Accessibility links

logo-print

რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი ცხოველის გალიაში შეჭრას ცდილობს? მსგავსი შემთხვევები თბილისის ზოოპარკში არცთუ იშვიათია. ფსიქოლოგის განმარტებით, ასეთი ქმედება საზოგადოების კრიზისსა და არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს.

ორიოდე დღის წინ გორის მინი ზოოპარკში,დათვმა მამაკაცი დატორა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზოოპარკში ჯებირის მიღმა გადავიდა და დათვის დაპურება სცადა. სწორედ ამ დროს დაშავდა კიდეც. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც გალიებში მყოფ ცხოველებს ადამიანებისგან საფრთხე ემუქრებათ ან, პირიქით, თავად ზარალდებიან. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ არის შემთხვეევბი, როცა ნასვამი მამაკაცები, ძირითადად ახალგაზრდები, ზოოპარკის ტერიტორიაზე იპარებიან და ცხოველებს ერჩიან, მაგალითად, ვეფხვს. მისი თქმით, რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ თუ ცხოველი გალიაშია, ის სახიფათო არ არის:

„იყო ასეთი შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლების წინ იყო რამდენიმე ბარიერი, რომლის გადალახვა საკმაოდ რთულია, მაინც გადალახავდნენ ხოლმე. ეს ხდებოდა დილით ადრე და ასევე ღამე. ყველა, აბსოლუტურად ყველა, იყო ნასვამი“.

ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ასე, გალიებში შეჭრილი პირები რამდენჯერმე სერიოზულად დაზარალდნენ. თავდასხმის ობიექტი გამხდარა ვეფხვი, დათვი და ჩლიქოსნებიც კი.

„ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. სირაქლემისთვის ცდილობდნენ ცეცხლის წაკიდებას. ასევე სცადეს ფარშევანგისთვის კუდი მოეგლიჯათ. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო“.

ზურაბ გურიელიძე

ზურაბ გურიელიძე

ამჯერად მტაცებლები შუშის ბარიერის უკან არიან მოქცეულები. ზურაბ გურიელიძის თქმით, ალბათ, ამის ბრალია, რომ მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს შემცირდა. ის ამბობს ასევე, რომ ცხოველს თავდაცვის ინსტინქტი აქვს და მათი ქცევა ხშირად ხასიათზეც არის დამოკიდებული.

„შეიძლება ძალიან ბრაზიანი აღმოჩნდეს ირემი, თუ ისეთ პერიოდში მიხვედი, როდესაც არ უნდა მიხვიდე. გამრავლების პერიოდში ისინი ძალიან აგრესიულები არიან. ნებისმიერმა ცხოველმა შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს ადამიანს. იგივე ხელების შეყოფა ვოლიერში, მოფერება, კვება... ეს ყველაფერი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც არის აკრძალული“.

როგორ შეიძლება აიხნას ადამიანის მხრიდან ცხოველის გალიაში შეჭრის მცდელობა. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ არაფხიზელ მდგმარეობაში ადამიანი თავის ქცევას ნაკლებად აკონტროლებს და ზედაპირზე ის თვისებები ამოდის, რომელიც მისთვის უფრო ბუნებრივია.

„ეს დაბალ თვითშეფასებასთან არის კავშირში და იმასთან, რომ როდესაც ეს ბარიერი იხსნება, ის თითქოს ცდილობს ამ დაბალი თვითშეფასების მსგავსი ქცევით ჰიპერკომპენსაციას, დაეჭიდება ვეფხვს ან ლომს... თითქოს ამით საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ძლიერია“.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იქიდანაც მოდის, რომ საზოგადოებაში მამაკაცებზე ძალიან მაღალია სოციალური წნეხი. საზოგადობა მათგან მოითხოვს, იყვნენ ძლიერები:

„ნებისმიერი პატარა ბიჭი არის ამ სერიოზული გამოწვევის წინაშე: მან არ უნდა იტიროს, არ უნდა შეეშინდეს, იმიტომ რომ ის კაცია. თითქოს კაცისთვის შიში, ტირილი ან სხვა ემოციების გამოხატვა მიუღებელი ქცევაა. ესშემდეგ, რა თქმა უნდა, თვითშეფასებაზე აისახება. ხშირად ეს ყველაფერი გადადის ძალადობრივ და აგრესიულ ქცევებში.

ჰო, ასე არის ჩადებული: „ერთი შვილ მაინც გავზარდე, ვეფხვებთან მეომარია“. ეს არის საზოგადოების დაკვეთა მამაკაცებისთვის“.

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი

მისივე თქმით, ცხოველის წამება, რაც მოზარდობის ასაკში შეიძლება გამოიკვეთოს, ძალიან საყურადღებოა და ნიშანია იმისა, რომ სერიოზულ ემოციურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. მაია ცირამუა ამბობს, რომ ცხოველებს ძირითადად ის მოზარდები აწამებენ, რომლებიც თავადაც აგრესიულ გარემოში იზრდებიან.

ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადები არიან არა მტაცებლები, არამედ შინაური ცხოველები, ქუჩის ძაღლები ან კატები. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ საქართველო ევროპაში პირველია დაკბენილი ადამიანების რაოდენობით.

„ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ყველაზე აგრესიული ძაღლები გვყავს, თუ ყველაზე აგრესიული ხალხია და ძაღლი ადეკვატურ რეაქციას გამოხატავს?! გაუგონარი ფაქტები გვაქვს სისასტიკის მხრივ. აგერ, გუშინაც ჩამოიყვანეს რაჭიდან ძაღლი, რომელსაც ჯერ ნაჯახი ჩაარტყეს, შემდეგ - ქვა. ლეკვების გადაყრა სანაგვეზე, მდინარეებში... ცხოველებისთვის დარტყმა, მოკვლა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა, არ არის კანონმდებლობა და არც საგანმათლებლო სფერო არსებობს ამ კუთხით და ეს ყველაფერი უკვე სახეზეა“.

ამასვე ამბობს ფისომოყვარულთა კლუბის წარმომადგენელი ბელა მაღრაძე. მისი თქმით, ბავშვები ზოგჯერ ექსპერიმენტებს ატარებენ კატებზე და არამარტო კატებზე:

„არ ზრდიან, ალბათ, ოჯახებში, არ ასწავლიან. თაობიდან თაობას გადაეცემა ეს სიძულვილი. ვერ გეტყვით, ბევრი ახსნა აქვს, თუნდაც გაუნათლებლობა. წარმოუდგენელი რამე ხდება“.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ადამიანს ბუნება უნდა უყვარდეს, ის ფაქტები კი, რაც რეალობაში ხდება, - იქნება ეს ცხოველების წვალება თუ ხეების ჩეხა, - უშუალოდ საზოგადოების კრიზისს გამოხატავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG