Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული  პოლიტიკური  პარტიები  და  იდეოლოგია


ავტორი: აკაკი რუსიშვილი

საქართველოში ორ ასეულზე მეტი გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე პარტიული გაერთიანება არსებობს. საქართველოს ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანას უფრო წაადგებოდა, განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან სამი ძლიერი პარტია რომ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ვინაიდან იდეოლოგიათა ჭიდილში საზოგადოებას უკეთ მიეცემოდა სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საქართველოში დღეს მოღვაწე არც ერთი პოლიტიკური პარტია ძირითად აქცენტს სოციალური საკითხების მოგვარებაზე არ აკეთებს. ისინი გაურბიან მემარცხენე ხასიათის რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მსჯელობას, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბი ან ღატაკია. რაც მემარცხენე ორიენტაციის მქონე პარტიას უქმნის წინაპირობას, ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად. მემარცხენე ორიენტაციის პარტიის არსებობა ქვეყანაში არ ნიშნავს კომუნიზმის დაბრუნებას ან მარქსიზმის ფანატიკურ პროპაგანდას. მემარცხენე ორიენტაციის პარტიები მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში დღესაც საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს.

საქართველო უავტორიტეტო ლეიბორისტული პარტიის «იმედზეა» დარჩენილი, რომელსაც, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გააჩნია. საერთოდაც, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც გამარჯვების მიღწევა სურს, უნდა იცოდეს საზოგადოების განწყობა და მათ ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მემარჯვენე-ლიბერალური პარტიების არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის ცუდია. არა, რა თქმა უნდა. ამ უკანასკნელის არსებობა კარგიც კია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ელექტორატი არ არის მასობრივი, ვინაიდან ისინი ჩვენს ქვეყანაში მცირე ჯგუფს წარმოადგენენ.

ინგლისელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკოსის ედმუნდ ბერკის განმარტება პარტიის რაობაზე: „ადამიანთა ერთობა შექმნილი საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე მიმართული რაიმე პრინციპების ცხოვრებაში გასატარებლად“ კარგად აჩვენებს იდეოლოგიის მნიშვნელობას პარტიის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ძნელია თქმა რატომ არ ასრულებს იდეოლოგია განმსაზღვრელ როლს ქართული პარტიების შემთხვევაში. არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში პარტიათა ინსტიტუციურ სახესა და დონეზე. ამ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია პოლიტიკური კულტურა, განათლების დონე, პოლიტიკური რეჟიმის ტიპი და სხვა.

პარტიების უმეტესობა იქმნებოდა ქარიზმატული პიროვნების გარშემო. ამის კარგი მაგალითია სახელისუფლებო პარტიები „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ამ ტენდენციას არც ოპოზიციური პარტიები ჩამორჩებიან რომელთაც ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულან. ამიტომ ქართული პოლიტიკური პარტიები კვლავ პერსონიფიცირებულია და ლიდერზე, მის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. პარტიის წევრობა იდეოლოგიური კუთვნილების ნაცვლად, უფრო მეტად, დამოკიდებულია ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პირად მიზნებზე და შეხედულებებზე.

პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე, როგორც პარტიის წევრების ისე მოქალაქეების დიდად განაპირობებს პარტიების ინსტიტუციონალურ და იდეოლოგიურ სისუსტეს. საზოგადოების განათლების დონე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ კულტურასთან და ზოგადად ინსტიტუციურ განვითარებასთან. იმ პირობებში როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურმემარჯვენეობა-მემარცხენეობას ვერ ანსხვავებს ძნელია ისაუბრო რაიმე იდეოლოგიური ნიშის დამკვიდრებაზე საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მიერ. იდეოლოგიის გაუფერულების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აპათია, ზოგადად, პოლიტიკური პროცესის და მასში ჩართული აქტორების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადეობა ერთი შეხედვით პოლიტიზირებულია საკმაოდ მაღალი ხარისხით, არ ნიშნავს იმას რომ იგი სათანადოდ (რაციონალურად) აფასებს პროცესებს. თუ კარგად დავაკვირდებით საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას ფლობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

სამწუხაროდ საქართველოში პარტიები ჯერ კიდევ სუსტია. ისინი იქმნებიან მარტივად, ქაოსურად და სწრაფად იშლებიან. ამის მიზეზია ის რომ მათ უმეტესობა იდეოლოგიის საფუძველზე არ იქმნება, პარტია ნაკლებად ზრუნავს თავისი იდეების პროპაგანდაზე. სწორედ იდეოლოგიის გაუფერულება იწვევს ერთ პიროვნებაზე ძლიერ დამოკიდებულებას და თუ პიროვნება დატოვებს პარტიას დიდი შანსია ეს პარტია დაიშალოს. ძლიერი პარტიული იდეოლოგიის და შესაბამისად იდენტობის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ლიდერების ცვლილება დროთა განმავლობაში და ეს არ აღიქმება ტრაგიკულ მოვლენად პარტიის ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში ლიდერები იცვლებიან იდეა კი უცვლელი რჩება.

იდეოლოგიური სახის გამოკვეთა არა მარტო პარტიებს წაადგება არამედ პირველ რიგში საზოგადოებას, რადგან მას ეცოდინება კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ კურსს და იდეათა სისტემას უჭერს მხარს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იდეოლოგია აუცილებელია პარტიისათვის განსაკუთრებით ქართულ რეალობაში. სწორედ იდეოლოგიის გაუფერულება შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თანამედროვე პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG