Accessibility links

logo-print

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება“. პრეზენტაციაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც ესწრებოდნენ, პროექტის გამოწვევებსა და სახელმწიფოს ჩართულობით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი ამ პროექტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ორგანიზაციების გაძლიერება, საჯარო მოხელეების, იურისტებისა თუ სტუდენტების ინფორმირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ესაა ამოცანები პროექტისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.

გიორგი ძნელაძემ, წარმომადგენელმა ამ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პროექტის წარდგენისას მათ საქმიანობაში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ჩართულობაზე ისაუბრა:

„დღევანდელ სიტუაციაში პროცესები დემოკრატიის მიმართულებით წარიმართა. თუ დღეს არის დისკრიმინაცია, - და, ალბათ, არის, - ჩვენ სასამართლოში ვამტკიცოთ და შევქმნათ პრეცედენტები ამ კუთხით“.

თუ ჩვენ, ანუ არასამთავრობოების დიდი ნაწილი, ვიქნებით კონფორმისტები და სახელმწიფოს ყველაფერს მოვუწონებთ, ტაშს დავუკრავთ, მაშინ ვერ დავიცავთ იმათ უფლებებს, ვისაც უნდა ვიცავდეთ, რადგან თუ ვინმე შშმ ადამიანების უფლებებს არღვევს, ეს არის სახელმწიფო, თავისი უმოქმედობით...

დამსწრეებს მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება:

„საქართველოს 2009 წელს ჰქონდა ხელი მოწერილი შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციაზე. 2009 წლიდან მისი რატიფიცირება არ ხდებოდა. ჩვენ 2014 წლის 13 მარტს, წინააღმდეგობების მიუხედავად, მთავრობის ინიციატივით, პრემიერის მხარდაჭერით, რომელიც თქვენი უფლებების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელობს, პარლამენტმა რატიფიკაცია მოახდინა“.

იუსტიციის მინისტრმა დააანონსა, რომ საჯარო რეესტრი ამონაწერების ბრაილის შრიფტით გაცემას დაიწყებს და მომავალში ეს სისტემა იუსტიციის სახლებშიც დაინერგება.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების“ პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობისას იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერაზე ისაუბრეს წარმომადგენლებმაც „კოალიციისა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. უფლებადამცველთა საქმიანობაში სახელმწიფოს სწორედ ასეთი ჩართულობა აწუხებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა აირჩიონ, უნდათ იყვნენ მჭიდრო კავშირში მთავრობასთან თუ მოდარაჯე ძაღლების, ე.წ. ვოჩდოგების, როლი შეასრულონო“, - ამბობს ანა არგანაშვილი, წევრი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. - „თუ ჩვენ, ანუ არასამთავრობოების დიდი ნაწილი, ვიქნებით კონფორმისტები და სახელმწიფოს ყველაფერს მოვუწონებთ, ტაშს დავუკრავთ, მაშინ ვერ დავიცავთ იმათ უფლებებს, ვისაც უნდა ვიცავდეთ, რადგან თუ ვინმე შშმ ადამიანების უფლებებს არღვევს, ეს არის სახელმწიფო, თავისი უმოქმედობით“.

ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სახელმწიფოს უნდა აკონტროლებდეს.

გია ჯვარშეიშვილი

გია ჯვარშეიშვილი

ასევე ფიქრობს გია ჯვარშეიშვილი, წარმომადგენელი მოძრაობისა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაციისა „ვიმეგობროთ“. ის ამბობს, „არ შეიძლება ვთქვათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დღეს საქართველოში რომელიმე სფერო ნორმალურ მდგომარეობაშიაო... ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ, დაწყებული გადაადგილებით, გაგრძელებული განათლებით და დასაქმებით დასრულებული. ეს წერია ყველგან, დაწყებული სახალხო დამცველის ანგარიშით, დამთავრებული ჩვენი ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების დასკვნებით. ანუ ეს არ არის ერთი და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი - ეს არის ყველა საერთაშორისო და სანდო ინსტიტუტის დამოკიდებულება“.

გია ჯვარშეიშვილისთვის მიუღებელია ისიც, რომ სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია რომელიმე სამინისტროს საბჭოს წევრიც იყოს და, ამავდროულად, სახელმწიფოს აკრიტიკებდეს. მისი თქმით, როდესაც 2014-2016 წლის სამთავრობო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემების კუთხით, ფაქტობრივად, არ სრულდება, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოსთან ერთად მუშაობა ინტერესთა კონფლიქტია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG