Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმას ნიცაში საფრანგეთის ხელისუფლებამ „ტერაქტი“ უწოდა


საფრანგეთის ხელისუფლებამ კიდევ სამი თვით გააგრძელა ქვეყანაში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტმა „აშკარა ტერაქტი უწოდა“. 14 ივლისს, როდესაც ფრანგულ საკურორტო ქალაქ ნიცაში საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს, „ბასტილიის აღების დღეს“, ზეიმობდნენ, სულ მცირე, 84 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად.

გადმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ დუმს, ადგილობრივმა მედიამ უკვე დაასახელა 14 ივლისის ღამით ნიცაში მოწყობილი თავდასხმის ავტორის ვინაობა. ეჭვმიტანილის სახელია მოჰამედ ლაჰუაია ბოუჰლელი - ასე მოიხსენიებს გაზეთი „ნის მატანი“ ტუნისში დაბადებულ 31 წლის საფრანგეთის მოქალაქეს. თავდამსხმელმა, რომელიც დიდი სატვირთო მანქანის საჭესთან იჯდა, ქალაქ ნიცის მერის, ქრისტიან ესტორის, ინფორმაციით, ჯერ დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაატაკა პრომენად დეს ანგლეს ბულვარში „ბასტილიის დაცემის დღის“ აღსანიშნავად შეკრებილ ადამიანებს, შემდეგ კი მანქანიდან სროლა აუტეხა გაქცეულ ხალხს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 84 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც 15 ივლისს მთავრობის წევრებთან ერთად ჩაფრინდა ნიცაში, მომხდარ ტრაგედიას „უეჭველი ტერაქტი“ უწოდა და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა:

“საფრანგეთი შეძრულია ამ ახალი ტრაგედიით. ქვეყანა შეძრწუნებულია იმით, რაც მოხდა. ეს საზარელი დანაშაული თავის თავში მოიცავს სატვირთოს გამოყენებას სიკვდილისათვის, ათობით იმ ადამიანის განზრახ მკვლელობისათვის, რომლებიც იქ იყვნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ეზეიმათ 14 ივლისი (ბასტილიის აღების დღე). საფრანგეთი გლოვობს, ის შეძრულია, მაგრამ საფრანგეთი არის ძლიერი და მე გპირდებით, რომ იგი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის ფანატიკოსები, რომლებმაც დღეს მასზე თავდასხმა განიზრახეს“.

ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი

ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, 15 ივლისის დილით, საფრანგეთის პრეზიდენტმა სასწრაფოდ შეკრიბა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები და კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა შარშან ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ შემოიღო და რომლის გაუქმებასაც ოლანდი ივლისის ბოლოს აპირებდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ნიცაში ჩაფრინდა, სადაც მოინახულა ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც დაშავებულ ადამიანებს მკურნალობენ. მათ რიცხვში ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სულ მცირე, 50 ბავშვი.

14 ივლისის თავდასხმის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. გვამების შესწავლის შემდეგ დაღუპულთა შორის ორი ამერიკელი, ორი სომეხი, ერთი რუსი და ერთი უკრაინელი აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 84-ია. მათ შორის ბავშვებიც არიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნიცაში საზაფხულო ტურისტული სეზონი თავის პიკშია, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, პიერ-ჰენრი ბრანდეტის, თქმით, თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებულია ასობით ადამიანი, რომელთაგან 18-ის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ნიცაში 14 ივლისს დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. საფრანგეთის ხალხსა და ხელისუფლებას მიუსამძიმრეს აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის ყველა ქვეყნის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდასხმას ნიცაში უწოდა „საზარელი ტერაქტი“ და განაცხადა, რომ ამ მძიმე წუთებში აშშ ბოლომდე მხარში უდგას თავის უძველეს მოკავშირესა და პარტნიორს, საფრანგეთს, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს ტერაქტს და მოიშუშოს ტერაქტით მიყენებული ჭრილობები“.

საფრანგეთის პოლიცია კი აგრძელებს ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებას. სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც თავდამსხმელმა ადამიანებს დაატაკა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა. ტერაქტის დროს რამდენიმე ადამიანი სწორედ ტყვიამ იმსხვერპლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG