Accessibility links

logo-print

თანამშრომლობა სოციალური პროგრამების დასახვეწად


პირველი შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

პირველი შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ქალაქში სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გეგმავს. პირველი შეხვედრა მათ შორის „ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უკვე შედგა. სანამ არასამთავრობო სექტორი საკუთარ რეკომენდაციებს წარადგენდა, ქალაქ ზუგდიდში 2015 წელს დაგეგმილი და მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ სოსელიამ ისაუბრა. მისი ცნობით, მოქალაქეთათვის სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით მერიას აქვს 11 პროგრამა:

„ეს არის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დაცვის პროგრამა, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და პენსიონერთათვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პროგრამა, უსახლკაროდ დარჩენილთათვის ბინის ქირით უზრუნველყოფა გვაქვს, დევნილთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამები გვაქვს“.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას თქმით, ყველა ჩამოთვლილი პროგრამა არის ერთჯერადი და, შესაბამისად, მას არ აქვს კონკრეტული შედეგი:

„ერთჯერადად გაცემული 100, 200 ან შეიძლება 300 ლარი რეალურად ადამიანის სოციალურ მდომარეობას არ აუმჯობესებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შემოგვთავაზა სიახლე. ისინი მომავალი წლიდან გეგმავენ მცირე ტიპის საცხოვრებლის აშენებას უსახლკაროთათვის. ეს კარგი ნაბიჯია, რადგან რეალურად უგვარებს პრობლემას უსახლკაროებს“.

თავის მხრივ, თემა გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიამ განავრცო. მისი თქმით, გაცემული ერთჯერადი დახმარებების მიუხედავად, ოჯახების მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტეს ასეთი პროგრამის დანერგვა:

„სამზარეულო, მისაღები ოთახი... ეს 35 კვადრატული მეტრის ფართია, ევრორემონტით, და ჩვენ გასაღებს ჩავაბარებთ. ჩვენი გამოთვლით, ეს დაჯდება 17 ათასი ლარი, მაგრამ ხარჯის შემცირება შეიძლება. როცა ჩვენ კონკურსს გამოვაცხადებთ, შეიძლება რომელიმე კომპანიამ უფრო ნაკლებხარჯიანი პროექტი შემოგვთავაზოს“.

საკუთარი რეკომენდაცია გააცნო მერიის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენელმა იაგო ფასანძემ. მისი თქმით, როცა გადახედა 2015 წლის სოციალურ პროგრამებს, მხოლოდ რამდენიმე გრაფაში ნახა ჩანაწერი, რომ ეს არის გათვლილი როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობისთვის:

„ყველა მუხლში თუ ზედმეტია ამის მითითება, მაშინ განმარტებაში ჩაიწეროს, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა გათვლილია როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი მოსახლეობისთვის. თუ გვეტყვიან, რომ ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია და დევნილები ასე არ უნდა ეწეროსო, მაშინ, სანამ ეს დაინერგება, ჯობია, რომ ეწეროს ეს ტერმინი“.

პასუხად, თამარ სოსელიამ განმარტა, რომ ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება. რეკომენდაციების გათვალისწინების პირობა დადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამაც. მან, თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა:

„ყოვლისმცოდნე არავინ არ არის. არის ძალიან ბევრი ნოვაცია, რომელიც უნდა გავიგოთ. უნდა მივიღოთ და დავნერგოთ რაც შეიძლება სწრაფად ის, რაც გამოცდილია და აპრობირებულია სხვა ქვეყნებში“.

„ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორ ეკა მინჯორაიას განცხადებით, სოციალურ თემაზე, იმავე შემადგენლობით, მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულად იქნება გაწერილი ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები.

XS
SM
MD
LG