Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაფლის ექსპორტის ახალი პერსპექტივა


ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა ქართული თაფლი ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე.

ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და, როგორც საქართველოში აცხადებენ, ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ თაფლის ექსპორტის გაზრდა საქართველოდან ევროკავშირში რეალისტური იქნება.

დღემდე თაფლის ექსპორტის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი გახლდათ მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მახასიათებლები და საქართველოში ისეთი ხარისხის ლაბორატორიის არარსებობა, რომელიც ყველა შესაძლო კომპონენტზე ანალიზს გახდიდა შესაძლებელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, თაფლის წარმოების მიხედვით, ძირითადად სამეგრელოს, აჭარისა და კახეთის რეგიონები გამოირჩევა. წარმოებული თაფლის 100 % საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება, რომელთა უმრავლესობაც მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში თაფლის პროდუქტიულობის დონე დაბალია და 1 სკაზე, დაახლოებით, 11-12 კგ-ს შეადგენს.

2010 წელს საქართველოში – 4 200 ტონა, 2011 წელს – 2 700 ტონა, 2012 წელს – 4 100 ტონა, 2013 წელს – 3 900 ტონა, 2014 წელს კი 4,1 ტონა თაფლი აწარმოეს.
რეგიონების მიხედვით, სამეგრელოს რეგიონზე თაფლის წარმოების 33 % მოდის, აჭარასა და კახეთზე - 15-15 %, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე – 37 %.

ქართული თაფლის ძირითად ბაზრებს, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საუდის არაბეთი, ჩინეთი და კორეის რესპუბლიკა წარმოადგენდა. საუდის არაბეთზე ექსპორტის 87 %, ჩინეთზე – 10 %, კორეის რესპუბლიკაზე – 1 %, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე ექსპორტის 2 % მოდის. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ამავე 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი არიან. უკრაინაზე იმპორტის 62 %, გერმანიაზე იმპორტის 23 %, რუსეთზე – 9 %, საფრანგეთზე – 4 %, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე იმპორტის 2 % მოდის.

2012 წელს თაფლის იმპორტმა 70 ათასი აშშ დოლარი, ექსპორტმა კი 29 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს თაფლის იმპორტის მაჩვენებელი 48 ათასი აშშ დოლარი იყო, ექსპორტის მაჩვენებელი კი – 117 ათასი აშშ დოლარი. 2014 წელს თაფლის იმპორტმა 109 ათასი აშშ დოლარი, ექსპორტმა კი 54 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

თაფლი საქართველოს ხელისუფლებას შეტანილი აქვს იმ პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიაში, რომლის ექსპორტის გაზრდაზეც სოფლის მეურნეობის მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სპეციალური პროექტი, რომელიც მეფუტკრეებისთვის თანამედროვე სკების გადაცემას ითვალისწინებს. ცხადია, სკები მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტების რეალურად დაკმაყოფილებამდე და თაფლის ბიზნესში ჩართულ მეწარმეებს კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, სანამ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ შეღავათებს რეალურად განახორციელებენ და ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაზეც ასახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG