Accessibility links

logo-print

სტრატეგიულად მიმოხილული საქართველოს თავდაცვის გამოწვევები


ქართველი ჯარისკაცები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე

ქართველი ჯარისკაცები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე

სამხედრო აღლუმისა და ამაღლებული სადღესასწაულო განწყობის გარდა, 26 მაისს საქართველო ახალი სტრატეგიული სამხედრო დოკუმენტით შეხვდა. კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების აპარატის ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავებულ "თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას“, რომლის თანახმად, უახლოეს სამ წელიწადში საქართველოს მთავარ პრობლემად კვლავ რჩება რუსეთი, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობა და კიბერუსაფრთხოება. როგორ და რა ძალებით აპირებს საქართველო პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებას?

საქართველოს ახალი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ერთგულია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ აღებული კურსისა. ეს მისწრაფება, თავის მხრივ, მიუღებელია რუსეთის ფედერაციისათვის, რაც ზრდის სამომავლო საფრთხეს, - ნათქვამია “თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში”, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო და საბოლოო სახე მხოლოდ გასულ კვირას მიეცა.
გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა, თუმცა საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა რუსეთის მიმართ და მხარეებს შორის 2012 წლის დეკემბერში დაწყებული კონსულტაციები აჩენს გარკვეული პოზიტიური შედეგების მოლოდინს...

ამ დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვნად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრს თეონა აქუბარდიას, თუმცა, ექსპერტის აზრით, კარგი იქნებოდა დაზუსტებულიყო, რა სახის საფრთხეზეა საუბარი და როგორ აპირებს საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებას.

თუმცა “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის” ერთი პუნქტი შესაძლოა იძლეოდეს გარკვეულ მინიშნებას იმაზე, თუ რატომ მოერიდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან მომდინარე საფრთხის დეტალიზებას.

“გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა, თუმცა საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა რუსეთის მიმართ და მხარეებს შორის 2012 წლის დეკემბერში დაწყებული კონსულტაციები აჩენს გარკვეული პოზიტიური შედეგების მოლოდინს”, - ნათქვამია “სტრატეგიულ მიმოხილვაში”.

დოკუმენტში ვერსად ნახავთ გამოთქმას “ტოტალური თავდაცვა”, რასაც საქართველოს პრეზიდენტი მთავარ სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. ახალი ხელისუფლება ასეთ “საფრთხობელა ტერმინებს” არც შიდა და არც გარე მოხმარებისათვის აღარ იყენებს. ამის ნაცვლად “თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტი” უპირატესობას ანიჭებს თავდაცვითი შესაძლებლობების ოპტიმიზაციას, თავდაცვითი მრეწველობის განვითარებას, 2016 წლისათვის არმიის მთლიანად პროფესიულ რელსებზე გადასვლას და მრავალკომპონენტიანი სარეზერვო სისტემის კონცეფციის შემუშავებას. ინოვაციაა შეიარაღებულ ძალებში აღდგენა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოპერატიული მიმართულებებისა, რაც 2005 წლამდე არსებობდა და რომლის გაუქმებითაც, თეონა აქუბარდიას აზრით, წინა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

“ამ ნოვაციის გარდა, მომავალ წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილია მისი მთავარი მმართველი რგოლის - გაერთიანებული შტაბის - გენერალურ შტაბად გარდაქმნა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს. ამით ხდება დაბრუნება თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

იმ სტრუქტურასთან, რომელიც 2005 წლამდე არსებობდა. რეალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ძალიან პრეტენზიულად ჟღერს იმ ფონზე, როდესაც არმიას ჩამოაშორეს საზღვაო ძალები და, ნაწილობრივ, სამხედრო-საჰაერო ძალებიც“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

კიდევ ერთი სიახლეა გაერთიანებულ შტაბში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს გაუქმებული ჟ5-I დეპარტამენტის აღდგენა, ოღონდ ოდნავ სახეცვლილი და გაზრდილი ფუნქციით. ახალი ჟ5/9 დეპარტამენტი განახორციელებს სტრატეგიულ/ოპერატიულ დაგეგმვას, შესაბამისი დოქტრინებისა და კონცეფციების შემუშავებას და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კოორდინაციას.

საერთოდ, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა “თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში”. “მიმოხილვის” ობიექტზე მუშაობისას სამხედრო უწყებამ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით არიან დაინტერესებულნი. თუმცა თეონა აქუბარდია გაკვირვებულია იმით, რომ “თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში” არათუ ექსპერტების მოსაზრება არ იქნა გაზიარებული, არამედ პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი რიგ საკითხებში აბსოლუტურად განსხვავდება თავდაპირველი რედაქციისაგან.

ახლა სამოქალაქო სექტორი უნდა დაელოდოს 2016 წელს, როდესაც საქართველოში “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის” ახალ დოკუმენტზე დაიწყება მუშაობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG