Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე


თავდაცვის სამინისტროს მიერ შაბათს, 20 დეკემბერს, გავრცელებული განცხადება, რომლითაც უწყება უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის ფაქტს ეხმაურებოდა, მისივე შინაარსის გამო ატეხილი ხმაურის შემდეგ ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა. თავდაცვის სამინისტრო ქართველი მეომრის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებდა. მას შემდეგ, რაც განცხადების შინაარსს ჯერ აღშფოთებული საზოგადოების კომენტარები, შემდეგ ოპოზიციისა და უმრავლესობის ნაწილის კრიტიკული შეფასებები, საპროტესტო აქცია და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა, განცხადება წაშალეს, მინისტრის მოადგილემ კი, ლევან ღირსიაშვილმა, უწყების სახელით ბოდიში მოიხადა. თავად თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გააუკეთებია. ოპოზიცია მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი და მთლიანად უწყების ხელმძღვანელობა თავიანთივე სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გასცნობია. „ტექნიკური შეცდომა“ - ასე შეაფასა მან მომხდარი და სამინისტროს სახელით ბოდიშიც მოიხადა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა, ეწერა: "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აჰყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში". 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

ეს განცხადება მეც არ მომეწონა და მიმაჩნია, რომ ამ შინაარსის პოლიტიკური განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თვითონ ვესაუბრე მინისტრს და ის თავადაც შეწუხებულია ამ ამბის გამო...
ირაკლი ღარიბაშვილი

„უპასუხისმგებლო, უხეში, არაპოლიტკორექტული, შეურაცხმყოფელი“ - ეს შეფასებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. განცხადების ტექსტი დაგმეს როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაშიც, თუმცა განცხადება სამინისტროს ვებსაიტიდან მას შემდეგ გაქრა და სამინისტრომაც მას შემდეგ მოიბოდიშა, რაც მათ ამისაკენ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა:

„ეს განცხადება მეც არ მომეწონა და მიმაჩნია, რომ ამ შინაარსის პოლიტიკური განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თვითონ ვესაუბრე მინისტრს და ის თავადაც შეწუხებულია ამ ამბის გამო. აქვე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ მას. ეს იყო ემოციური განცხადება, თუმცა მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ ვითარებაში დრამატიზებას ნუ მოახდენთ სიტუაციის, შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეულები, შცდომას კი აღიარება და ბოდიშის მოხდა სჭირდება. ასე რომ, მე მიმაჩნია, რომ მინისტრი ამას გააკეთებს“.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, უსიამოვნოა, როდესაც მთელი ქვეყანა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ერთიანდება. მარგველაშვილის განცხადებით, უმჯობესია ადამიანებს მიეცეთ თავიანთი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“.

ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარს, რომელიც ბრძოლაში იღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებითა და პატივით უნდა მოვეპყროთ და ვიგლოვოთ ის ღირსეულად...
ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, - უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო ჯერ თავად უნდა გაერკვეს, რატომ გავრცელდა მისი სახელით ასეთი განცხადება:

„ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარს, რომელიც ბრძოლაში იღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებითა და პატივით უნდა მოვეპყროთ და ვიგლოვოთ ის ღირსეულად. ამ კუთხით რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რა მოხდა შიგნით, უწყებაში, რატომ გავრცელდა ასეთი განცხადება“.

თავდაცვის მინისტრის გადაყენება უკვე მოითხოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. გიგა ბოკერიამ მომხდარს „პოლიტიკური ნაძირლობა“ უწოდა. „ნაციონალები“ აცხადებენ,რომ ეს განცხადება მომზადდა არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ მთავრობის კანცელარიაში:

„ეს განცხადება კრემლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ გაკეთდა - ღარიბაშვილს დღემდე არ განუმარტავს, თუ რა პოზიცია აქვს მას იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინის თავისუფლებისა და საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძვიან უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ასე რომ, მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობებზე დატოვება არის ღიად დადასტურება იმისა, რაც ისედაც ვიცით - რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი არიან ავტორები კრემლის დავალებით გაკეთებული ამ განცხადებისა“.

ეს არ იქნება შესატყვისი იმისა, რაც მოხდა. ეს შიდაუწყებრივი პრობლემაა, რადგან განცხადება შეუთანხმებლად გავრცელდა, რისთვისაც უწყებამ ბოდიში უკვე მოიხადა...
ეკა ბესელია

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე აზრი გაიყო საპარლამენტო უმრავლესობაში. „თავდაცვის სამინისტრო შეცდა, თუმცა ამისათვის ბოდიში მოიხადა“, - აცხადებსსაკითხის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და არაეთიკურად მიიჩნევს, მისივე სიტყვებით, იმ „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების“ განცხადებებს, რომლებიც შექმნილი ვითარებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ. მინისტრის გადადგომა სწორად არ მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს ეკა ბესელიას:

„ეს არ იქნება შესატყვისი იმისა, რაც მოხდა. ეს შიდაუწყებრივი პრობლემაა, რადგან განცხადება შეუთანხმებლად გავრცელდა, რისთვისაც უწყებამ ბოდიში უკვე მოიხადა“.

„ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება“ - ეს კი რესპუბლიკელ“ დავით ზურაბიშვილის შეფასებაა. რესპუბლიკელების კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, თავდაცვის მინისტრის პარლამენტის წინაშე განმარტებით წარდგომა მოითხოვა.

22 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის თანახმად, უკრაინაში მებრძოლი მეომრების სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სტატუსს. საგანგებო პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, ხელისუფლებას მოუწოდა ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების მიმართ და უზრუნველყოს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი სოციალური გარანტიები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG