Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო ახალი მინისტრით და გამოსაძიებელი საქმით


ახალი მინისტრების წარდგენა. (მარცხნიდან) გიორგი კვირიკაშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ლევან იზორია

ახალი მინისტრების წარდგენა. (მარცხნიდან) გიორგი კვირიკაშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ლევან იზორია

თავდაცვის ახალი მინისტრი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. სამინისტროში ლევან იზორია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მიაცილა, მას წინამორბედი მინისტრი თინა ხიდაშელი არ დახვედრია. თინა ხიდაშელი უშიშროების სფეროს ყოფილი წარმომადგენლის, ლევან იზორიას, თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხოლოდ კრიტიკით გამოეხმაურა. თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღის ფონია, ასევე, ჯერჯერობით ოფიციალურად გამოუძიებელი, მაგრამ მედიით გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ წარსულში თავდაცვის საიდუმლო ბაზებთან წვდომა ჰქონდა არაუფლებამოსილ პირს. როგორ შეიძლება აისახოს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწაფებებზე თავდაცვის სამინისტროს გარშემო და თვით სამინისტროში არსებული ვითარება?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილელევან იზორია, მისი სიტყვებით, თავდაცვის სამინისტროში „საღი გონების პოლიტიკის“ განხორციელებას გეგმავს, თუმცა მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე ხელისუფლების შეცდომად და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში გაუმართლებელ გადაწყვეტილებად მიაჩნია თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს. მის აზრს იზიარებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.

„არ შეიძლება სუსი დაასვა თავზე ჯარს. პირდაპირ რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, ეს ძალიან სამწუხაროა. ამ ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება თავდაცვის სამინისტროში, როცა უშიშროება ანაცვლებს მინისტრს. ეს არის იმ პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც ნატოს მიერაა აღიარებული. თავდაცვის მინისტრი პრაქტიკულად ყველა ცივილიზებულ ნატოს წევრ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული პოლიტიკოსები“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებს ახალი მინისტრის მისამართით ინსტიტუტების შეურაცხყოფად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, საერთოდ, არაადეკვატური უწოდა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის კომენტარებს:

„ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო, სამწუხაროდ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“.

თავდაცვის ახალი მინისტრის შეფასებისას სამხედრო მიმომხილველი გიორგი ცხვიტავა ორ საკითხზე სვამს აქცენტს - გარემოება და ვადა, რომლითაც ლევან იზორია მინისტრად იმუშავებს:

„სამწუხაროდ, მანკიერი თვისებაა საქართველოს უახლეს ისტორიაში ის, რომ როცა იცვლება ერთი მინისტრი, მასთან ერთად იცვლება მთელი გუნდი, ეს კი აცარიელებს და პირდაპირ ზიანს აყენებს კონკრეტულ უწყებას - არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება თავდაცვა თუ ნებისმიერი სხვა“.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობენ ლევან იზორიაზე მეტი გამოცდილების კადრები, რომელთაც თავდაცვის სისტემაში უმუშავიათ,ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა, თუნდაც, ნატოში ინტეგრაციის კუთხით და, შესაბამისად, გიორგი მუჩაიძის აზრით, უკეთესი იქნებოდა პოლიტიკური წონის მქონე ფიგურა დანიშნულიყო:

„მის [ლევან იზორიას] საქმიანობას თუ გადავხედავთ წინა უწყებაში, სადაც იგი მოღვაწეობდა, ეს უწყება, უსაფრთხოების სამსახური, არის ყველაზე გაუმჭვირვალე, დემოკრატიულ კონტროლს ნაკლებად დაქვემდებარებული უწყება და მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“.

თავდაცვის მინისტრის შეცვლის პარალელურად, გიორგი მუჩაიძე იმაზეც ლაპარაკობს, თუ რა გავლენა ექნება ნატოელი პარტნიორების თვალში იმ ცნობებს, რომლის თაობაზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ბაზებზე არაუფლებამოსილი პირის წვდომის საკითხს. გიორგი მუჩაიძის სიტყვებით, თუ საქართველო შიდა განაწესს ვერ აღასრულებს საიდუმლოების დაცვის კუთხით, მაშინ ნატოელი პარტნიორების მხრიდანაც ნდობა დაიკარგება.

ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა უწყებაში. კვირიკაშვილის თქმით, ეს არის შემთხვევა, რაღაცას რომ დაგაბრალებენ და შემდეგ თავი უნდა იმართლო:

„მე მქონდა საუბარი გენერალურ პროკურორთან. პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია. რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ. საზოგადოების შეკითხვებს პასუხს გავცემთ, მაგრამ, მე როგორც მეჩვენება, ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ. იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე, ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

საქმის გარემოებებში გარკვევა ახლა დაიწყო მთავარმა პროკურატურამ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, ინფორმაციით, პროკურატურას აქამდეც ჰქონდა სამინისტროსგან გადაგზავნილი ცნობები, საქმის გამოძიების მოთხოვნით, რასაც პროკურატურა უარყოფს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG