Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოლიგარქიის რკინის კანონი“, დროებითი მოვლენა თუ ქართული პოლიტიკის ჩაკეტილი წრე?


ავტორი: დავით მაზმიშვილი​

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, 25 წელია ცდილობს იყოს ცივილიზებული სამყაროს თანასწორი წევრი. დიდი ხანი არაა, რაც იმპერიის მარწუხებიდან გლობალურ ,,ფერხულში“ ჩავებით, მაგრამ მუდმივად გვრჩება შეგრძნება იმისა, რომ უფრო ხშირად ერთ ადგილს ვტკეპნით. მინდა, ქართული პოლიტიკის ამ თავისებურებას რამდენადმე განსხვავებული კუთხით შევეხო, ვიდრე ამას რიგითი საუბრის დროს ვაკეთებთ ხოლმე.

გერმანელმა სოციოლოგმა რობერტ მიხელსმა წიგნში ,,პოლიტიკური პარტიები“ (1911) ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებაში ცნობილია ,,ოლიგარქიის რკინის კანონის“ სახელით. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის ორგანიზაცია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ექცევა რამდენიმე ადამიანის კონტროლქვეშ. მიხელსის აზრით, დემოკრატია ვერ აჩერებს მყარი ბიუროკრატიისკენ სწრაფვას და შედეგიც შესაბამისია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ამის მაგალითი მრავლად მოიპოვება, საზოგადოების რეაქცია კი ხშირად განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი უმთავრესად სამოქალაქო სივრცეში, მუდმივი რეფორმებია, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

ოლიგარქიულობისკენ სწრაფვას რამდენიმე მიზეზი აქვს: მექანიზებული - ეფექტური მართვის მოთხოვნა; ხალხის ფსიქოლოგია - ხელმძღვანელისადმი მორჩილების მოთხოვნა; ბიუროკრატების ფსიქოლოგია - მასების მართვის სურვილი. საკითხის მარტივი ფორმულირება რომ მოვახდინოთ, საქმე გვაქვს დისციპლინის სუსტ ფორმასთან, სადაც არასტაბილური წესრიგი მხოლოდ ინდივიდთა მცირე ჯგუფის ზედამხედველობით მყარდება. მართალია, განვითარებულ ქვეყნებს, ამ მხრივ, სხვაგვარი გამოცდილება აქვთ, თუმცა ,,მესამე სამყაროში“ ეს ბუნებრივი პროცესია.

ურიგო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენს საზოგადოებას მოკლე პოლიტიკური მეხსიერება აქვს. ეს არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ, ბუნებრივია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მრავალი პრობლემით დატვირთულს დღევანდელობით გვიწევს ცხოვრება. სწორედ ამის გამო ბარდება წარსულს არჩევნები, მისი მოლოდინი და თითოეული მათგანის მნიშვნელობა. არც ამაშია რაიმე არაბუნებრივი. ,,რკინის კანონის“ მიხედვით ეს შეგვიძლია ერთგვარ ჩაკეტილ წრედ წარმოვიდგინოთ.

ზემოთ მოყვანილი პრინციპის კრიტიკოსები მის პესიმისტურობას უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ დემოკრატიას საკმარისი რესურსები გააჩნია მის წინააღმდეგ. ისევ ქართული სახელმწიფოს მხრიდან თუ შევხედავთ, ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ განვითარების ეტაპზე მდგარი დემოკრატიული პოლიტიკური კურსი იძლევა. ხალხის ჩართულობა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, კვლავ გაიზარდა, იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ,,ახალი პარტიები“ (ახლადშექმნილი პარტიები, რომლებსაც არ აქვთ ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული). აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს მასში წვლილი, რათა მოხდეს ჩაკეტილი წრის გარღვევა.

ქართული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებას მოკლებული არ ვართ, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ამის გამო, ბიუროკრატიული სისტემა გარკვეულწილად დაუხვეწავია. უკვე დიდი ხანია, მინისტრობა საკმაოდ სწრაფწარმავალი თანამდებობაა, რასაც ვერ ვიტყვით კანონმდებლობით განსაზღვრულ უფრო ზედა ფენებზე. ეს ფაქტი თითქოს კიდევ ერთი იარაღია ,,ოლიგარქიულობასთან“ საბრძოლველად, თუმცა თუ თავს არ მოვიტყუებთ, მივხვდებით, რომ რეალურად არაფერი იცვლება. ხელისუფლებებს ამის ცდუნება მუდმივად აქვთ. პოლიტიკური ძალების ახალი სახეებით დაკომპლექტება, ელექტორატს, თავად სისტემაზე აზრს ვერ აცვლევინებს. ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება კი ფერხდება და საზოგადოება მუდმივად პოლიტიკური სისტემის ცვლის მოლოდინშია.

2012 წლის არჩევნები და მისი შედეგი მხოლოდ ცალკეული პიროვნებების მიმართ ანტიპათია არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უცხოურ მოდელებს იყენებს ადგილზე არსებულ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც მისი გახანგრძლივების შემთხვევაში ელიტიზირებას იწვევს. ეს კი თავისთავად დემოკრატიზაციის ერთსახოვნებასა და პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობაზე მეტყველებს.

ხელისუფლების მარგინალიზაცია, თუნდაც ის წმინდა დემოკრატიული გზით ყოფილიყო არჩეული არაერთხელ მომხდარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების მახასიათებელი მთავრობის უპირობო მორჩილება არ არის, ეს კი დემოკრატიის მოთხოვნილებას აორკეცებს. სხვაგვარად რთული წარმოსადგენია რევოლუციური მოძრაობა, რასაც საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლაც მოჰყვა.

გადამწყვეტ მომენტებში, როცა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებები მიმდინარეობს პოლიტიკური ძალები მუდმივად ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუნდაც გარეგნულად. ,,მონოლითური“ მდგომარეობის შენარჩუნება კი მუდმივად ჭირს, ვინაიდან მრავალპარტიული სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული, ხოლო ოლიგარქების მთავარი ,,მტერი“ - არჩევნები კი კონკრეტულ სახელისუფლებო ორგანოებს მუდმივად აიძულებს, დაუბრუნდნენ რეალობას.

საგულისხმოა შარლ ლუი დე მონტესკიეს შეხედულებაც ოლიგარქიისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით: ,,მმართველის ტირანია ოლიგარქიაში არ არის იმდენად საშიში საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, რამდენადაც მოქალაქეთა აპათია დემოკრატიაში“. სწორედ ეს არის მაცოცხლებელი წყარო იმ ნეგატივისა, რასაც ხელისუფლების ცენტრალიზაციის მახინჯ ფორმამდე მივყავართ. ქართული პოლიტიკისადმი გულგრილობა ჯერ კიდევ საწყის საფეხურებზე მდგარი დემოკრატიის ნიშანია, რაც გაურკვეველი დროით აძლევს ოლიგარქიულ ძალებს საშუალებას იყვნენ ,,რკინის კანონის“ უცილო შემოქმედნი.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ,,ოლიგარქიის რკინის კანონის“ ურთიერთკავშირზე, მაგრამ ამ უკანასკნელის, როგორც ფაქტის მუდმივ არსებობაზე დავა პოლიტიკის მეცნიერებაში, ალბათ, არასდროს შეწყდება. ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, ვფიქრობ, ჩაკეტილი წრის გარღვევას აუცილებლად შეძლებს და შედეგად დემოკრატიულ სახელმწიფოს მივიღებთ, სადაც ავტორიტარების ადგილი აღარ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG