Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა, ერაყი და პანკისელი ალ შიშანი


დონეცკი
დონეცკი
მსოფლიოში ორი ცხელი წერტილია, ერაყი და უკრაინა, საიდანაც ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სასტიკი ბრძოლების შესახებ. უკრაინის მთავრობის ცნობით, 13 ივნისს, სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, სამთავრობო ჯარებმა სეპარატისტებისგან გაწმინდეს ქალაქი მარიუპოლი, ერაყში კი შიიტების სასულიერო ლიდერმა მოსახლეობას შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდა სუნიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს ქალაქებზე - მოსულსა და თიქრითზე. სწორედ მოსულში დააფიქსირეს დასავლეთის ფოტორეპორტიორებმა პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ალ შიშანი, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერია.


უკრაინის არმიის პირველი სერიოზული გამარჯვება


ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ჩვენ დავაფიქსირეთ ჯავშანტექნიკის, შეჯავშნული ავტომობილებისა და საარტილერიო დანადგარების კოლონების გადაადგილება. დღესვე ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ტანკი, რომლებმაც გადალახეს საზღვარი...
არსენი ავაკოვი
უკრაინის მთავრობის ცნობით, სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს სამთავრობო ჯარებმა სეპარატისტებისგან გაწმინდეს საზღვაო ქალაქი მარიუპოლი და ადმინისტრაციის შენობის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს, - ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა დაწერა. იუწყებიან, რომ სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 5 ექსტრემისტი. ამასთან, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი წერს, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი რუსეთ-უკრაინის საზღვრის 120-კილომეტრიან მონაკვეთზე, საიდანაც მეამბოხეებმა გასულ კვირაში ბრძოლებით განდევნეს უკრაინელი მესაზღვრეები. არსენი ავაკოვმა მედიასთან საუბარში ასე აღწერა სამხედრო ოპერაციის ერთი ეპიზოდი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე:

„ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ჩვენ დავაფიქსირეთ ჯავშანტექნიკის, შეჯავშნული ავტომობილებისა და საარტილერიო დანადგარების კოლონების გადაადგილება. დღესვე ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ტანკი, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და, ჩვენი მონაცემებით, დღეს დასახლებულ პუნქტ სნეჟნიში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ორ ტანკს, რომლებიც გორლოვკის მიმართულებით დაიძრნენ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს. ბრძოლა გრძელდება და ახლა შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ამ კოლონის ნაწილი განადგურებულია“.

სააგენტო „ინტერფაქსი“ კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სტეფანოვკაში გაანადგურეს 40-ზე მეტი მეამბოხე, რომლებსაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი გადაჰქონდათ.

საზღვაო ქალაქ მარიუპოლის განთავისუფლების, როგორც უკრაინის არმიის პირველი სერიოზული გამარჯვების, ცნობას სიხარულით შეხვდა უკრაინის საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გმირობა უწოდა უკრაინელი სამხედროების მოქმედებას მარიუპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში და დონეცკის რეგიონალურ ადმინისტრაციას იქ დროებით საკუთარი შტაბის გადატანა დაავალა.

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობა არ ადასტურებს კონტროლის დაკარგვას ქალაქზე, თუმცა მათ აღიარეს, რომ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ შენობა, რომელშიც მათი სამხედრო შტაბი იყო განლაგებული.

ამ ბრძოლებში, როგორც სეპარატისტები იუწყებიან, მათ გაანადგურეს უკრაინის ეროვნული გვარდიის კუთვნილი სადესანტო ჯავშანმანქანა, რის შედეგადაც „ბევრი“ უკრაინელი მებრძოლი დაიჭრა.


„მძევლად აყვანილი“ ქართველები და პანკისელი თარხან ბათირაშვილი

ერაყელი შიიტების უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა მოსახლეობას შეიარაღებული წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ ალ ყაიდასთან, ერაყის რამდენიმე ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. „ის, ვინც თავს შესწირავს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახისა და ღირსების დაცვის საქმეს, წამებულად იქნება შერაცხილი“, - ნათქვამია ერაყის დიდი აიათოლა ალი ალ სისტანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


ქალაქ მოსულის აეროდრომის დაცვაში საქართველოს 25 მოქალქე მუშაობდა. მათგან 5-ს არ გააჩნდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ამის გამო ისინი მიიყვანეს საიმიგრაციო სამსახურში და იმედი გვაქვს, რომ კვირას მათ გაათავისუფლებენო...
ბერდია ბექაური
​13 ივნისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა ერაყში შექმნილი ვითარება განიხილეს. ჯოზეფ ბაიდენმა ნური ალ-მალიკის განუცხადა, რომ აშშ მზად არის დააჩქაროს ერაყისთვის დახმარების გაწევა სტრატეგიული ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით 12 მილიონ 800 ათასი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის ერაყში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქებზე, მოსულსა და თიქრითზე, ამ პროვინციებს მასობრივად ტოვებენ ადამიანები, რომლებიც ექსტრემისტების შურისძიებას გაურბიან:

„ო, ღმერთო, აქ საშინელი ვითარებაა, დაგვენგრა ნორმალური ცხოვრება. ჩვენი ბედი გაურკვეველია ამ რელიგიური დაპირისპირების გამო. ჩვენ თურქმენები ვართ და გვეშინია, რომ მიზანში ამოგვიღებენ. ამიტომ მივატოვეთ სახლები და აქ წამოვედით“.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მებრძოლებმა პროვინცია ნაივანაში მძევლად აიყვანეს საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც მოსულში მდებარე ერაყული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობდნენ. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრესსამდივნოზე დაყრდნობით. თუმცა ამ ფაქტს არ ადასტურებს ერაყში საქართველოს კონსული ბერდია ბექაური. „ქალაქ მოსულის აეროდრომის დაცვაში საქართველოს 25 მოქალქე მუშაობდა. მათგან 5-ს არ გააჩნდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ამის გამო ისინი მიიყვანეს საიმიგრაციო სამსახურში და იმედი გვაქვს, რომ კვირას მათ გაათავისუფლებენო“, - უთხრა ქართველმა დიპლომატმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ერაყში განვითარებული მოვლენები საქართველოსათვის კიდევ ერთი პიროვნების გამო შეიძლება იყოს განსაკუთრებით საყურადღებო. როდესაც ისლამისტებმა ქალაქი მოსული დაიპყრეს, ინგლისურენოვანმა საინტერნეტო გამოცემა „ინტერნეიშენალ ბიზნეს ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი, რომელზეც ექსტრემისტების მიერ ნადავლად ჩაგდებული ამერიკული ჯავშანმანქანების, „ჰამვების“ სალონში ჩანს საქართველოს მოქალაქე, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ალ შიშანი, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერია.

ცნობილია, რომ მოსულში გამოჩენამდე ალ შიშანმა თავი გაითქვა, როგორც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მეომარი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი რაზმის გაბედულმა, მაგრამ ძალიან სასტიკმა მეთაურმა. თარხან ბათირაშვილის რაზმი ექსტრემისტულ ნორმებს აწესებს სირიის იმ არეალებში, რომელთაც ის აკონტროლებს, ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს და აკავებს აქტივისტებსო, - წერდა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ავტორიტეტული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ვრცელ სტატიაში.
თუმცა, მისი მეგობრების თქმით, თარხანის ბედი შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარებულიყო, რომ არა ბედის უკუღმართობა, რამაც ერთ დროს ძალიან უნარიანი და მამაცი ჯარისკაცი ჯერ ციხის კარამდე მიიყვანა, შემდეგ კი სამოქალაქო ომში ჩაძირულ შორეულ სირიაში ჩასვლისაკენ უბიძგა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG