Accessibility links

logo-print

მეტი ქალი პოლიტიკაში და დაცული შრომითი უფლებები - ამ ორი მთავარი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისში გამართული ორი აქცია-მსვლელობა, რომელშიც ათობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტთან მისულებმა, მათ ყველა დეპუტატს გაუგზავნეს წერილი და გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.

„მე ვარ მაია. მე ვარ მარტოხელა დედა, ერთადერთი შემომტანი ოჯახში, და მე ვერ ვგრძნობ სახელმწიფოსგან თანადგომას!“ - თქვა მაიამ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს,პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. „მე ვარ ნათია, 29 წლის ლესბოსელი ქალი, ფემინისტი და აქტივისტი. ბავშობიდან ჩემნაირებზე კარგი არაფერი მსმენია. მხოლოდ ის, რომ ჩვენი ადგილი აქ არ არის“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა ნათია გვიანიშვილმა:

„ჩვენ ყოველდრე გვკლავენ, გვცემენ, გვრიყავენ და სახლიდან გვაგდებენ პოლიტიკოსების, საჯარო და საეკლესიო პირების სიძულვილით წაქეზებული ადამიანები - მათ შორის, ოჯახის წევრები - და ამისთვის არავინ ისჯება! პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როდესაც განტევების ვაცი სჭირდებათ, რომ გადაფარონ საკუთარი უუნარობა და რეალურად არსებული სოციალური პრობლემებისადმი საკუთარი გულგრილობა. დღეს პარლამენტის 150 წევრიდან ჩვენს უფლებებს ღიად და უკომპრომისოდ მხოლოდ სამი იცავს და სამივე ქალია! სწორედ ქალებს შეუძლიათ და ქალებს არ შეეშინდებათ გაიტანონ ჩვენი ხმა იქ, სადაც აქამდე გამაყრუებელი სიჩუმეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები უჩვენოდ წყდება. სწორედ ამიტომ გვინდა მეტი ქალი პოლიტიკაში“.

შეძახილების და სასტვენების ხმის ფონზე მოითხოვდნენ პარლამენტის წინ შეკრებილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვას. პარლამენტის კიბეებზე 150 ყუთი იყო გამოფენილი - თითოეული, დეპუტატის ფოტომიკრული. მათში კი ის წერილები გროვდებოდა, რომლითაც „ქალთა მოძრაობის“ წევრები და სხვებიც დეპუტატებს კვოტების მხარდაჭერას სთხოვდნენ. მათ შორის იყო ფემინისტი იდა ბახტურიძეც:

„ჩვენ ყველა პარლამენტარს ვთხოვთ მხარი დაუჭირონ კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც შესულია პარლამენტში „ქალთა მოძრაობისა“ და ქალთა ორგანიზაციების სახელით. ეს არის ჩვენი მცდელობა, შევთავაზოთ მათ თანამშრომლობა და შედეგად მივიღოთ ის, რომ ქალების ხმა გაისმას პარლამენტიდან“.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული 8 მარტის აღსანიშნავი მსვლელობა, მთავარი სლოგანით - „ღირსეული შრომითი პირობებისათვის“, დღის სამი საათისათვის თბილისის საკონცერტო დარბაზის ტერიტორიიდან დაიწყო და პარლამენტისაკენ გაგრძელდა. მსვლელობაში მონაწილეობდა: „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალის მზერა“, „ვეგან ჯორჯია“, „ლგბტ საქართველო“, „ანარქაფემინისტები“, „რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი“.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები აცხადებენ, რომ 8 მარტის მსვლელობას ისინი სწორედ მარგინალიზებული ჯგუფების შრომით უფლებებს უძღვნიან - იქნება ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება, ლგბტ ქალების უფლებები სამუშაო ადგილებზე თუ სხვა. რა გვინდა? იკითხეს ერთხმად და ერთხმადვე უპასუხეს ამ შეკითხვას:

საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია

რა გვინდა?

თანასწორობა!

როდის?

ახლა!

აქცის მონაწილეებს შორის იყო ფემინისტი სოფო ტაბატაძეც - პლაკატით ხელში, ისიც ქალთა არაერთი უფლების დაცვას მოითხოვდა:

„აი, ამ პლაკატზე, რომელიც ხელში მიჭირავს, გამოსახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას ამ ქვეყანაში, რადგან არ არის ადაპტირებული გარემო, არ არსებობს განათლების მიღების შესაძლებლობა და, ზოგადად, ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა მხოლოდ კაცებს შეუძლიათ. ამის შეცვლა გვინდა“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი კი ჩამოთვლის ყველა იმ ბარიერს, რასაც ქალები საქართველოში აწყდებიან, ჩამოთვლის და შემდეგ ამბობს, რა სურს მას, როგრც ქალს:

„ქალები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილებზე.

განიცდიან დისკრიმინაციას ორსულობის და სხვა ნიშნის გამო.

ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით.

არიან ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლნი.

აქვთ დასაქმების, კარიერული წინსვლისა და პროფესიის არჩევის ნაკლები შესაძლებლობა.

იღებენ კაცებზე საშუალოდ 38 %-ით ნაკლებ ხელფასს.

ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში მხოლოდ 11 %-ია.

ყველაფერი ამის გამო, მე მინდა, რომ ქალებმა დავიწყოთ ბრძოლა და ქალებმა რვა მარტი ვაქციოთ ბრძოლის დღედ! იმიტომ რომ, სინამდვილეში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ბრძოლა და ტყუილია, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც შეღავათები“.

„მე არ მჭირდება ყვავილები, მე მჭირდება უფლებები“, „ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ყველა მშობელს“, „ქალის შრომა უჩინარია“ - ამ და სხვა მსგავსი შინაარსის პლაკატებით ხელში, ისინი პარლამენტის შენობისაკენ გაემართნენ, სადაც უკვე „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთნენ, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „ქალი პოლიტიკაში”. „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს“ - ასეთი იყო აქცის მონაწილეთა გამოსვლების მთავარი პათოსიც.

„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, თეო ქავთარაშვილი, ამბობს, რომ დღეს საქართველოში ქალები არ მონაწილეობენ ქვეყნის მართვაში:

„დღეს ქალების ხმა პოლიტიკაში არ ისმის. ისინი აქტიურად ვერ არიან ჩართულები პროცესებში და ამას უამრავი ბარიერი ეღობება წინ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ წამახალისებელ კვოტებს. ვითხოვთ დროებით, სანამ ბალანსი დაცული იქნება, სანამ ქალები გაძლიერდებიან და პოლიტიკაში მოვლენ. დღეს, ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს ქალებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია

„ქალთა მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაუცველად ადგენენ და ქალებს პოლიტიკის გარეთ ტოვებენ. ამიტომაც მისწერეს „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა წერილი ყველა პარლამენტარს იმის გასაგებად, თუ რომელი დეპუტატი დაუჭერს მხარს კვოტების შესახებ კანონპროექტს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი პასუხები ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოადგეთ.

ქალთა საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. ომბუდსმენი წერს, რომ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა თემებს, რომლებმაც 8 მარტის - უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის - ისტორია შექმნეს. დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვა. სახალხო დამცველი წერს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

„ჩვენ გვჭიდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა“, - წერს სახალხო დამცველი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭირონ თანასწორობას.

“ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში“ - წერს ომბუდსმენი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG