Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ქაბულში, თავდასხმა ავღანეთის მომავალზე


სულ მცირე 12 ადამიანი - მათ შორის 7 სტუდენტი - ემსხვერპლა თავდასხმას, რომელიც შეიარაღებული მოიერიშეების მხრიდან 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის შენობაზე. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი დაჯგუფება დგას ქაბულში მომხდარი ამ თავდასხმის უკან. დაჯგუფება თალიბანმა ბოლო ხანებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა მის მიერ მთავრობის წინააღმდეგ გამოცხადებული საზაფხულო იერიშების კამპანია.

ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმას 24 აგვისტოს საღამოს წინ უძღოდა დანაღმული ავტომობილის აფეთქება და შემდეგ შტურმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ეს არის ერთგვარი ხელწერა, რომელსაც სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტების შტურმისას იყენებენ თალიბანისა თუ სხვა ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები. უნივერსიტეტის კედელთან აფეთქებამ წარმოქმნა ხვრელი, საიდანაც შეიარაღებული პირები უნივერსიტეტის შენობაში სროლით შეიჭრნენ. თავდასხმის განმავლობაში ასობით სტუდენტი და პედაგოგი აღმოჩნდა მომწყვდეული შენობაში.

უნივერსიტეტის შიგნით იმყოფებოდა სტუდენტი რომან დეჰსაბზვალი, რომელმაც რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ასე აღუწერა ვითარება თავდასხმის დროს:

„პირველად იყო ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა, რის გამოც ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, შემდეგ კი სროლა დაიწყო. სროლისას ერთი ჩემი მეგობარი დაიჭრა“.

ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომელთაც აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ, უნივერსიტეტს ალყა შემოარტყეს და შემდეგ შენობაში შევიდნენ. ათსაათიანი სამხედრო ოპერაცია 25 აგვისტოს დილით ორი თავდამსხმელის განადგურებით დასრულდა, თუმცა ქაბულის პოლიციის უფროსის, აბდულ რაჰმან რაჰიმის, ცნობით, სროლის დროს პოლიციის სამი და უსაფრთხოების ძალების ორი წარმომადგენელი დაიღუპა, დაშავდა პოლიციის 9 თანამშრომელი და 35 სტუდენტი. მათ შორის უცხოეთიდან არავინ არის.

ჩრდილოეთ ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია, სადაც ამჟამად 1700 სტუდენტი სწავლობს.

„საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმა და მიზანში საჯარო დაწესებულებებისა თუ სამოქალაქო ობიექტების ამოღება არათუ ვერ შეარყევს ჩვენს რწმენას, არამედ უფრო გაგვაძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, რომელმაც მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მოიერიშეების ქმედებას უწოდა „თავდასხმა ავღანეთის მომავალზე“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი დაჯგუფება დგას ქაბულში მომხდარი ამ თავდასხმის უკან. გავრცელებული ინფორმაციებით, თალიბანმა ბოლო ხანებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა მის მიერ მთავრობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის საზაფხულო კამპანია.

ორი კვირით ადრე ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ერთი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი მასწავლებელი, რომელთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG