Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ჭანტურიას ერთდროული "კარგია" და "ცუდია"


„ბეღურა - აქაური ჩიტია,
მერცხალი - გადამფრენი ფრინველი...
სიცოცხლეც - ზოგიერთი ოღონდ -
სიცოცხლეც - გადამფრენი ფრინველი...“

აი, ამ სტრიქონებით იხსნება ტარიელ ჭანტურიას ბოლო პოეტური კრებული „სიყვარულის შავი ყუთი“, რომელიც შარშან გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. ამ გადამფრენ ფრინველზე ხშირადაა ლაპარაკი წიგნში, უფრო სწორად, ფრინველზე, რომელმაც თავისი გადასაფრენი თითქმის უკვე გადაიფრინა და საცაა ბოლო პუნქტისკენ უნდა დაეშვას. პოეტი თვალს აყოლებს მას და, ცხადია, სევდიანია, მაგრამ ტარიელ ჭანტურია რის ტარიელ ჭანტურია იქნებოდა, ამავე დროს თვითირონიულიც რომ არ იყოს, ხანდახან რომ არ გაჯიუტდეს და რაღაც თავისთავადი არ მიიღოს, მეორე წუთას კი მიიღოს და დასცინოს, მერე ისევ ნაღვლიანი გახდეს, შემდეგ შეეთამაშოს (ერთგან ხომ ამბობს: "სიკვდილი - სულ ბოლო საეჭვო თამაში". და თან თამაშს ტამიშთან რითმავს) და ასე შემდეგ, წიგნის ბოლომდე...

გადმოწერა

„ - მეტროს კარივით ყოფილა
თურმე სიკვდილის კარები:
ახლოს თუ მიდი, კარები
იქაც თავისით იღება!“

შეუძლია მას თქვას ერთგან, ხოლო მერე სიკვდილის საერთოდ არ დაიჯეროს:

„მოკვდა რუსთველი!
მოკვდა აკაკი!
წარმოიდგინეთ, მოკვდა ბერია!
მე კი - ერთადერთს - რატომ, არ ვიცი -
თურმე სიკვდილი არ მიწერია!“

სხვაგან კი ლირიკული ჩანახატი დაგვიდოს იმავე თემაზე:

„ვხატავ.
მიყვარს.
ვწერ.
ვადუღებ.
ვრეცხავ.
ვხერხავ.
მომდევს.
მივდევ...
...დავიღლები,
მივწვები და
თავს
საფლავის
ქვაზე
მივდებ...“

სიკვდილის თემაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ წიგნში და სიკვდილისშემდგომი ძიებების, ოღონდ, რასაკვირველია, ეს არაა არც რომანტიკული და არც სენტიმენტალური, არამედ მისთვის ჩვეულ ირონიულ სტილშია დანახული. რაც შეეხება ჟონგლიორობას და სიტყვის დიდოსტატობას, როგორც მალარმე ამბობდა, სიტყვებით იწერება, საერთოდ, ლექსები, და ეს ტარიელ ჭანტურიას გათავისებული აქვს...
ნიკა აგლაძე

წიგნზე საუბარი კრიტიკოს ნიკა აგლაძეს ვთხოვე. სხვათა შორის, კრებულში ერთი ლექსი, სახელად "ნარდი", მას და ლექსო დორეულს ეძღვნება. "ვერ ვაცოცხლებთ, და ამისი გვაქვს უთქმელი დარდი! / კაცს კი არა, ქვას აცოცხლებს - იცი შენ ეს - ნარდი!" - აი, ასეთი პაროდიული კონცეფციაა ჩადებული ამ ლექსში. ნარდის მოთამაშე, როგორც იესო, ხოლო ნარდი, როგორც წმინდა მიწა, რომელზეც ერთი კი არა, ბევრი ლაზარე ცოცხლდება. თუმცა ამ გაცოცხლებულ ქვებს სხვა ასოციაციაც მოაქვთ: "ამ ცხოვრების - ამ თამაშის - ამბებს როცა ვყვები, / მახსენდება ნარდის ქვები... და საფლავის ქვები..." საერთოდ, ტარიელ ჭანტურიასთვის უცხო არაა ბიბლიური თემების ამ კუთხით დანახვა, თუნდაც ის ცნობილი ძველი ლექსი რომ გავიხსენოთ "დაწყვეტილი სერპანტინის" ციკლიდან, სადაც "თამაშის შემდეგ / ღმერთმა და ეშმაკმა / მაისურები გაცვალეს!"

მოვუსმინოთ ნიკა აგლაძეს: რაკიღა წიგნის აზრი არის, რომ იყოს "სიყვარულის შავი ყუთი", ეს მრავალპლანიანი მეტაფორა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პოეტის თავი, რომელიც შავი აღარ არის, მაგრამ შავი ყუთიც ხომ არაა შავი სინამდვილეში და, აქედან გამომდინარე, იქ მომხდარი ამბებისა და აზრების პრაქტიკულად დოკუმენტური, მაგრამ, ამავე დროს, არადოკუმენტური და პოეტური გამოძახილი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, შეიძლება წარმოვიდგინოთ სამყაროს მეტაფორად, სადაც ყველა ის დისკურსი, რომელიც ირევა, რაღაცნაირად არის წარმოდგენილი ამ წიგნშიც, მაგრამ აქ არის რამდენიმე თემა, რომელიც, სრულიად ბუნებრივია, პოეტისთვის იყოს მნიშვნელოვანი. ვთქვათ, სიკვდილის თემაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ წიგნში და სიკვდილისშემდგომი ძიებების, ოღონდ, რასაკვირველია, ეს არაა არც რომანტიკული და არც სენტიმენტალური, არამედ მისთვის ჩვეულ ირონიულ სტილშია დანახული. რაც შეეხება ჟონგლიორობას და სიტყვის დიდოსტატობას, როგორც მალარმე ამბობდა, სიტყვებით იწერება, საერთოდ, ლექსები, და ეს ტარიელ ჭანტურიას გათავისებული აქვს. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ წიგნში, ჩემი აზრით, ნაკლებადაა ყურადღება აქცენტირებული ენობრივ თამაშებზე. ბუნებრივად რაც მოსდის თავში პოეტს, ის იმ დოზით არის დარჩენილი. სხვა მხრივ ზოგიერთი ლექსი არის სიტყვების გამეორებაზე აწყობილი, რაც ძალიან საინტერესო ეფექტს ქმნის, იმიტომ რომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტარიელ ჭანტურიასთვის ეს დიდად დამახასიათებელი არ არის. არადა, ძალიან ორგანულად ერწყმის წიგნის კონცეფციას.

არცთუ იშვიათია რეფრენზე აწყობილი ლექსებიც და ეს ყოველთვის დამახასიაათებელი იყო ტარიელ ჭანტურიასათვის, მაგრამ ასეთი ლექსები ამ კრებულში ჩემთვის ძირითადად "ხალტურულია" და წიგნის ბუნებას ვერ ქმნის. მაგალითად, ლექსი ჩამონათვალით "გადამალული", სადაც 22 სტრიქონში 22 სხვადასხვა გადამალული ნივთია ჩამოთვლილი და სრულდება "გადამალული სიყვარულით" და "გადამალული დიაგნოზით", მაგრამ ეს ვერ ქმნის ფინალის განსაკუთრებულ ეფექტს, როგორც, ვთქვათ, კოტე ყუბანეიშვილის ლექსში "რამდენი იარა". ანდა ავიღოთ ლექსი "ცალმხრივი სიყვარულის ჯაჭვური რეაქცია", რომელიც აი, ასეთი მარტივი სტრუქტურითაა აგებული: "მარინას უყვარს თემო / თემოს უყვარს ნანა / ნანას უყვარს გუჯა" და ა.შ. და მთავრდება ასე: "მაინც ყველა გათხოვდა ბოლოს... / მაინც ყველამ მოიყვანა..." თუკი 1990-იან წლებში დაწერილ დათო ბარბაქაძის "ტრფობა წამებულთა"-ს გავიხსენებთ, ეს ლექსი ძალიან უსახური გამოჩნდება. კალამბურები და ორიგინალური რითმები, მაჯამებიც, ცხადია, ბლომადაა კრებულში, მაგრამ ღირებული სათქმელი არცთუ იშვიათად მათ ვერ მოსდევს. ავტორს ერთგან ანჟაბემანიცა აქვს გამოყენებული, ხშირია ალუზიები, ანუ პოეტური ხერხების ნაკლებობას წიგნი არ უჩივის, თუმცა ამ ხერხებიდან ზოგი მუშაობს და ზოგი - ვერ. პრინციპში, ტარიელ ჭანტურიასთვის ესეც მუდამ დამახასიათებელი იყო, ანუ პროდუქტიულობა და დროთა განმავლობაში ამ დიდი პროდუქციის გაცხრილვა. იმ ტიპის პოეზია, რომელსაც იგი ქმნის, ალბათ, ასეთ მიდგომასაც მოითხოვს, ანუ პერფექციონისტობა მას ექსპერიმენტებში შეზღუდავდა, სილაღეს დააკარგვინებდა და, ვფიქრობ, ეს მან თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე იცოდა. აქედან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ ის მინუსებიც, რაზეც მე ვილაპარაკე, რაღაც დოზით მისთვის მუდამ დამახასიათებელი იყო და ამ მინუსებს დროის მდინარება წაიღებს.

ნიკა აგლაძე
ნიკა აგლაძე

მოვუსმინოთ კვლავ ნიკა აგლაძეს:

მგონია, რომ ამ წიგნის სტრუქტურა, ერთი მხრივ, არის ძალიან საინტერესო და, მეორე მხრივ, თავისებური, თუ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებიდან გამოვალთ, იმიტომ რომ, როგორც წესი, ტარიელ ჭანტურიას ბოლო კრებულები არის აგებული ასეთი პრინციპით, რომ შედარებით ცნობილ ლექსებს პოეტი წინ გადმოიტანს ხოლმე და შედარებით ახალ ლექსებს მერე მათ მიაყოლებს. ეს წიგნი კი არის თავისებური იმით, რომ ჯერ ერთი, პრაქტიკულად მთლიანად შედგება ახალი, ბოლო წლებში დაწერილი ლექსებისგან და, გარდა ამისა, არის აგებული იმ უნიკალური პრინციპით, რომლითაც ბატონი ტარიელი აგებს ხოლმე თავის საგაზეთო პუბლიკაციებს: ანუ, ერთი შეხედვით, აქ არ არის არანაირი ლოგიკა, მაგრამ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი: რადგან წიგნი არის "სიყვარულის შავი ყუთი", მასში არის ჩანაწერები, ხმები, გამოძახილი დისკურსების, პოეტის საკუთარი აზრების, შეხედულებების - ამიტომ ეს არის გამიზნული ეკლექტურობა, არეულობა.

არაერთგვაროვანი არის წიგნი ძალიან იმის მიხედვით, კონვენციური ლექსი გვაქვს, ვერლიბრი თუ რაღაც სხვა, შუალედური ფორმები აქვს ავტორს ნაპოვნი, ვთქვათ, მონორიმზე გაწყობილი ლექსები, რაც ტარიელ ჭანტურიასთვის პრინციპში დამახასიათებელია. ანუ არ გვაქვს არც ერთი ამ მიმართულების დომინაცია და, სავარაუდოდ, ისევ და ისევ წიგნის კონცეფციიდან გამომდინარე, გვაქვს ეკლექტიზმი. მაგალითად, ამ კრებულში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექსია "ალტერ ეგო", რომელიც ხსნის ან ცდილობს გახსნას მრავალმხრივი მიდგომები, რაც ტარიელ ჭანტურიას ძალიან ახასიათებს. ამ მხრივ ეს ლექსი, მგონია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კრებულში. თუმცა ცალკე რომელიმე ლექსის გამოყოფა, თუნდაც ამის, რომელიც მე ძალიან მომწონს, მგონია, რომ მთლად სწორი არ იქნება, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რა პრინციპითაც არის აწყობილი ეს კრებული.

"ყველაფერი არის ძლიერ კარგად,
ყველაფერი ძლიერ ცუდად არის!"

თქვა ერთხელ გალაკტიონმა. ტარიელ ჭანტურია კი ამბობს:

"კარგია! - არასდროს თავდება ცა!
ცუდია! - არასდროს თავდება ცა!"

და, მგონი, ამ კრებულშიც ასეა: კარგი და ცუდი პირობითია. ორივე ერთ ადგილასაა და ორივე ერთდროულადაა. ყველაზე ღირებული ლექსები კი მაინც ის ლექსებია, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ფიქრმა რომ დააწერინა პოეტს.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG