Accessibility links

logo-print

ავტორი: ნანა მიქელაძე​

სხვის მაგივრად ხმის მიცემა, ახლობლის ხათრით შემოხაზული კანდიდატი, პირადობის სახლში დარჩენის მიუხედავად, არჩევნებზე დაშვებული ამომრჩეველი, მარკირების არმქონე ცერა თითი, კაბინაში ერთად შესული მეგობრები... ეს ადრე იყო, როცა საქართველოს, დემოკრატიულობის დეფინიცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა კარგად ნასწავლი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ქვეყანამ ისწავლა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისივე განვითარებისთვის. საქართველო იმასაც იაზრებს, რომ პროცესი ფორმალური არ უნდა იყოს და მნიშვნელოვანია მისი გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება.

თუმცა, ქვეყნისგან განსხვავებით მის მოქალაქეებს კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ჩვენ არ გაგვიაზრებია, რომ არჩევნების დღე იმიტომ კი არ გამოაცხადეს უქმედ, რომ სახლში დავრჩეთ და დასვენება შევირგოთ. პირიქით, მივიდეთ საარჩევნო უბანში და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ.

შესაძლებელია, ამომრჩეველთა პასიურობა წინა წლებში შექმნილი უნდობლობითაა გამოწვეული. კერძოდ, ხშირად ამა თუ იმ პარტიის გამარჯვების შემდეგ, დამარცხებული პარტია დარწმუნებით ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამომრჩეველთა ნაწილიც შეიძლება სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ მაინც, ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა მოქალაქეებზე და „მაინც გააყალბებენ“–ის მოლოდინით რწმენადაკარგული ხალხი ხმის მიცემაზეც უარს ამბობდა.

მიუხედავად რთული და იმედგაცრუებული წარსულისა, ამჟამინდელი მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია. ახლა მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ ძალისხმევა არ დაიშუროს და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის სურვილი გაუჩინოს. განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამომრჩევლებს - მათ, ვინც პირველად უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ახალგაზრდებისთვის ალბათ ცოტა ბუნდოვანია არჩევნების პროცესი. ალბათ, ვერ ვიაზრებთ რას ნიშნავს, როცა ტელევიზორებიდან მოგვიწოდებენ „თითოეული ხმა გადამწყვეტიაო“ და ვირტუალური ხმის პარალელურად ვფიქრობთ: „ჩემი ერთი ხმა რას მოამატებს ან დააკლებსო“. რამდენიმე წლის წინ შესაძლოა მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ იყო არაერთი ტრენინგი, შეხვედრა, კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი და დავრწმუნდი, რომ „ჩემი ერთი ხმა“ სინამდვილეში ერთზე მეტია.

ისტორიაში ამის დამადასტურებელი მაგალითებიც უხვად გვაქვს, მაგალითად:
1645 წელს, ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისის კონტროლი მოუტანა.
1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯა დაუჯდა.
1776 წელს ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა.
1839 წელს ერთმა ხმამ გადაწყვიტა მასაჩუსეტსის გუბერნატორად მარკუს ნორტონის
არჩევა.
1845 წელს, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის შტატების შემადგენლობაში შესვლა.
1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ანდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს.
1876 წელს, ერთი ხმით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტი.
1924 წელს ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი.
1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის მაჟორიტარული არჩევნები.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციული შეხვედრები შედეგის მომტანია. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ერთ ხმა ძალაა.

შესაბამისად, კარგი იქნება სკოლებშივე დაიწყოს მოსწავლეთა ინფორმირება. პირველ რიგში, ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ რა არის არჩევნები, რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რა კავშირი აქვს დემოკრატიულობასთან და დავანახოთ იმ „ერთი ხმის ძალა“.

შეიძლება, ახალგაზრდების პასიურობის მიზეზი არცოდნაა. მათ არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ საარჩევნო უბანში. რა გააკეთონ პირველ რიგში - კაბინაში შევიდნენ თუ ჯერ მარკირებას გაუკეთებენ? კონვერტი კაბინაში უნდა შეიტანონ თუ მერე მისცემენ? პირადობის გარდა დაბადების მოწმობაც ხომ არ არის საჭირო?

ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდას მსგავსი კითხვები აქვსდა „შეცდომის“ დაშვების შიშით უარს ამბობს ხმის მიცემაზე. ამ კითხვებზე პასუხები ახალბედა ამომრჩევლებს სახელმწიფომ უნდა გასცეს. აუხსნას საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპი და მომზადებული გაუშვას პირველ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

საუკეთესო შესაძლებლობაა იმიტირებული არჩევნების გამართვა ახალგაზრდების მონაწილეობით. ასე ისინი თავად იქნებიან რეგისტრატორები, ნაკადის მომწესრიგებლები, ან სულაც უბნის თავჯდომარეები. ამ როლური თამაშის შემდეგ, არჩევნების დღეს ნამდვილი კომისიის წევრებიც აღარ მოეჩვენებათ უცხოებად.

ახალგაზრდების გააქტიურების პარალელურად მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა. არაადაპტირებული გარემო არის მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები უარს ამბობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებაზე. ბევრ კიბეებიანი საარჩევნო უბანი ხშირად შშმ პირებს იძულებულს ხდის დარჩნენ სახლში და მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს ქვეყნის ბედი.

ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ გადასატანი ყუთი, მაგრამ ეს პრობლემას ბოლომდე მაინც ვერ გადაჭრის. სტანდარტების შესაბამისი პანდუსების არსებობა სურვილს გაუჩენს შშმ პირებს, რომ თავად მივიდნენ და დააფიქსირონ აზრი.

ადაპტირებულ გარემოში მხოლოდ სტანდარტული პანდუსები არ იგულისხმება. აუცილებელია საარჩევნო სისტემა ხელმისაწვდომი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის ან სმენის პრობლემები აქვთ.

აქედან გამომდინარე, ბიულეტენები უნდა დაიბეჭდოს ბრაილის შრიფტით, რათა შშმ პირმა დამოუკიდებლად შეძლოს აზრის დაფიქსირება და არ დასჭირდეს კანდიდატის სახელის ვინმესთვის ჩუმად ჩაჩურჩულება.

თითოეული მოქალაქის მიერ გააზრებული პასუხისმგებლობა და სრულყოფილი საარჩევნო გარემო, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა გაზრდილ აქტოვობასა და უკეთესი ხარისხის არჩევნებს ნიშნავს. უკეთესი არჩევნები კი ქვეყნის მიერ ჩაბარებული დემოკრატიის ტესტია. ასეთი ტესტი საქართველომ ერთხელ უკვე ჩააბარა. ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ დემოკრატიული ქვეყნის პასუხისმგებლობიანი და ძლიერი სამოქალაქო სექტორი. ამისთვის მარტივი რამაა საჭირო, მომზადება, სწავლა და გააზრება, რომ ერთი ხმა ძალაა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG