Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე, რთული რაუნდი


ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2015 წლის 18 მარტი
ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2015 წლის 18 მარტი

საქართველოს ხელისუფლება ცინიკურს უწოდებს რუსეთის ფედერაციის ქმედებას, გააფორმოს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება ოკუპირებულ სამხეთ ოსეთთან სწორედ მაშინ, როდესაც ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 31-ე რაუნდი მიმდინარეობს. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს უჭერენ მხარს - ამასთან, მიიჩნევენ, რომ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე ძალისხმევას ეწინააღმდეგება. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა კი დისკუსიის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში მხარეებს მოუწოდეს კონსტრუქციული სულისკვეთებით შეუერთდნენ დისკუსიებს, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის ალბათობა გამორიცხა.

ეს არ არის შემთხვევითობა და უბრალო დამთხვევა, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. დავით დონდუას თქმით, ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს ჟენევის მოლაპარაკებების ამ კონკრეტული რაუნდისთვის ხელის შეშლას, პროცესის გართულებას და, ზოგადად, მოლაპარაკებების ფორმატისთვის წყლის შეყენებას:

„მოსკოვის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს საქართველოს პოზიციას, რომ ამ ხელშეკრულებით ხდება ორივე რეგიონის თანდათანობითი ანექსია რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და, განსაკუთრებით, სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“.

ეს არის ბათილი ხელშეკრულება, იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება და ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია და ამაზე შეთანხმებულია ცივილიზებული მსოფლიო. ამასობაში, ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია...
დავით უსუფაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 31-ე რაუნდის პარალელურად მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეურაცხყოფადაც მიიჩნევს. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა - მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს მოუწოდეს კონსტრუქციული განწყობით მისხდომოდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31-ე რაუნდის დღეს ქმნის ისეთ ვითარებას, რომელიც არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ კლიმატს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატები არ აღიარებს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან რუსეთის „ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულების ლეგიტიმურობას“, - განაცხადა შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯენ საკიმ 17 მარტს:

„შეერთებული შტატების პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით კვლავ ნათელია. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აშშ არ აღიარებს რაიმე ე.წ. შეთანხმებებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, ფაქტობრივ ლიდერებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. არც ახლანდელი შეთანხმება, არც რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების მიერ 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას“.

ჯენ საკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს და ამ ფორმატს განიხილავს საშუალებად, რომელიც შესაძლებელს გახდის კონკრეტული პროგრესი იქნეს მიღწეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში.

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედარაციისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, საკმაოდ ღრმა თანამშრომლობას შეეხება და რაც საერთო უსაფრთხოების ძალების შექმნასა დაშეთანხმებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ითვალისწინებს 25 წლის განმავლობაში,არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა:

„ეს არის ბათილი ხელშეკრულება, იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება და ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია და ამაზე შეთანხმებულია ცივილიზებული მსოფლიო. ამასობაში, ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია“.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე მუშაობის სიმცირეს უსაყვედურებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, საკითხები, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ ამოვარდნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ ფონზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების გარდა, სეპარატისტულ რეგიონებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

„ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ოკუპაცია-ანექსიის შედეგად, პრაქტიკულად მიმდინარეობს მათი ასიმილაცია რუსეთთან. ეს მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არაფორმალური თუ სახალხო დიპლომატიის გზით, რომ ორმხრივი ურთერთობები გავაღრმაოთ მათთან და დავანახვოთ, რომ ევროპაში მათი მომავალი ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფნა“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერა, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და, განსაკუთრებით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.
„ე.წ. "ხელშეკრულება" უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გავრცელებულ განცხადებაში გამოხატა უკიდურესი შეშფოთება გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. „სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას".

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG