Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში ჯარისკაცმა ლუვრთან დაჭრა დანით შეიარაღებული პირი


პოლიციის თანამშრომლები ლუვრთან
პოლიციის თანამშრომლები ლუვრთან

პარიზში ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილ მუზეუმში, ლუვრში, შეჭრას ცდილობდა. ცნობების თანახმად, შეიარაღებული პირი „ალაჰ აკბარს“ იძახდა, რაც მუსლიმებისთვის ღმერთის სადიდებელი არაბული ფრაზაა.

პარიზის პოლიციის უფროსის, მიშელ კადოს, განცხადებით, მამაკაცს, რომელიც ფრანგმა ჯარისკაცმა მძიმედ დაჭრა, ხელში მაჩეტე ეჭირა და თან ჰქონდა ორი ზურგჩანთა. „თავდამსხმელი, რომელიც მაჩეტეთი იყო შეიარაღებული - შესაძლოა, კიდევ ერთი იარაღითაც - და ზურგჩანთა ეკიდა, მივარდა პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც იქ პატრულირებდნენ და დაიწყო ყვირილი, მუქარა, მათ შორის „ალაჰ აქბარის“ ძახილი“, - უთხრა ჟურნალისტებს პარიზის პოლიციის უფროსმა. მისივე თქმით, ჯარისკაცი, რომელსაც თავს დაესხნენ, თავის არეშია დაჭრილი, ცნობების თანახმად, მსუბუქად. მის გვერდით მდგომმა სამხედრო პირმა კი ხუთჯერ გაისროლა და მძიმედ დაჭრა თავდამსხმელი. მის ზურგჩანთებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა.

გადმოწერა

ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა, მაგრამ დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, პოლიციის უფროსის ცნობით, „საეჭვო ქცევის“ გამო. დაწყებულია გამოძიება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა, ცნება „ტერორისტული“ გამოიყენა მომხდარზე გამოხმაურებისას. „ოფიცერს, რომელსაც ლუვრის მუზეუმის უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა, სხვების თვალწინ თავს დაესხნენ. თავდასხმის ეს მცდელობა, თავისი ხასიათით, ტერორისტული იყო“, - განაცხადა ბერნარ კაზნევმა მას შემდეგ, რაც მას საფრანგეთის ქალაქ ბაიოში ვიზიტისას შეატყობინეს პარიზში მომხდარი ამბავი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში „სერიოზულ“ ინციდენტზე საუბრობს. სამინისტროს წარმომადგენელს არაფერი უთქვამს თავდამსხმელის ვინაობასა და ეროვნებაზე.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, დანით შეიარაღებული პირი ცდილობდა ლუვრის მიწისქვეშა სართულზე, მუზეუმის მაღაზიაში შესვლას. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა საფრანგეთში სამ თვეზე ნაკლები რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე და წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემებს სწორედ უსაფრთხოება და ტერორიზმისაგან თავის დაცვა მიეკუთვნება.

არჩევნებამდე და მათ შემდეგაც ჯარისკაცები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ პატრულირებას პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. 2015 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საფრანგეთში რამდენიმე სისხლისმღვრელი თავდასხმა მოეწყო. მათ შორის, მოკლული იქნა 17 ადამიანი პარიზში - სატირულ გაზეთ „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაში; იყო თავდასხმა, ასევე პარიზში, საკონცერტო დარბაზსა და რესტორნებზე, სადაც ექსტრემისტებმა 130 ადამიანი დახოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG