Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანეტი მიქელაძე

«მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს». ახლა შეიძლება ითქვას რომ უკვე «მკრეფს».

მივხვდი, რომ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, როდესაც სასწრაფოდ მჭირდებოდა რაღაცის ჩაწერა, ფურცელი და კალამი კი ხელთმქონდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვკიდე ხელი, მაგრამ წუთიერი «პრაბელი» მქონდა შინაგანად… ვერ გადავწყვიტე, რომელ მხარესაა ასო «შ», მარჯვინ «წ»–ა თუ მარცხნივ? დაბეჭდილში უფრო ნათლად ჩანს, რადგან «წ»–ს წაგრძელებული მუცელი აქვს, ჩემი ხელით ნაწერი «წ» კი უბრალოდ «შ» –ს ანარეკლია. ჩემს თავთან სასტიკად შემრცხვა და ამ ამბავს არც არსად ვყვებოდი.

გავიდა დრო და მეგობართან ჩამოვარდა საუბარი ჩვენი თაობის პრობლემებზე. დაუფიქრებლად მითხრა «ამას წინათ «ჯ» ვერ დავწერე და წუთები ვიხსენებდი ხელით «ჯ» როგორ იწერებაო». სიმართლეს გეტყვით გამიხარდა, რომ მარტო მე არ მქონია მსგავსი პრობლემა.

მაგრამ საერთოდ, არის ეს პრობლემა?

პატარა რომ ვიყავი, ძალიან მომწონდა მამაჩემის კალიგრაფია, ცოტათი წაქცეული და წაგრძელებული ასოებით წერდა. ვფიქრობდი «რომ გავიზრდები მეც ასე ლამაზად დავწერთქო», მაგრამ ამაშიც დედაჩემს დავემსგავსე და 8 წლის ბავშვს უკვე გამოცდილი ექიმის კალიგრაფია მქონდა. საოცრად განვიცდიდი ამას, რადგან დაწყებით კლასებში კალიგრაფიაშიც წერდნენ მასწავლებლები ქულებს. ხომ იცით როგორც ხდება, თავიდან იწყებ ნელა, თითქოს ლამაზად გამოგდის, მაგრამ შემდგომ გეჩქარება თემის დასრულება, იდეების ტალღა შემოგიტევს და ივიწყებ ასოების მართობას თუ უკუღმართობას. გაუგებარი, აკურატული, პატარა, მსხვილი, ლამაზი, მოქნილი… რამდენაირი ხელწერა არსებობს და ყველას საკუთარი გვაქვს. ჩამოყალიბებას იწყებს სადღაც 8–10 წლიდან და ყალიბდება სადღაც 20 წლის ასაკში, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ არსებობს კავშირი ადამიანის ხელწერასა და ხასიათს შორის: წერის დროს, ხელის მოძრაობას ტვინი აკონტროლებს, ამიტომ ის ფსიქიკურ ნაკვალევსაც ტოვებს.

გრაფოლოგიური (მეცნიერება რომელიც სწავლობს კავშირს ადმიანის ხასიათსა და წერას შორის) ანალიზისთვის აუცილებელია ტექსტი, მინიმუმ ოთხი წინადადება. რაც უფრო მეტია ნაწერი მით უკეთესი. მნიშვნელობა არ აქვს ფანქრით ნაწერი იქნება ეს თუ კალმით, მაგრამ ფანქრით უკეთესია, რადგან უფრო გამოჩნდება მახვილების მომენტები.

ინტერნეტ სივცერში გრაფოლოგიურ ნაშრომებზე ძირითადად შესწავლილი აქვთ ლათინური წარმოშობის დამწერლობები, მაგრამ მათ არ იციან ჩვენი «ჯ»–ს და «წ»ს ამბავი!!! მგონია რომ ჩვენი ანბანი ცალკე ფენომენია და ჩვენი დამწერლობაც პირდაპირ მოქმედებს, როგორც ჩვენს ფსიქოლოგიაზე ასევე ცხოვრების სტილზე, დამოკიდებულებებზე, აზრებზე, გრძნობებზე, მაგრამ შეიძლება ახლა არაობიექტური ვარ და ზედმეტად ჩემს ენაზე შეყვარებული ვწერ. დავუბრუნდეთ კითხვას, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ხელით წერა აღარ გვინდა? როდესაც ლექტორი/მასწავლებელი დაფაზე წერს დავალებას, სტუდენტი იღებს მობილურს და უღებს სურათს დაფას. როდესაც კონფერენცია ტარდება, ბლოკნოტის მაგივრად იღებ დიქტოფონს ან ისევ მობილურს და საუბარს იწერ. საყვარელ ადამიანს კონვერტში მოთავსებულ, მთელი გრძნობით დაწერილ წერილს კი არ უგზავნი, არამედ მესიჯს სწერ. ამას წინათ მეგობარი შემომტიროდა, «როგორ მინდა რომ წერილი გამომიგზავნოს ვინმემო, თუნდაც აუტდიტორიაში მესროლოს ვინმემ ფურცელის ნაკუწი». ერთი რამე მიხარია, ეს სტატია ხომ მაინც ქართული ასოებით დავწერე და ჩემს თაობასაც ურჩევნია ქართულად წერონ კომენტარები სოციალურ ქსელშიც კი. ასე მაინც არ დაგვავიწყდება «წ»!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG