თამაზი დახატა ზურაბ ნიჟარაძემ, პიკომ. ათლეტური სხეული ჰქონდა. ამ ნახატზეც ტანზემოთ შიშველი იყო. როცა ვნახე, ვუთხარი, ეს რა არის, ტრიპაჩი ხარ-მეთქი? ამაზე ბევრი იცინა... მერე ეს სურათი დაკარგა. სამწუხაროდ, არავინ იცის, სად გაქრა...
გივი ალხაზიშვილის თქმით, თამაზ ჩხენკელის ამ თარგმანების გავლენა სხვა ქართველმა პოეტებმაც განიცადეს, თუმცა მათ რატომღაც უჭირთ ამის აღიარება. არადა, უკვე გაკეთებულის გადამუშავების, ფილიაციის ანუ თანდათანობით ყველა გზის განვლისა და ათვისების გარეშე შეუძლებელია რამეს მიაღწიოს პოეტმა:

„ძირითადად ამის გვერდის ავლით მიდის ქართული პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილი და იმიტომ არის, რომ ჩვენ ვიღებთ ინერციას, სტერეოტიპს და ე.წ. ფსევდოპატრიოტულ ლირიკას“.

გივი ალხაზიშვილი ურჩევს ახალგაზრდა ლიტერატორებს გაეცნონ თამაზ ჩხენკელის უაღრესად მნიშვნელოვან შემოქმედებას, რომლის პატივისცემის ნიშნად უმცროსმა კოლეგამ უფროსს სიცოცხლეშივე მიუძღვნა შემდეგი ლექსი:

ჩინური მოტივი
(თამაზ ჩხენკელს)

კენჭს ვისვრი ტბაში და
თავს ვიქცევ ნასვამი,
ვერცხლისფერ რგოლებით
ვლივლივებ ტბასავით.

ნავს ცალი ნიჩაბი
საითკენ წაიყვანს?!
მეგზური ვარსკვლავი
და ჩემი ცა იყავ.

ფრინველი ღამისა
წყვდიადში სავსავებს,
ვღიღინებ, მოწყენას
ხმოვნებში ვაზავებ.

უჩუმრად წახვედი
და გული დამწყვიტე,
ჩვენს ბაღში ალუბლის
ჩრდილები დაწყვილდნენ.


თამაზ ჩხენკელი

თამაზ ჩხენკელი

კოლეგების გარდა, ბუნებრივია, თამაზ ჩხენკელი მისმა მეგობრებმაც გაიხსენეს. პროფესორ თეიმურაზ ბერიძის თქმით, თამაზ ჩხენკელი, როგორც გამორჩეული პიროვნება და ნამდვილი ესთეტი, მხატვრებსაც შთააგონებდა:

„უფროსი მეგობარი იყო. დღესაც ჩემს მენტორად მიმაჩნია თამაზი. საოცრად მიყვარს. მართლაც იშვიათი ადამიანი იყო. ბუნებით მსახიობი და ულამაზესი კაცი იყო. ერთხელ თამაზი დახატა ზურაბ ნიჟარაძემ, პიკომ. ათლეტური სხეული ჰქონდა. ამ ნახატზეც ტანზემოთ შიშველი იყო. როცა ვნახე, ვუთხარი, ეს რა არის, ტრიპაჩი ხარ-მეთქი? ამაზე ბევრი იცინა... მერე ეს სურათი დაკარგა. სამწუხაროდ, არავინ იცის, სად გაქრა“.

ნახატი დაიკარგა, მაგრამ არსად გამქრალა თამაზ ჩხენკელის ხსოვნა და ლიტერატურული მემკვიდრეობა - კვლევების, პოეზიისა და გენიალური თარგმანების სახით, რომელსაც ისევე არ ეშინია დროის, როგორც ძველი კორეული პოეზიის (XVI-XVII საუკუნის სიჯო) ერთი ლექსის პერსონაჟს, რომელიც ქართულად, სწორედაც რომ, თამაზ ჩხენკელმა აამეტყველა:

თუკი შენ მკითხავ, რად გადვიქცევი
სიკვდილის შემდეგ, - მე გეტყვი ასე:
გადავიქცევი პინლინის მთაზე
ცამდე ატყორცნილ, ახოვან ფიჭვად.
თოვლმა დაფაროს ქვეყანა თუნდა,
მწვანით მოსილი ვიდგები მუდამ.
XS
SM
MD
LG