Accessibility links

logo-print
24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ, კომპანია ”ინტერ-რაოსთან” წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით შემცირდება მათთვის, ვინც 0-დან 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. პრემიერ-მინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე გახმაურებული ეს ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით დაადასტურა და დააკონკრეტა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. რა მდგომარეობაა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით და რა ეჭვებს წარმოშობს ტარიფების შემცირების თემა?

”მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე საუბრისას და იქვე პროცენტული მაჩვენებლებიც დაასახელა:

„პირველი და მეორე ჯგუფის - 100 და 300 კილოვატამდე მოვახერხეთ შემცირება - ეს 90% მოსახლეობას ეხება, დაახლოებით; 3.54 თეთრით, ეს არის, დაახლოებით, 27%-ზე მეტი პირველი ჯგუფის და მეორეზე 21.5%-ია, დაახლოებით, შემცირება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას.“

ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმაურებული ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით ენერგეტიკის სამინისტრომ დააზუსტა და, ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მოქმედი სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემის მიხედვით, დედაქალაქში კლება შემდეგნაირი იქნება: ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს და თითოეულ კილოვატზე 13.48 თეთრს იხდის, შემცირების შემდეგ გადაიხდის 9.94 თეთრს, ხოლო ის, ვინც 101 კვტ-დან 300 კვტ-ამდე მოიხმარს და 16 თეთრს იხდის, შემცირების შემდეგ 12,46 თეთრს გადაიხდის. კლება არ შეეხება მათ, ვინც 300 კვტ-ზე მეტს მოიხმარს, მათთვის ტარიფი კვლავ 17.70 თეთრი დარჩება. რაც შეეხება რეგიონებს, სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემის მიხედვით, 12.98 თეთრიანი ტარიფი 9.44 თეთრი გახდება, ხოლო 16.52 თეთრიანი - 12.98 თეთრი იქნება. კლება არც აქ შეეხება მათ, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს. ტარიფი მათთვის კვლავ 17.50 თეთრი დარჩება.

”საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია „ინტერ-რაოს“ შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა მემორანდუმები კომპანიებთან „თელასი“ და „ენერგოპრო“, - ვკითხულობთ ენერგეტიკის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, სადაც ასევე მითითებულია ინფორმაცია კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან დაკავშირებით: ”უახლოეს მთავრობის სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლის შედეგადაც მოხდება ტარიფების სუბსიდირება და მათი გატოლება კომპანია „ენერგოპროს“ ტარიფებთან”.
ეს არის ამომრჩევლის მოტყუება, ქართველ ხალხს ასეთი მოლოდინი არ ჰქონდა ...

ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების მიმართულებით ”ძალიან კარგად” მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს, რომელიც ელექტროენერგიის გაიაფებას მომავალი წლის 1 იანვრიდან ვარაუდობს. თუმცა, ოპონენტების აზრით, მადლიერება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგანაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ამომრჩეველთა გაწბილებას გამოიწვევს.

”ეს არის ამომრჩევლის მოტყუება, ქართველ ხალხს ასეთი მოლოდინი არ ჰქონდა...” , - განაცხადა 24 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაანონსებული გაიაფების პირობებში მომხმარებელი მეტად მცირე შეღავათს მიიღებს და ეს შეღავათი გაცილებით ნაკლები იქნება 1000-ლარიანი ვაუჩერის განუხორციელებელ სარგებელთან შედარებით:

”ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეიტანა ჩვენმა მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც, სხვა შეღავათებთან ერთად (როგორიც იყო სოფლის პროგრამა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა), ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას და პრაქტიკულად დეკემბერში უკვე დარიგებული იქნებოდა - ყველა ოჯახს ექნებოდა 1000-ლარიანი ვაუჩერი. თუკი ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარ შეღავათს. მე მინდა ყველამ შეადაროს ციფრები 23 ლარი და 3 ლარი და 54 თეთრი.”
მე ვფიქრობ, რომ ეს ოპტიმალურია, რაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი, ყველა იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი სხვადასხვა ინვესტორ კომპანიასთან ...

ოპონენტების განცხადებებს უაზროს უწოდებს კახი კალაძე და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც მან 24 დეკემბერს უთხრა ჟურნალისტებს, „თელასსა“ და „ენერგოპროსთან“ გაფორმებული მემორანდუმები 3-თვიანია და ამის შემდეგ შესაძლოა ტარიფები სამომავლოდ კიდევ უფრო შემცირდეს. მინისტრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში თავად ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც დღის წესრიგში არ აყენებდა ტარიფის კლების სავსებით რეალისტურ შესაძლებლობას.

როგორც ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყველა აუცილებელი ფაქტორის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის ტარიფის კლების მაჩვენებელი საკმაოდ მისაღებია ამ ეტაპისთვის და ის საკმაო შეღავათს მოუტანს მათ, ვინც ყოველთვიურად 300-კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს:

”მე ვფიქრობ, რომ ეს ოპტიმალურია, რაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი, ყველა იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი სხვადასხვა ინვესტორ კომპანიასთან, და ასევე იმ სამ რგოლში არსებული რესურსის გათვალისწინებით, რაც ამ სექტორში რეალურად არსებობს. ესენია: გენერირება, განაწილება და დისტრიბუცია”.

ირაკლი ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ ტარიფის კლებამ ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდოს, მაგრამ აქ არსებობს ზღვარი, 300 კილოვატის სახით, რომლის შემდეგაც ტარიფი კლებას აღარ განიცდის და, შესაბამისად, მეტი ელექტროენერგიის მოხმარებასაც უკარგავს აზრს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, ამ მხრივ სასიკეთო ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი დემურ გიორხელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მნიშვნელოვანი კლება პირველ ეტაპზევეა შესაძლებელი:

”ყოველგვარი დანაკარგისა და პრობლემის გარეშე, 20 თეთრით შეიძლება ტარიფის დაწევა. ჩვენ ვამბობთ - შეამცირეთ 14 თეთრით, ის 6 თეთრი კი მოახმარეთ ქსელის რეაბილიტაციას. ვინმე დაიწყებს გაჯიუტებას? ჩვენ ძალიან ჯიუტად დავუმტკიცებთ მათ, რომ ისინი რომელიღაცა გავლენის ჯგუფის თანამონაწილეები არიან. ”რომელიღაცას” რომ ვამბობ, მე დღეს თავს ვიკავებ დასახელებისგან, თორემ, ძალიან თუ გაართულებენ საქმეს, სულ გვარებით და საიდან რა ფული აქვთ ნაშოვნი და რამდენი მილიონი აქვთ ადამიანების ძარცვისგან მიღებული საქართველოში, ყველას დასახელებას დავიწყებ”.

ბუნებრივი აირის ტარიფის კლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაზუსტდება. როგორც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და შედეგები ბაქოში 26 დეკემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტის, ანუ ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG