Accessibility links

logo-print

„მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების"


ავტორი: ასტამურ ჯიხაშვილი​

უვიზო მიმოსვლის გამარტივებას მეც ველოდებოდი. ველოდებოდი მთელი გულით, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დიდი განსხვავება ჩემთვის არ იქნებოდა საკონსულოში მივიდოდი საბუთებით ხელში თუ აეროპორტში. ნებისმიერ შემთხვევაში მჭირდება ბეჭდებიანი ფურცლების მცირე დასტა იმისათვის, რომ აწ უკვე რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან დასავლეთისკენ ავფრინდე. მაგრამ მგონი მსუბუქი იმედგაცრუების დროს, მავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ - თავად პროცესი. პროცესი, რომლის დროსაც საქართველო ინსტიტუციურად უფრო დავარცხნილი ხდება. თანდათან, ზოგჯერ ზოზინით, მაგრამ მაინც უკეთესდება. ამ პროცესში სწორებას ვახდენთ ევროკავშირის ქვეყნებზე, მაგრამ ეს მატრაკვეცობა როდია. უბრალოდ, სხვა არავინ გვყავს მისაბაძი, მით უმეტეს ირგვლივ, ახლო სამეზობლოში. კავკასიონს იქით ისევ "ფოსტის პოვოსკები" დადის საუცხოო გზებზე, მგზავრებს გვერდებს რომ უგოგლიმოგლებს. დიდი ქვეყანაა, რა აღარ აქვთ: ოქრო ვაგონებით, ვერცხლი ეშელონებით, ნავთობი ტბებად და გაზი მიწისქვეშა ზღვებად. ტყეები ურიცხვი, მიწები უკიდეგანო. ყველაზე მეტი ვარსკვლავი მაგათ ცხრა სასაათო სარტყელად გადაჭიმულ ქვეყანას დასცქერის. მაგრამ ვერ ანათებს. განა მხოლოდ დღეს? საუკუნეებია. ადრე ქურქი გაჰქონდათ ევროპებში, დღეს - საწვავი. ილიას დროს შაქარს თუ იპარავდნენ კარადებიდან, თანამედროვე "დენშიკები" მძღოლებს აძრობენ ტყავს, ცხრავე სარტყელში.

ოცდახუთი წლის წინ, დიდი „ტკაც“-ის დროს ჩვენ გამოვბუნძულდით, დარეტიანებულები, მაგრამ თავისუფლები. ორი წლის წინ გიდად ვმუშაობდი, სულ რამდენიმე თვით. მინდა გითხრათ, რომ საუცხოო განცდაა, როცა შენს ქვეყანაში მასპინძელი ხარ და არა გუბერნიის ექსკურსიამძღოლი. მაგრამ შენს სახლში მასპინძელი ვერ დარჩები, როცა მეზობელი შენს ერთ ოთახს ფარეხად გამოიყენებს. დიდი არჩევანი არ გვაქვს. სულხან-საბა ჯერ ევროპას უკაკუნებდა. მაშინ დალოდების ფუფუნება არ გვქონდა, იმიტომ, რომ ჩვენც „გველოდებოდნენ“, ოღონდ სპარსეთი და ოსმალეთი. მაგრამ უცებ დარუბანდი ფართედ გაიღო და რუსეთმა ვიწრო გასასვლელით მთელი ამიერკავკასია ჩაყლაპა. სამწუხაროდ დღეს რუსეთია ჩვენთვის სპარსეთიც და ოსმალეთიც. სამაგიეროდ, ახლა დასალოდებლად დროც მეტი გვაქვს, ბოლოს და ბოლოს თანამედროვე მსოფლიო ჩალით არ არის დაფარული.

დაველოდოთ. დაველოდოთ და მანამდე კი ავტობუსის ბილეთები ურნებს დავუმიზნოთ. აივნებიდან ნაგავი მეზობლებს სახეში არ შევაყაროთ. ნურც პლიაჟზე დავტოვებთ სიმინდის ტაროებს. გვახსოვდეს, ხვალ ჩვენვე დაგვხვდება.

P. S. ჯერ დადიანების სასახლეში არ ვყოფილვარ, ჩემი თვალით არ მინახავს მეგრული გოთიკა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ეკატერინეს სასახლეს უზარმაზარი ქართული აივანი აქვს, ლაზური მოზაიკის ჭერით. ერთი სასახლეა ორი "იდენტობით", მაგრამ დგას, მყარად დგას და დაე კიდევ დიდ ხანს იდგეს!

დაველოდოთ და გვახსოვდეს: „მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG